არიზონას უნივერსიტეტი კამპუსის გახსნამდე სტუდენტებსა და თანამშრომლებს კორონავირუსის ანტისხეულებზე შეამოწმებს

Photo Credits to Arizona Alumni Association

უკვე თვეზე მეტია, რაც ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით სასწავლო პროცესმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, თუმცა ამერიკული უნივერსიტეტები ვარაუდობენ, რომ სტუდენტების კამპუსებში დაბრუნებას შემოდგომის სემესტრიდან შეძლებენ. სასწავლო პროცესის ჩვეულებრივ რეჟიმში გასაგრძელებლად და პარალელურად თავისი 60 000 სტუდენტისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არიზონას უნივერსიტეტს არაორდინარული გეგმა აქვს. უნივერსიტეტი გეგმავს, სწავლის განახლებამდე ყველა მისი სტუდენტისა და თანამშრომლის სისხლი შეამოწმოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე.

ტესტირების გეგმის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა გასულ კვირას გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა ჯერკიდევ არ ნიშნავს დაავადებისადმი სრულ იმუნიტეტს, მონაცემების შეგროვება მისცემთ საჭირო ცოდნას, რომელიც მათ პანდემიის პირობებში ფუნქციონირების გაგრძელების სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. უნივერსიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, თუ რა ფორმით გამოიყენოს ანტისხეულების ტესტირების შედეგები – ნიშნავს თუ არა ტესტზე დადებითი პასუხი ავტომატურად კამპუსში დაბრუნებას ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში რა ბედი ელის სტუდენტს, ჯერკიდევ არ არსებობს ცალსახა პასუხი. უნივერისტეტი არ გამორიცხავს, რომ ანტისხეულებზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაშიც კი სტუდენტებს შემოდგომის სემესტრიდან კამპუსში დაბრუნების უფლება მისცეს, თუმცა მათთვის განსაკუთრებული პროტოკოლი შეიმუშავოს.

არიზონას უნივერსიტეტი ერთადერთი არაა, რომელიც ანტისხეულებზე ტესტირებას გეგმავს. 21 აპრილს პურდუს უნივერსიტეტმაც (ინდიანა) ანალოგიური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტი გეგმავს ტესტირების შემდეგ სტუდენტების შეზღუდული რაოდენობა შემოდგომის სემესტრიდან კამპუსებში დააბრუნოს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი მუშაობს გეგმაზე თუ რა ფორმით და ბაზარზე არსებული რომელი ტესტით მოახდენს სტუდენტების შემოწმებას ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე.

რამდენად საკმარისია სისხლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა ვირუსისგან დასაცავად? – ამ კითხვას ჯანდაცვის ექსპერტები და ვირუსოლოგები ფრთხილ პოზიციას იკავებენ. სისხლში ანტისხეულების არსებობა ნიშნავს, რომ ადამიანმა მძიმე ან მსუბუქი ფორმით, შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ, უკვე გადაიტანა დაავადება და ორგანიზმის იმუნურ სისტემას ბუნებრივი დაცვითი მექანიზმი გამოუმუშავდა რეინფიცირების წინააღმდეგ. თუმცა COVID-19 იმდენად ახალი ვირუსია, რომ მეცნიერებისათვის მისი ქცევის და მათ შორის დაავადებით რეინფიცირების შემთხვევების შესახებ დაზუსტებით ძალიან ცოტაა ცნობილი. მეცნიერებმა ჯერკიდევ არ იციან როგორია კორონავირუსის შედეგად ადამიანში გამომუშავებული იმუნიტეტი – შესაძლებელია რეინფიცირება? თუ კი, მაშინ რამდენად მძიმეა რეინფიცირების შემთხვევაში დაავადება, ხოლო თუ ანტისხეულები რეინფიცირებისაგან აზღვევს პაციენტს, რამდენ ხანს გრძელდება შეძენილი იმუნიტეტი? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა არსებული ტესტების სიზუსტე. ამ საკითზე არიზონას უნივერსიტეტი Food and Drug Administration-თან (FDA) თანამშრომლობს, რამდენადაც ცნობილია, რომ უნივერსიტეტმა თავად შეიმუშავა ტესტი, რომლის ეფექტიანობას ამჟამად სწორედ FDA ამოწმებს და დეტალური ინფორმაცია მხოლოდ საბოლოო შედეგების შემდეგ გასაჯაროვდება.

აღსანიშნავია, რომ არიზონას უნივერსიტეტს მალე მიეცემა შესაძლებლობა დააკვირდეს, რა შედეგებს იძლება ათასობით ადამიანის ტესტირება კორონავირუსის ანტისხეულებზე. უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს ამერიკის მთავრობას 250 000 ჯანდაცვის მუშაკის ანტისხეულებზე შემოწმებაში, რომელიც სწორედ მომავალი კვირიდან იწყება. უნივერსიტეტს შეეძლება სამომავლოდ სწორედ სახელმწიფოს გამოცდილება გამოიყენოს თავის სტუდენტებთან მიმართებით.

ჯერჯერობით კი, უნდა ნიშნავდეს თუ არა სისხლში კორონავირუსის ანტისხეულების არსებობა სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში დაბრუნების ავტომატურ ნებართვას, ამ კითხვაზე პასუხი ღიად რჩება.

წყარო: Chronicle