არის თუ არა გენდერული მრავალფეროვნება ბიზნესის წარმატების საწინდარი – ახალი მონაცემები

Purpose Bureau-ს ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა, ბიზნესის წარმატება დიდწილად კომპანიებში მმართველ პოზიციებზე გენდერული ბალანსის არსებობასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში 2021 წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონ ბიზნესს დააკვირდნენ.

შედეგად დადგინდა, რომ გასული წლის განმავლობაში 37%-ით მაღალი იყო იმ კომპანიების წარუმატებლობის მაჩვენებელი, რომლებსაც ერთი სქესის წარმომადგენლები მართავდნენ. ამის საპირისპიროდ, ნაკლებ წარუმატებლობას განიცდიდნენ ბიზნესები, რომელთაც ერთდროულად როგორც მამაკაცი, ასევე ქალი ხელმძღვანელები ჰყავდათ.

უფრო კონკრეტულად კი, Purpose Bureau-ს ინფორმაციით, შესწავლილი ყოველი 10 ათასი ბიზნესიდან 318 ისეთი კომპანია განიცდიდა წარუმატებლობას, რომლის სათავეშიც მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები იყვნენ. შედარებისთვის, წარუმატებელი კომპანიების რაოდენობა, რომელთაც როგორც კაცი, ასევე ქალი მმართველები ჰყავდათ, ყოველი 10 ათასიდან 233-ს შეადგენდა.

ზოგიერთ სექტორში მმართველ პოზიციებზე მამაკაცთა რაოდენობა მნიშვნელოვნად დიდი იყო. ეს განსაკუთრებით სამთო მრეწველობასა და მშენებლობას ეხება. აღნიშნულ სექტორებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მხოლოდ მამაკაცები, შესაბამისად, კომპანიათა 81%-სა და 80%-ში იყვნენ წარმოდგენილნი. მხოლოდ ქალი ხელმძღვანელებით დაკომპლექტებული დაწესებულებები კი განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში იყო თვალშისაცემი, თუმცა ორივე სექტორში მსგავსი ბიზნესების რაოდენობა 29%-ს არ აღემატებოდა.