სოფლის მეურნეობა და, განსაკუთრებით, მეცხოველეობა შვეიცარიაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია, შესაბამისად შვეიცარიელი სპეციალისტები ყველაზე კომპეტენტურებად ითვლებიან. 12 წლის წინ რამდენიმე მათგანი მშობლიურ რაჭაში ბიზნესმენმა ირაკლი კერვალიშვილმა მიიწვია, იდეით, რომ რეგიონში მეცხოველეობის დარგი აღდგენილიყო და განვითარებულიყო. ასე დაფუძნდა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“, რომელსაც უკვე წლებია თათია არაბიძე ხელმძღვანელობს. თათია ამბობს, რომ მისთვის აბსოლუტურად პირობითია ე.წ. ქალური და კაცური პროფესიები, მთავარი პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარულია. ეს მიდგომა რომ ამართლებს, ამას კომპანიის წარმატებული ისტორიაც ადასტურებს.
ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და მოდით, ჩვენს საუბარსაც თავიდან მივყვეთ – როგორ დაიწყო „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ისტორია?
2008 წელს კომპანიის ქართველ დამფუძნებელს, ირაკლი კერვალიშვილს, გაუჩნდა იდეა და სურვილი, დახმარებოდა მშობლიურ რეგიონს ‒ რაჭას. იდეა შვეიცარიელ მეგობარსა და პარტნიორს მაქს ბლაუენშტაინს გააცნო და რაჭაში მეცხოველეობის დარგის აღდგენა-განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა შესთავაზა. გამომდინარე იქიდან, რომ მაქს ბლაუენშტაინს მეცხოველეობის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება ჰქონდა, ხოლო ირაკლის რაჭისთვის დახმარების აღმოჩენის დიდი სურვილი, იდეის რეალობად ქცევისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მალევე დაიწყო. რაჭას შვეიცარიელი სპეციალისტები ესტუმრნენ, შეისწავლეს და შეაფასეს სიტუაცია და უკვე მე-12 წელია, ორივე დამფუძნებელი და მთელი კომპანია იდეას ერთგულად ემსახურებიან.
რაჭასა და შვეიცარიას არც თუ იშვიათად ერთმანეთს ადარებენ, რა თქვეს შვეიცარელმა სპეციალისტებმა, როცა საქართველოში ჩამოვიდნენ, რა იყო საჭირო, მათი აზრით, ირაკლი კერვალიშვილის იდეის რეალიზებისათვის?
რაჭით, ბუნებრივია, აღფრთოვანებულები დარჩნენ, თუმცა დღის წესრიგში დადგა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშის გაუმჯობესების საკითხი. „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ჰყავს შვიცბრაუნისა და სიმენტალის ჯიშის პირუტყვი, რომელსაც ადგილზე ვაჯვარებთ. ჩვენ ახალ ჯიშს არ ვქმნით, უბრალოდ, მას ადგილობრივ პირობებს ვარგებთ. ამას ეძახიან ჯიშის გაუმჯობესებას კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე, რასაც ის სარგებელი აქვს, რომ ამ პროცესის შედეგად, ადგილობრივ პირობებს საქონელი უკეთ ეგუება და როცა უკვე ადგილზე მიიღებ მე-5 თაობას, ანუ სუფთა ჯიშს, ის ბევრად ჯანმრთელია და ძლიერი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე პირდაპირ ჩამოყვანილს. მეცხოველეობაში სამი მიმართულება არსებობს: მეხორცული, მერძეული და მთის, ეს უკანასკნელი კი ორივე მიმართულებით შეგიძლია გამოიყენო. ჩვენი შვიცბრაუნიცა და სიმენტალიც, ორივე მთის ჯიშია და შესაბამისად, მეხორცულიცაა და მერძეულიც. კავკასიისთვის შვიცბრაუნის ჯიში უცხო აქამდეც არ ყოფილა, რადგან კავკასიური წაბლა სწორედ შვიცბრაუნის ნათესავი გახლავთ. ასე რომ, ამ ჯიშისთვის ჩვენი ქვეყნის გარემო უცხო ნამდვილად არ არის.
რა ეტაპზეა ახლა პროცესი, რომელსაც თქვენ ჯიშის გაუმჯობესებას ეძახით?
მე-4 თაობაზე ვართ, მე-5 თაობიდან კი უკვე შეგვეძლება თქმა, რომ მივიღეთ ქართული ბრაუნი.
საინტერესოა ინვესტიციების მოცულობა, ამ ეტაპზე რა მოცულობის კაპიტალდაბანდებაა კომპანიის ანგარიშზე? რაჭაში თქვენი საქმიანობა მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის დასაქმებაზე როგორ აისახა? თქვენი ფერმები მხოლოდ რაჭაში მდებარეობს?
კომპანიას, დღეის მდგომარეობით, 40 მლნ ლარი გვაქვს დახარჯული და ამ ეტაპზე ჯამში 70 თანამშრომელი გვყავს, აქედან 30 დასაქმებული ადგილობრივია.
დიახ, ფერმები ამ ეტაპზე მხოლოდ რაჭაშია, როგორც გითხარით, დამფუძნებლის მიზანი სწორედ რაჭის და ამ რეგიონში მეცხოველეობის განვითარება იყო. კომპანიის ფერმები ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარეობს. გვაქვს ოთხი ფერმის შენობა და საძოვრები დაახლოებით 1 000 ძროხაზე.
როგორც საუბრისას აღნიშნეთ, „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პირუტყვთან ურთიერთობის განსაკუთრებული მიდგომები აქვს, საინტერესოა, რა იგულისხმება ამაში?
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ მთავარი პრინციპია პატივი ვცეთ ყველას და ყველაფერს ‒ ბუნებას, ცხოველს, ადამიანს, თანამშრომელს, მომხმარებელს! მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სირთულეებს მაინც ვაწყდებით, ამ გზას მაინც არ ვცვლით და არც შევცვლით. ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოველების მხოლოდ ჯანსაღი და ნატურალური საკვებით გამოკვება და მათთვის მშვიდი გარემოს შექმნა. საძოვრებზე ჩვენს მწყემსებს სახრე არ აქვთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
როცა კომპანიისთვის პრიორიტეტი პირუტყვთან ჰუმანური მიდგომაა, საინტერესოა, რა სტანდარტი გაქვთ თანამშრომლებთან ურთიერთობაში?
ადამიანური ურთიერთობები არის ბუნებრივი და არავითარ შემთხვევაში ‒ პრივილეგია. „ბლაუენშტაინ საქართველოში“ გვაქვს ასეთი პოზიცია ‒ თანამშრომლებზე ზრუნვის მენეჯერი. ეს არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს თანამშრომლებზე, რომ მათ შეასრულონ თავიანთი საქმე კომფორტულ, მშვიდ გარემოში და თავი იგრძნონ ბედნიერად. დამეთანხმებით, დაჩაგრული, გამწარებული და გაწბილებული თანამშრომელი საქმეს ნორმალურად ვერ და არ გააკეთებს. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი და ბედნიერი თავისი საქმიანობით.
ვერ ავცდებით მსოფლიო გამოწვევაზე ‒ კორონავირუსზე ‒ საუბარს, თუმცა, როგორც გავარკვიეთ თქვენმა თანამშრომლებმა ეს კრიზისი ყველაზე ნაკლებად იგრძნეს, რადგან „ბლაუენშტაინ საქართველო“ იყო ერთ-ერთი კომპანია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში, რომელმაც არა თუ მუშაობა შეაჩერა, პირიქით, თანამშრომლებს ხელფასებიც კი გაუზარდა.
ხმამაღალი ნათქვამი გამომივა, მაგრამ „ბლაუენშტაინ საქართველოში“ გვჯერა, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება. მით უმეტეს, როცა მეტ-ნაკლებად მომზადებული ხვდები გამოწვევას. რა თქმა უნდა, კორონას მსგავს მასშტაბურ პანდემიას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ კრიზისებისთვის კომპანია ყოველთვის მზადაა.
ამ გამოწვევამ „ბლაუენშტაინ საქართველო“ ბევრად უფრო მობილიზებული და ძლიერი გახადა. რაც მთავარია, სწორედ ამ დიდმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ძალიან სწორად გვყავს შერჩეული გუნდი, რომელსაც კომპანიის მაჯისცემაზე ხელი უდევს, პრაქტიკულად, კვირაში 7 დღე, 24 საათი. თანამშრომლებთან და, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა, როგორც კულტურა და ამ ფასეულობას ეფუძნება „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ძლიერი გუნდი.
რადგან ხარისხი თქვენი პრიორიტეტია, რას აკეთებთ იმისთვის, რომ თანამშრომლები მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ? ვგულისხმობ, მაგალითად, მათ გადამზადებას.
საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქმის ცოდნის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არსებობს. ასე იყო რაჭაშიც, როცა ყველაფერი იწყებოდა. პირველი, რაც გავაკეთეთ, ჩამოვიყვანეთ შვეიცარიელი სპეციალისტები, შემდეგ ჩვენი თანამშრომლები გავუშვით ევროპაში და ეს პროცესი დღემდე არ შეჩერებულა. თითოეულ ჩვენს განყოფილებას, იქნება ეს ‒ ფერმა, ვეტერინარია, პირველადი გადამუშავების საწარმო, სამზარეულო, გაყიდვები და ასე შემდეგ, ახლაც მუდმივ ყურადღებას აქცევენ მაღალი დონის შვეიცარიელი და ფრანგი სპეციალისტები.
ვისაუბროთ „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პროდუქციაზე, რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი ბიზნეს კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ წარმოების მთელ ჯაჭვს თავადვე ვაკონტროლებთ და მხოლოდ სუნელების ყიდვა გვიწევს ევროპაში. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ „ბლაუენშტაინ საქართველო“ ქმნის უმაღლესი ხარისხის ევროპულ პროდუქტს ‒ არა მარტო ხორცს, არამედ, ხორცპრუდუქტებსაც. ამასთან, პირველებმა შემოვიტანეთ საქართველოში დავარგებული ხორცის კულტურა და, ჩვენდა სასიხარულოდ, მომხმარებელმა სიახლე შესანიშნავად მიიღო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორცპროდუქტები მზადდება ყოველგვარი კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე, შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისად. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენს საფირმო მაღაზიებში ‒ წერეთლისა და ფალიაშვილის ქუჩებზე, ორივე
67 ნომერში მდებარეობს. გარდა ამისა, სეზონურად რაჭაში ვმუშაობთ მოძრავი მაღაზიით, რომელიც სულ მალე ქუთაისში გადაინაცვლებს. მოძრავი მაღაზია თავის თავში წარმოადგენს სპეციალურ ავტომობილს, რომელიც „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დაკვეთით საფრანგეთში აეწყო.
საინტერესოა, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რას უნდა ველოდოთ „ბლაუენშტაინ საქართველოსგან“?
უახლოესი გეგმა გახლავთ ღორების ფერმა, რომლის პირველი ეტაპის ინვესტიციამ დაახლოებით 4 მლნ ლარი შეადგინა. ფერმის მშენებლობა, პრაქტიკულად, დასრულებულია და ძალიან მალე კომპანია თავის მომხმარებელს ნატურალურ საკვებზე გაზრდილ მაღალი ხარისხის ღორის ხორცსაც შესთავაზებს. ასევე, ყველის წარმოების დაწყებასაც ვაპირებთ.