ნიშ პარფიუმერიის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი, რომელიც გაერთიანებულ საემიროში იქმნება, ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად Estel Georgia-მ შემოიტანა. „არკადია“ ამნა ალ ჰაბტორის მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ახალგაზრდა გრაფიკულმა დიზაინერმა საოჯახო ბიზნესიდან წამოსვლის შემდეგ მთლიანად საკუთარი ხედვით და აღმოსავლური კულტურით დანარჩენი მსოფლიოსთვის გაზიარების მიზნით შექმნა.
როგორ მოხდა თქვენი ტრანსფორმაცია კორპორაციული სამყაროს წარმომადგენლიდან პარფიუმერული ბრენდის შემქმნელამდე?
ამნა: გაერთიანებულ საემიროში საოჯახო ბიზნესს უდიდესი დატვირთვა აქვს. აქტიურად ვართ ჩართულები მომსახურების სფეროში, ავტო-ინდუსტრიაში, სამშენებლო ბიზნესში, სკოლებში…ჩემი ოჯახიც რამდენიმე კომპანიის მფლობელია, თუმცა ყოველთვის ვხვდებოდი, რომ კორპორაციულ სამყაროში მუშაობა ჩემთვის საკმარისი არ იყო, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რასთანაც გაცილებით დიდი ემოციური ბმა მქონდა – ის, რასთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს. პარფიუმერია ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შემადგენელი ნაწილია. ეს იყო ის სფერო, რომელსაც კარგად ვიცნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით არ მქონდა პროფესიული გამოცდილება და ვერც პარფიუმერიის ქიმიურ ნაწილში ვერკვეოდი, კარგად ვიცნობდი აღმოსავლურ ნოტებს. ყოველთვის მსურდა მეტად კრეატიული მიმართულებით წასვლა და საკუთარი თავისთვის ჩარჩოების დარღვევა.
საიდან გაჩნდა სახელწოდება „არკადია“?
როდესაც ბრენდის შექმნაზე დავიწყეთ მუშაობა, არ მინდოდა სახელწოდება „ძალიან არაბული“ ყოფილიყო. თავიდანვე გვქონდა იმაზე გათვლა, რომ კომპანია საერთაშორისო ბაზარზე უნდა მომხვდარიყო, ამიტომ ვფიქრობდი, რა წარმოაჩენდა მას სწორად. დიდი კვლევის შემდეგ, მივხვდი, რომ სახელწოდება – „არკადია“ თავისი მნიშვნელობით ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენი კომპანიის ძირითად მესიჯებს. ეს ერთგვარი „ბედნიერი ადგილია“, სადაც საკუთარ „სამოთხეს“ ყველა აღმოაჩენს.
როგორ ხედავდით თქვენი კომპანიის განვითარებას დასაწყისში და რა შეიცვალა პირველი წარმატების შემდეგ?
მინდოდა, რაღაც ძალიან თანამედროვე, იმისგან განსხვავებული, რასაც ძირითადად აღმოსავლურ ბაზარზე ვხვდებით. ჩვენი არომატები ხშირად ძალიან ექსპრესიულია, შეფუთვები ოქროთი ამოტვიფრული, ხის ყუთები… მინდოდა ამ ყველაფრის საპირისპირო პროდუქტი შემექმნა, რომელიც უფრო თანამედროვე იქნებოდა, თუმცა სურნელი არ დაკარგავდა ტრადიციულ აღმოსავლურ ელფერს. ჩვენი მთავარი მიდგომა კი ისაა, რომ ჩვენი არომატები ყველასთვისაა და არ აქვს სქესი.
„არკადიას“ შეფუთვაც ისეთივე გამორჩეული და დახვეწილია, როგორც მისი შიგთავსი. რამდენად იქონია კომპანიის ვიზუალურ იდენტობაზე თქვენმა გამოცდილებამ გრაფიკულ დიზაინში?
დიახ, ოთხი წლის მანძილზე ვსწავლობდი გრაფიკულ დიზაინს. გარდა ამისა, მთელი ჩემი ოჯახი ხელოვნების მოყვარულები ვართ, ამიტომ ყოველთვის ვაფასებდით ესთეტიკურ სილამაზეს. ყველა ჩვენგანი განსხვავებულია, თუმცა ჩემთან ყველაზე ახლოს მარტივი, დახვეწილი ესთეტიკაა. დიდი მნიშვნელობა აქვს ტიპოგრაფიასაც. მაგალითად, ჩვენს ლოგოში ასო ბგერა ღ-ს კიბის საფეხურები აქვს, რაც თავგადასავლისკენ მიმავალ საფეხურებს წარმოადგენს. იმის თქმა მინდა, რომ ყველა დეტალს რაღაც დატვირთვა აქვს. შეიძლება ამ დეტალებს ვერც კი ამჩნევდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზოგად შეგრძნებებზე.
როდის და რატომ დაინტერესდით ქართული ბაზრით?
საქართველო ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო ქვეყანა, ახალგაზრდა, ზრდადი ბაზრით, სადაც ხალხს განსხვავებული ინტერესები აქვს. ეს ყველაფერი იკითხება თქვენს ყოველდღიურობაში, არქიტექტურაში, შენობებზე დახატულ გრაფიტებში… ამიტომ, რატომაც არა? პირველად ვარ აქ და ძალიან მომწონს ეს მოგზაურობა. შესაძლოა ოდესმე ჩვენი ქართული სურნელიც კი შევქმნათ.
როგორია „არკადიას“ სამომავლო გეგმები?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიმუშავებთ ახალი არომატების და გამოცდილებების შექმნაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი კი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის შექმნაა და იმ გამოცდილების გაზიარება, თუ რატომ აქვს ამხელა დატვირთვა ჩვენთვის პარფიუმერიას და რას ნიშნავს ჩვენთვის ეს არომატები. ბოლოს და ბოლოს ეს ჩვენი ყოველდღიურობისა და კულტურის ნაწილია.