ალკოჰოლური სასმელების სექტორი საქართველოში ერთ-ერთია იმ მცირე გამონაკლისებს შორის, რომლებზეც პანდემიამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა ვერ იქონია. ბოლო წლებში შეინიშნება ექსპორტის ზრდის ტრენდი – იზრდება საექსპორტო ბაზრების რაოდენობაც. მეწარმეები და ფერმერები აქტიურად ავითარებენ ტექნოლოგიებსა და წარმოების მეთოდებს. მრავალი პოზიტიური ასპექტის მიუხედავად, სექტორის მოთამაშეები კვლავ მიუთითებენ სხვადასხვა გამოწვევასა და პრობლემაზე, მხარდაჭერის საჭიროებაზე, როგორც კერძო სექტორიდან, ისე სახელმწიფოს მხრიდან.
სწორედ ალკოჰოლური სასმელების წარმოებაზე, სექტორის გამოწვევებზე, პოტენციალსა და სექტორის მხარდაჭერის ფორმებზე ესაუბრა Forbes Woman-ი საქართველოს ბანკის ალკოჰოლისა და აგრარული სექტორის ხელმძღვანელს, ნინო აფციაურს.
რა ძირითადი პარამეტრებით შეგვიძლია გავზომოთ ალკოჰოლური სასმელების სექტორი საქართველოში და რამდენად მიმზიდველია დღეს ის ინვესტორებისთვის?
ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დარგია ამ ეტაპზე საქართველოში. ხოლო ძირითადი პარამეტრები, რომლითაც შეიძლება გავზომოთ სექტორი, არის ამ ინდუსტრიაში წარმოდგენილ კომპანიათა ბრუნვა და მომგებიანობა, დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა, სექტორის მნიშვნელობა და წილი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებში.
2016-2020 წლებში სექტორის შემოსავალი ფაქტობრივად გაორმაგდა და 1.1 მილიარდ ლარს მიაღწია – შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო საგარეო მოთხოვნაა. თუმცა, მხოლოდ ბრუნვის მოცულობის სიდიდე არც ინვესტორისთვის იქნებოდა ცალსახად საინტერესო, რომ არა ამ დარგის მომგებიანობა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია – სექტორის საოპერაციო მოგების მარჟა ბოლო წლებში 20-25%-ის ფარგლებში მერყეობს. გარდა იმისა, რომ საკმაოდ მომგებიანი ინდუსტრიაა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი და საინტერესოა სექტორი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის გამოც, რაც ინვესტორში სტაბილურობის შეგრძნებას იწვევს და დარგის ზრდის პოტენციალზეც მიუთითებს. სწორედ ამიტომ იზრდება წლიდან წლამდე ღვინის მწარმოებელ კომპანიათა რიცხვი. 2020 წლის მონაცემის მიხედვით, სექტორში რეგისტრირებულია 591 კომპანია, რომლებიც ჯამურად დაახლოებით რვა ათას ადამიანს ასაქმებენ.
ასევე, მნიშვნელოვანია დარგის როლი საქართველოს ექსპორტის მიმართულებით. ღვინო მე-4, ხოლო ბრენდი მე-8 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია ქვეყნისთვის და მათი წილი, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 6.3% და 4%-ია.
როგორც ღვინის სამშობლოს, ბაზრის რა წილი გვიჭირავს ღვინის წარმოებაში, როგორია ექსპორტის მაჩვენებლები და ზოგადად, რამდენად წარმატებულია ღვინის კომერციალიზაციის პროცესი?
ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ მიიჩნევა. ქვეყანას მეღვინეობის 8,000 წლიანი ისტორია აქვს, რაც ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე საპატიო ადგილს უნარჩუნებს. თუმცა, ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, დღეს ღვინის წარმოების კუთხით ბაზარზე მოწინავე ადგილს ვერ ვიკავებთ. წარმოებული ღვინის მოცულობით საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, ხოლო გაშენებული ვენახების ფართობის მიხედვით 22-ე ადგილს ვიკავებთ. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ვენახების გაშენება/აღდგენით სამუშაოებში, რამაც წესით წარმოების მოცულობა და ვენახების საშუალო მოსავლიანობა უნდა გაზარდოს. ეს უკანასკნელი მსოფლიო მასშტაბით არსებულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია და დაახლოებით 5 ტონას აღწევს ჰექტარზე.
ზოგად ტენდენციას რაც შეეხება, მზარდია როგორც ღვინის წარმოების, ასევე ექსპორტის მიმართულება. 2019 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელიც კი დაფიქსირდა და 93,5 მილიონ ბოთლს შეადგინა. გასულ წელს რაც შეეხება, მიუხედავად პანდემიისა, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც 2019 წლის მონაცემზე 1%-ით ნაკლებია. ამ მაჩვენებლის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ დარგმა პანდემიის დროსაც კი შეინარჩუნა სტაბილურობა.
2021 წლიდან შეიმჩნევა დადებითი ტენდენციები – პირველ 5 თვეში 36,4 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2020 წლის 5 თვესთან შედარებით 15%-ით მეტია. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 82.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 8%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ქართული წარმოების ალკოჰოლური სასმლის ექსპორტი კვლავ კონცენტრირებულია რუსეთის ბაზარზე – არის მცდელობა, რომ სხვა ბაზრებიც ავითვისოთ?
ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში შემოსავლების 80%-ზე მეტი მოდის ექსპორტზე და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დარგში საექსპორტო მიმართულებას. 2006 წლამდე რუსეთი ქართული ღვინის თითქმის ერთადერთი მომხმარებელი იყო და ექსპორტირებული ღვინის 92% სწორედ მასზე მოდიოდა. დღეს ეს მაჩვენებელი 60%-მდეა შემცირებული, თუმცა ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებულების კიდევ უფრო შემცირება კვლავ დღის წესრიგშია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლიდან წლამდე იზრდება ღვინის ექსპორტი, ძალიან სასიხარულოა, რომ ექსპორტი იზრდება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა პოლონეთი, აშშ, ლიეტუვა, ესტონეთი, გერმანია. ამ და სხვა არატრადიციულ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტი გასამმაგდა 2015-2020 წლებში, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა, ამ ბაზრებზე ქართული ღვინის დაბალი ცნობადობის პირობებში. ექსპორტის კიდევ უფრო დივერსიფიცირებისთვის სექტორი ერთიან სტრატეგიას საჭიროებს, რომელსაც მხარდაჭერა ექნება ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოდან. არატრადიციულ ბაზრებზე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის ზრდა, რასაც მოჰყვება ქართული ღვინის ისტორიის გაცნობა, მარკეტინგული აქტივობები, როგორც ზოგადად საქართველოს, ასევე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რაც შემდეგ უკვე კონკრეტული ღვინის მწარმოებლების ჭრილშიც ჩაიშლება.
ადგილობრივ ბაზარზეც რომ ვისაუბროთ, შიდა რეალიზაცია სექტორის შემოსავლების მხოლოდ 20%-ია. როგორ შეაფასებდით ამ მაჩვენებელს?
ქართული ალკოჰოლური სასმელების სექტორში უმთავრესი წილი, როგორც უკვე ვახსენეთ, ექსპორტზე მოდის და შიდა მოხმარებას მხოლოდ 20%-მდე უკავია. არამხოლოდ მთლიან რეალიზაციებში წილის მოცულობით, არამედ აბსოლუტურ მაჩვენებელიც იკლებს შიდა მოხმარება, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, რაც დიდ წილად ტურიზმისა და ჰორეკა-ს სექტორებში განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული.
ვთვლი, რომ არანაკლები ძალისხმევა უნდა დაიხარჯოს შიდა მოხმარების ზრდაზე, ვინაიდან თავად მწარმოებელი ქვეყანა და მოსახლეობა არის პროდუქციისთვის ერთგვარი ბრენდის პლატფორმა, ხარისხის და რეპუტაციის განმსაზღვრელი. ნებისმიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მხოლოდ ექსპორტზე რეალიზაციის ზრდა იქნება მისი მთავარი სტრატეგია, ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება შიდა ბაზარზე საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია. ხშირ შემთხვევაში, მსხვილი იმპორტიორების მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა რამდენად მოთხოვნადი და პოპულარულია პროდუქცია საკუთარ ქვეყანაში.
რეალიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე გამოწვევა მიმოვიხილეთ, თუმცა ეს ვერ ამოწურავდა სექტორის გამოწვევებს. სხვა რა ძირითად გამოწვევებს აწყდებიან სექტორის ადგილობრივი მოთამაშეები და რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ვითარებიდან?
ალკოჰოლური სასმელების წარმოება საქართველოსთვის ისტორიული დარგია, შესაბამისად, წარმოების მიმართულებით გამოცდილება დაგროვილია, თუმცა მაინც სოფლის მეურნეობის მიმართულებაა და ამ მხრივ არსებობს გარკვეული რისკები, რაც დაკავშირებულია პირველად წარმოებასთან – ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავლის მიღება, ვენახების სწორად მოვლა, ბუნებრივი სტიქიები; თავად ღვინის წარმოების პროცესში ხარისხის დაცვასთან; ხარისხიანი საბოლოო პროდუქციის მიღებასთან; მის შემდგომ ლოჯისტიკასთან და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი საკითხები შესაძლებელია მოგვარდეს სექტორში მაღალკვალიფიციური ექსპერტების, აგრონომების, ტექნოლოგების დაქირავებით, ასევე, ტექნიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის დარგი ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ამინდსა და სტიქიურ მოვლენებზე. მწარმოებელი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი აგროდაზღვევის არსებობა, რომელიც მორგებული იქნება მეურნეობათა კონკრეტულ საჭიროებებზე.
რისკებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით კორონავირუსის პანდემიას – რა გავლენა იქონია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა სექტორზე?
პანდემიას ალკოჰოლური სასმელების სექტორზე, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა სექტორზე, ჰქონდა გავლენა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სხვა სექტორებთან შედარებით ისინი უკეთესად გაუმკლავდნენ ამ კრიზისს. ექსპორტის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად სირთულეებისა, თითქმის იგივე (1%-ით ნაკლები) რაოდენობის ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე 2020 წელს, წინა წელთან შედარებით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც კომპანიებმა ფაქტობრივად ვერ მოახერხეს ახალი კონტრაქტების მოძიება, დისტანციურ და ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა ღვინის გამოფენები და კონფერენციები. იმპორტიორ ქვეყნებშიც იყო მთელი რიგი შეზღუდვებისა, რაც თავის მხრივ აისახებოდა პროდუქციის მოთხოვნაზეც. ამ პირობებში მწარმოებელ კომპანიებს რეალიზაციის შენარჩუნების გამო მოუწიათ ფასების შემცირება და შემოსავლის კუთხით 2020 წლის მონაცემი 9%-ით ჩამოუვარდა 2019 წლის მაჩვენებელს. ეს მონაცემი გვქონდა ცალკე აღებული ღვინის მიმართულებით, თუმცა სპირტიან სასმელებთან ერთად სექტორმა ექსპორტის შემოსავლის მხრივ 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 5%-იანი კლება აჩვენა.
გაცილებით რთული ვითარება იყო ადგილობრივ ბაზარზე – მწარმოებელ კომპანიებს ადგილობრივი გაყიდვები საგრძნობლად შეუმცირდათ, რაც დიდწილად ტურიზმის და ჰორეკას სექტორების მხრიდან შემცირებული მოთხოვნით იყო განპირობებული.
პანდემიის პერიოდის ერთ-ერთი გამოწვევა იყო რთველის შეფერხებების გარეშე ჩატარება და ყურძნის მოსავლის დაბინავებაც. ამ მხრივ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის რთველზე ბოლო წლების განმავლობაში რეკორდული, 284 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი ჩაბარდა, მასში დაახლოებით 25 ათასამდე მევენახემ მიიღო მონაწილეობა და 310 მლნ ლარზე მეტი მიიღეს შემოსავლის სახით.
რისკებისა და გამოწვევების ფონზე, რა სახის მხარდაჭერას სთავაზობს საქართველოს ბანკი ალკოჰოლური სასმელების სექტორს?
საქართველოს ბანკისთვის ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მას. დარგის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს სხვადასხვა საშუალებით: თითოეული პროდუქტის დაფინანსების სტრუქტურა მორგებული გვაქვს კონკრეტულად ინდუსტრიის საჭიროებებზე, იქნება ეს რთველში მონაწილეობის, ვენახების გაშენება-აღდგენითი სამუშაოების, მექანიზაციის პროცესის თუ სხვა საჭიროების დაფინანსება, რა დროსაც კომპანიები სარგებლობენ მათზე მორგებული დაფინანსების ოპტიმალური ვადით და საშეღავათო პერიოდით. ამავდროულად, ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების სხვადასხვა პროგრამაში ჩართვით ვცდილობთ სექტორის წახალისებას. ხელს ვუწყობთ საწარმოების მშენებლობას, გადაიარაღებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას – ხშირად ვიყენებთ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებს, რომ პროცესი გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური გახდეს. სპეციალურად გვაქვს გამოყოფილი ენერგოკრედიტი, საწარმოების მზის პანელებით გადაიარაღებისთვის – ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანია მწარმოებლებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოახმარონ.
ექსპორტიორ ღვინის კომპანიებს ხელს ვუწყობთ, მარტივად ჩაერთონ საერთაშორისო ფაქტორინგის და აკრედიტივით ანაზღაურების სქემაში, რათა მათი მხრიდან პროდუქციის ექსპორტზე გატანა ნაკლებ რისკებთან იყოს დაკავშირებული.
ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ვეხმარებით ლიკვიდურობის მაღალი დონის შენარჩუნებაში ასევე ადგილობრივი ფაქტორინგული მომსახურების შეთავაზებით, რომელსაც ხშირად იყენებენ მომწოდებლებთან, მითუმეტეს რომ საქართველოს ბანკმა ვაჭრობის ფინანსირების ეს ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტი წარმატებით გააციფრულა და შედეგად კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ოპერაციები განახორციელონ ონლაინ და უწყვეტ რეჟიმში ადევნონ თვალი მთელ პროცესს.
გარდა ამ პროდუქტებისა, რა თქმა უნდა საოპერაციო კუთხითაც ვცდილობთ სექტორის მაქსიმალურად ხელშეწყობას. ამ მხრივ შეგვიძლია ვახსენოთ ბიზნეს ინტერნეტ ბანკში სპეციალურად რთველის პროცესის გამარტივებისთვის შექმნილი ფუნქციონალი, რომლის მეშვეობითაც კომპანიებს შეუძლიათ ყურძნის შესაძენად საჭირო თანხის გაცემა ელექტრონული ორდერით, რამაც ჩაანაცვლა ეგრეთ წოდებული საფულე ჩეკები და ჩასაბარებელ პუნქტებში ნაღდი ფულის ტარების აუცილებლობა.
ჩვენ არ დავაკლებთ მცდელობას, ჩვენი მხარდაჭერით ალკოჰოლური სასმელების სექტორი კიდევ უფრო გაიზარდოს, გაძლიერდეს, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.