რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე?

გასულ კვირას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარმა შეტაკებებმა სამხრეთ-კავკასიის რეგიონში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე წარმოშვა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი სასაზღვრო რაიონებში კვირას (12 ივლისი) დაიწყო. აღნიშნული დაპირისპირება მიმდინარეობს არა მათ შორის არსებული ყველაზე ცხელი სამხედრო კერის, ყარაბაღის ტერიტორიაზე, არამედ თოუზის და ტავუშის რეგიონებში. ენერგორესურსებით მდიდარმა აზერბაიჯანმა არაერთხელ დააშინა სომხეთი ყარაბაღზე კონტროლის მოპოვების მიზნით მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა ნაკლებად შედეგის მომტანი იყო.

Photo Credits to Karen Minasyan/AFP

კონფლიქტმა ორივე მხრიდან სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. (12 სამხედრო მოსამსახურე და 1 მშვიდობიანი მოქალაქე აზერბაიჯანიდან, 4 გარდაცვლილი სამხედრო და 20 დაჭრილი კი სომხეთის მხრიდან).

საერთაშორისო შეფასებებით ჩანს, რომ მიმდინარე დაპირისპირება 2016 წლის „ოთხდღიანი ომის“ შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. აზერბაიჯანი სომხეთს აფრთხილებს, რომ ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმისგანაც არ შეიკავებს თავს, თუკი სომხები აზერბაიჯანის სტრატეგიულ წყლის რეზერვებზე მიიტანენ იერიშს. სომხეთის აღნიშნული ელექტროსადგური ახლოსაა თურქეთთან, აზერბაიჯანის ისტორიულ პარტნიორთან, რაც სიტუაციას უფრო ამძაფრებს. სომხეთმა დაგმო აზერბაიჯანიდან წამოსული საფრთხე და მას „გენოციდზე ორიენტირებულიც“ ეწოდა.

სასაზღვრო რეგიონთან მიმდინარე დაპირისპირების ფონზე აზერბაიჯანის ქუჩები დემონსტრანტებით აივსო,  ისინი სომხეთთან ომს და მთიანი ყარაბაღის დაბრუნებას ითხოვენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს.

მხარეთა ოფიციალური პოზიციები

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, შუშან სტეპანიანმა, ხუთშაბათს (16 ივლისი) განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ძალები სომხურ სოფლებს ნაღმმტყორცნებით ბომბავდნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა კი უარყო აღნიშნული ბრალდება და ამას დეზინფორმაცია უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს (15 ივლისი) სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდა, ხუთშაბათს ახალი სიმძლავრით განახლდა. კონფლიქტში გამოიყენეს მძიმე არტილერია და დრონები.

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთს მშვიდობიანი მაცხოვრებლებით დასახლებული ტერიტორიების დაბომბვაში და სადავო ტერიტორიაზე შეიარაღების გაძლიერებაში ადანაშაულებს. სამშაბათს (14 ივლისი) ალიევი დაიმუქრა, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფორმატს დატოვებდა, ვინაიდან ეს შეთანხმება არ აღმოჩნდა შედეგის მომტანი. ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის სამხედრო ავანტურა მიზნად ისახავს, რომ კონფლიქტში სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, მოსკოვის მიერ მართული უსაფრთხოების ორგანიზაცია, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ჩართოს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის თავდასხმას მისი ჩრდილოეთ ტავუშის რეგიონიდან აზერბაიჯანის კონტრშეტევა მოჰყვა.

რაც შეეხება ერევანის პოზიციას, მან ბაქო სომხეთის სტრატეგიული პუნქტების მიტაცების მიზნით არტილერიის გამოყენებაში დაადანაშაულა. სტეფანიანის განცხადებით, ბრძოლის გაგრძელება აზერბაიჯანის მიერ სომხური პოზიციების დაბომბვის შედეგად მოხდა, ამიტომ სამხედრო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ესკალაციის შედეგებზე სწორედ აზერბაიჯანს ეკისრება. სომხური მხარე ირწმუნება, რომ აზერბაიჯანული დრონების მიერ განხორციელდა თავდასხმა ტავუშის პროვინციის ქალაქ ბერდზე, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანელები მოსახლეობას ფარად იყენებენ. სომხეთი ასევე ადანაშაულებს მოწინააღმდეგეს სამთავრობო ვებსაიტებზე კიბერთავდასხმის მოწყობაშიც.

საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

შეტაკებას მოჰყვა დეესკალაციის დაუყოვნებელი მოთხოვნა აშშ-ის, ევროკაშირისა და რეგიონული შუამავალი ძალის – რუსეთის – მხრიდან.  თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, სამშაბათს განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის დაცვასთან დაკავშირებით ყოყმანს არ აპირებდა, ხოლო მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ ღრმად შეშფოთებულია მომხდარით და მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდებს მხარეებს.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან განცალკევებულ სატელეფონო საუბარში მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ცეცხლი.

შეშფოთება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც. ის დაუყოვნებლივ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედება და პროვოკაციული რიტორიკისგან თავი შეიკავონ.

სად, როდის და რატომ დაიწყო კონფლიქტი?

სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიების გამო კონფლიქტი 1988 წლიდან მიმდინარეობს. რეგიონი მთლიანად მოთავსებულია აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუმცა მოსახლეობის 95% ეთნიკურად სომეხია. აღნიშნული კონფლიქტი ახლა მოიხსენება, როგორც „გაყინული კონფლიქტი“, რაც რეგიონისთვის უცხო არ არის.

მას შემდეგ, რაც 1991 წელს სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, არცახის სომეხმა მოსახლეობამ საბჭოთა კონსტიტუციის შესაბამისად ჩაატარა რეფერენდუმი თვითგამორკვევის უფლების გამოყენებისთვის, ამ დროს აზერბაიჯანმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და არ გაითვალისწინა არცახის რეგიონის ადგილობრივი რეფერენდუმის შედეგები. არცახის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რასაკვირველია, აზერბაიჯანისთვის მიუღებელი იყო, რამაც გამოიწვია რეგიონში სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების კერის წარმოქმნა. ომის დასრულების შემდეგ ორივე მხარე აქტიურად იყო ჩაბმული ინტენსიურ მოლაპარაკებებში, სადაც შუამავლის როლს ეუთოს მინსკის ჯგუფი ასრულებს, უფრო კონკრეტულად კი, რუსეთი, საფრანგეთი და აშშ. სომხეთი მიტაცებული ტერიტორიის სრულ დამოუკიდებლობას ითხოვდა, ხოლო აზერბაიჯანი მათ ავტონომიის მაღალი ხარისხის მინიჭებას სთავაზობდა და ოკუპირებული ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვდა.

რუსეთი და თურქეთი, როგორც რეგიონის გეოპოლიტიკური მოთამაშეები

კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის როლი ხშირად მოიხსენიება, როგორც „თაღლითი შუამავალი“. მას სურდა დაებალანსებინა თურქეთის გავლენა, ასევე გავლენა მოეპოვებინა სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტებზე. ის ასევე გამომხატველი იყო სომხური დიასპორის მტკიცე კულტურული კავშირისა რუს მოსახლეობასთან. უშუალო კონფრონტაციის დროს რუსეთი ამარაგებდა სომხებს იარაღით და სამხედრო  დაზვერვის მიერ მოპოვებული მასალით. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის არმიის 336-ე ლეგიონი უშუალოდ მონაწილეობდა ხოჯალის დაპყრობაში. რუსეთი ყველა გზით ცდილობს, ხელი შეუშალოს მინსკის ჯგუფის მუშაობას და საკუთარი ჯარები განალაგოს კონფლიქტის ზონაში, თუმცა ამას, როგორც მოსალოდნელია, აზერბაიჯანი არ დაუშვებს.

რასაკვირველია, სამშვიდობო შეთანხმების დაცვა რუსეთის ინტერესებში არ შედის. სომხეთის სამხედრო დამოკიდებულება რუსეთს აძლევს ბერკეტს, სომხეთის ქმედებები აკონტროლოს და თავიდან აიცილოს მისი დასავლეთ სტრუქტურებში ინტეგრაცია. სწორედ ასე მოხდა 2013 წლის სექტემბერში, როცა სარგსიანს „მოსთხოვეს“ უარი ეთქვა ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ნაწილობრივ ინტეგრაციაზეც კი.

რაც შეეხება თურქეთს, 1990-იანი წლებიდან თურქეთმა „აღმოაჩინა“ თავისი კავკასიელი მეზობლები და მათთან ურთიერთობა გააძლიერა. რა თქმა უნდა, კულტურული, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლების გათვალისწინების ფონზე, ყველაზე დიდი კავშირი მას აზერბაიჯანთან ჰქონდა. აზერბაიჯანი სეკულარულ თურქეთს მიიჩნევდა სახელმწიფოებრიობის მაგალითად და არა ისლამისტურ ირანს. ასევე თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ 1992-1993 წლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი მკვეთრი პრო-თურქული განცხადებებით გამოირჩეოდა. 1992 წლის თებერვალში ხოჯალის აზერბაიჯანელი მოსახლეობის  ხოცვა-ჟლეტის შემდეგ თურქეთში მასობრივი ანტი-სომხური დემონსტრაციები დაიწყო, თურქეთის ინტერვენციის მოთხოვნით. თურქეთის მთავრობის ზოგიერთი მაღალჩინოსნის განწყობები საპროტესტო ტალღის მუხტს იზიარებდა, მიიჩნევდნენ რა, რომ სომხეთი „ცოტა უნდა შეეშინებინათ“. აღნიშნულმა მოვლენებმა შედეგი გამოიღო, მარტის დასაწყისში თურქეთმა განაცხადა, რომ ის სომხეთში მიმავალი თვითმფრინავების შემოწმებას იწყებდა (ცხადია, მისი საჰაერო სივრცის გავლით), იმ იმედით, რომ იარაღის კონტროლი შეეზღუდა. თურქეთი ასევე დაეხმარა აზერბაიჯანს სომხეთისთვის ეკონომიკური ემბარგოს დაწესებაში.

Photo Credits to AFP / 2016, Martakert Region

ბოლო ესკალაცია – 2016  

მიუხედავად 1994 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, სასაზღვრო რეგიონებში დაპირისპირებები წლების მანძილზე მიმდინარეობდა. მსგავსი კონფლიქტი იყო „ოთხდღიანი ომი“, რომელიც 2016 წლის 2 აპრილს დაიწყო და სომხებისთვის ოკუპირებული მცირე მიწების წართმევით დასრულდა. შეტევა აზერბაიჯანის მიერ იყო ორგანიზებული. ალიევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესის უშედეგობის გამო, სომხების პროვოკაციებზე საპასუხო რეაქცია სამხედრო ოპერაციით უნდა მომხდარიყო. 16 მაისს გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე აზერბაიჯანის მხარე ახალ ფორმატს ითხოვდა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. სომხებს უნდა დაეთმოთ ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო, საპირწონედ, აზერბაიჯანი ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

აღნიშნულმა დაპირისპირებამ და საერთაშორისო საზოგადოების კომენტარებმა განსხვავებული რეაქციები გამოიწვია დაპირისპირებულ ქვეყნებში. სომხეთს გაუჩნდა გარკვეული უნდობლობა საკუთარი პარტნიორების მიმართ და მიხვდა, რომ აზერბაიჯანისადმი უფრო დიდი იყო დახმარებაც და სოლიდარობაც, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო იერიში სწორედ აზერბაიჯანმა დაიწყო. რაც შეეხება თავად აზერბაიჯანს, ეს ომი მისთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო. ექსპერტთა მოსაზრებით, აღნიშნულ კონფლიქტს რუსეთი იყენებს, რათა უზრუნველყოს საკუთარი სამხედროების სამშვიდობო ძალების სტატუსით რეგიონში განლაგება, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში აღსრულდება, თუ ამჟამად არსებული მედიატორების დისკრედიტირება მოხდება.