ნეიროგანვითარების ცენტრი საქართველოში ყველაზე მსხვილი სარეაბილიტაციო ცენტრია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი ყველა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამის მთავარი პროვაიდერია. ამჟამად, ცენტრი განვითარების ყველა ტიპის დარღვევების მქონე პაციენტებს მკურნალობს, იქნება ეს ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების შეფერხება, მეტყველების პრობლემები, ქცევითი თუ ფსიქიკური აშლილობები.
დაავადებების რიცხვი, სადაც მსგავსი ტიპის დარღვევები გვხვდება დიდია ‒ ბავშვთა ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის დარღვევები, ბავშვთა ემოციური და ქცევითი აშლილობები, ეპილეფსია, ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, ფსიქიატრიული აშლილობები და სხვა; შესაბამისად, მკურნალობა მიმდინარეობს მიზანზე ორიენტირებული პრინციპით ‒ თითოეულ პაციენტთან, მისთვის ინდივიდუალურად შედგენილი გეგმის მიხედვით მუშაობს სპეციალისტთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში, საჭიროების მიხედვით, შესაძლოა იყოს: ექიმი ნევროლოგი, ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ორთოზისტი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, ფსიქიატრი, ხელოვნების თერაპევტი, სპეცპედაგოგი ან სენსორული თერაპევტი.
ნეიროგანვითარების ცენტრი 1997 წელს დაარსდა ოთხი ახალგაზრდა ნევროლოგის მიერ, აწ გარდაცვლილი, ვანიკო ბოკერიას ხელმძღვანელობით. დაარსების დღიდან იგი ორიენტირებული იყო საბჭოთა სტერეოტიპული მიდგომების შეცვალასა და ნეირორეაბილიტაციის მოწინავე, დასავლური მიდგომების დანერგვაზე. მრავალი წლის განმავლობაში, აღნიშული რთული გზის გაკვალვაში დიდი წვლილი ეკატერინე არველაძეს, ცენტრის ხელმძღვანელს მიუძღვის, რომელიც ეტაპობრივად, თავის შესაძლებლობებსა და გამოცდილებას ნეიროგანვითარების ცენტრს ახმარდა. დასაწყისისთვის ბავშვთა ნევროლოგიისა და ეპილეპტოლოგიის მიმართულებით მუშაობდა, დისერტაციის დაცვისა და მედიცინის დოქტორობის შემდგომ კი, 2012 წლიდან, როგორც ცენტრის დირექტორი, ისე უძღვება საორგანიზაციო საქმეებსა და მენეჯერულ გამოწვევებს. თუმცა, თავის კარიერულ წარმატებას მხოლოდ წლობით დაგროვილ ცოდნასა
და გამოცდილებას არ მიაწერს, თვლის, რომ მრავალმხრივი ფოკუსირების უნარი, შინაგანი სიმშვიდე და რაციონალური, გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება, ზოგადად, ქალების ძალაა, შესაბამისად, თავისი საქმით მუდმივად ცდილობს როგორც თანაგუნდელი, ისე მისი გარშემომყოფი ქალებისთვის მოტივაციის მიცემასა და გაძლიერებას.
რა ახალი სტანდარტები და მიდგომები დანერგა ნეიროგანვითარების ცენტრმა სექტორში?
ნეირორეაბილიტაციისადმი ფუნდამენტურად არასწორ მიდგომას ვებრძოდით და დღესაც ვებრძვით. ეს ცვლილებები ეტაპობრივად მიმდინარეობს. უმთავრესი ფაქტორია ხანგრძლივი, მულტი-გუნდური მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ამ სტანდარტის ფართოდ გამოყენება და დანერგვა. არანაკლებ რთული და მნიშვნელოვანი პრობლემა თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის, როგორც მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობაა.
შედეგებით მართლაც შეგვიძლია ვიამაყოთ… მაგალითისთვის, ჩვენმა სპეციალისტებმა აუტიზმის პრობლემებზე საუბარი ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ დაიწყეს. ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და 2015 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ამოქმედდა სპეციალური დაფინანსების პროგრამა. აღნიშული მიღწევა წინგადადგმული ნაბიჯია იმ მხრივაც, რომ აუტიზმი ცნობადი გახდა, უკვე მრავალი წელია აქტიურად აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის დღე და საზოგადოებისთვის აღარაა უცხო აღნიშნული ტერმინი.
ასევე გამოვყოფდი ოკუპაციურ თერაპიას, რომელიც საერთოდ არ არსებობდა საქართველოში, ჩვენი ცენტრის ჩართულობითა და თაოსნობით კი ახლა უკვე საბაკალავრო პროგრამას წარმოადგენს უნივერსიტეტში.
გვიამბეთ თქვენი გუნდის შესახებ
სფერო, რომელშიც ჩვენ ვმოღვაწეობთ, მეტად სპეციფიკურია ‒ თითქოს მოსაზღვრეა მედიცინასა და ოჯახის წევრობას, ბიზნესსა და ქველმოქმედებას შორის. როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მკურნალობა შედეგს აღწევს, ეს მთელი ჩვენი გუნდის გამარჯვება და უდიდესი სიხარულია. ასეთ დროს ნებისმიერი წინგადადგმული ნაბიჯი არის უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც თავად პაციენტისთვის, ასევე მისი ოჯახისთვისა და ძალიან ბევრი, გარშემომყოფი ადამიანისთვის.
ჩემი გუნდისთვის ამოსავალი წერტილი და მიზანი ყოველთვის პაციენტია, ჩვენი წარმატებაც ამითი იზომება ‒ შევძლებთ თუ არა, რომ მას ცხოვრება შევუმსუბუქოთ. თან, ეს ხომ ერთჯერადი ურთიერთობა არაა, ჩვენს ექიმებს წლობით აქვთ ბავშვებთან ურთიერთობა და ჩვენც ერთ დიდ ოჯახად ვყალიბდებით. სწორედ ამ ერთიანობის განცდით შევძელით, რომ დღეისთვის ნეიროგანვითარების ცენტრი უმსხვილესი ცენტრია საქართველოში და თბილისის 2 ცენტრის გარდა, ფილიალი გვაქვს ზუგდიდშიც.
ამ ეტაპზე ცენტრს 600-მდე ბენეფიციარი ჰყავს. ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო საქმეა ის, რაც მე და ჩემი გუნდის წევრებმა ჩვენს თავზე ავიღეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ვთვლი, რომ არ არსებობს საქმე, რომელიც ასეთ კმაყოფილებასთან და სიხარულთანაა დაკავშირებული ‒ დროულად დაწყებული თერაპია, უმრავლეს შემთხვევაში, გაუმჯობესების კარგ მაგალითებს იძლევა, შესაბამისად, ჩემი მიზანი და ნატვრა ბევრი ასეთი მაგალითის არსებობაა.
როგორ ფიქრობთ, რამდენად ადაპტირებულია ჩვენი გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ამ მდგომარეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად?
უპირველესი ეტაპი არის არსებულ და საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებულ სტიგმებზე მუშაობა და მათი აღმოფხვრა. სანამ რაიმე სხვაზე დავიწყებთ მუშაობას, აუცილებლად გვჭირდება საზოგადოების ინფორმირება, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, რომ შშმ პირებს აქვთ თავიანი უფლებები, რომ მათ შეუძლიათ ამ შეზღუდული შესაძლებლობების პარალელურად ჰქონდეთ მრავალი სხვა შესაძლებლობა თუ უნარი და მათი საზოგადოებიდან გარიყვა არ უნდა მოხდეს.
ეს სტიგმები გაცილებით მწვავეა რეგიონებში. წლების წინ არც კი საუბრობდნენ ამაზე, შშმ ბავშვებს საზოგადოებასთან ადაპტირების ფუფუნება არც კი ჰქონდათ და მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ გარემო ძალიან შორსაა იდეალურობისგან, მდგომარეობა საკმაოდ შეცვლილი და გაუმჯობესებულია, და ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებებში ნეიროგანვითარების ცენტრის როლი საკმაოდ დიდია.
დღეისათვის არაერთ სახელმწიფო დაწესებულებაში შეხვდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებს, რაც თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ ინფორმაციული ვაკუუმი ნელ-ნელა ქრება და წინ მივდივართ. ჩვენც ვცდილობთ, დავასაქმოთ შშმ პირები და ამის რამდენიმე წარმატებული მაგალითი არის კიდეც, თუმცა, მაინც მგონია, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო უნდა მოვინდომოთ.
თუ არა ჩვენ, სხვა ვინ იქნება მაგალითი?
ასევე ბევრი შეიძლება ითქვას იმ ფიზიკური გარემოს ადაპტირების საჭიროებებზე, სადაც შშმ პირებს უწევთ ცხოვრება, თუმცა ზოგადი დინამიკა აქაც დადებითია.
დაფინანსების კუთხით სახელმწიფო და კერძო პროგრამებიდან რომელია ყველაზე მოთხოვნადი? ხომ არ თვლით, რომ რაიმე სახის ცვლილებებია შესატანი რომელიმე მათგანში, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან?
დღეისათვის ჩვენ არაერთ სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამას ვახორციელებთ. მათი არსებობა, რასაკვირველია, ძალიან კარგია, თუმცა, ისინი მაინც არ არის იმ სტანდარტამდე მისული, რაც განვითარებულ ქვეყნებშია ან რეკომენდებულია მათი მხრიდან.
მაგალითისთვის გამოვყოფდი ერთ უზარმაზარ პრობლემას აუტიზმის დაფინანსების პროგრამასთან დაკავშირებით ‒ პროგრამა მუნიციპალურია და მუშაობს მხოლოდ თბილისის მასშტაბით. იგი სრულ უფასო მკურნალობას ითვალისწინებს და ამ ეტაპზე 1000-მდე ბავშვია ჩართული, თუმცა, აღნიშული ძალიან დიდ დისკრიმინაციას წარმოქმნის რეგიონებთან მიმართებაში… რასაკვირველია, მსგავსი პროგრამა სახელმწიფოს მასშტაბით უნდა ხორციელდებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
რადგან ასე არ არის, ჩვენ ვცდილობთ სხვა მუნიციპალიტეტებს მოვუწოდოთ თბილისის მაგალითის გაზიარება, რაც წარმატებით შევძელით, მაგალითად ქ. ზუგდიდში.
ასევე არსებობს ბავშვთა აბილიტაციის და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, სასურველი იქნებოდა რაოდენობის მომატება და მეტი სარეაბილიტაციო დღის გამოყოფა წლის განმავლობაში.
ეს ის პრობლემებია, რომლებზეც ჩვენ სახელმწიფო უწყებებთან ყოველწლიურად ვმუშაობთ, ვაძლევთ მათ რეკომენდაციებს, რისი გათვალისწინებაც ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ხდება, ასე რომ განწყობა ოპტიმისტურია და გვჯერა, რომ ერთად ნებისმიერი სასარგებლო ცვლილების განხორციელებას შევძლებთ.
რა გამოწვევების წინაშე დგას ნეიროგანვითარების ცენტრი და თქვენ, როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელი?
მთავარი სიმძიმე მოსახლეობის მატერიალური შესაძლებლობებია, რომელიც სახელწიფო დახმარების არსებობის პირობებშიც კი, ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან რეაბილიტაციას.
ზოგადად, რეაბილიტიაცია არის ისეთი მომსახურეობა, რომელიც უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი მისი საჭიროების მქონე ადამიანისთვის და მას არ უნდა სჭირდებოდეს არც სხვა ქალაქში გადასვლა, არც სპეციალისტების მოძიება და ცენტრების ერთმანეთისთვის შედარება. გარკვეული სტანდარტული დონე ყველგან თანაბარი უნდა იყოს და, გარდა ამისა, აუცილებელი, გადამწყვეტი ფაქტორია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ჩვენ, როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანები, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით განვითარება უპირველესია დარგის გაუმჯობესებისთვის. სწორედ ამიტომ, მომავალ წელს ვგეგმვთ გორში საკმაოდ დიდი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას და საერთოდ, რეგიონებზე ორიენტირებას, მომსახურების მიღების გამარტივებას, რათა ჩვენი ცენტრის სლოგანი ‒ „ყველა სერვისი ერთ ჭერქვეშ“ პირნათლად იქნას შესრულებული.
ფოტო: ანა ბოკო