ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple დააპატენტა ახალი ტექნოლოგია, რომელზეც ქართველი მეცნიერი კოლეგებთან ერთად მუშაობდა. ჯუია ჯადიდიანის, მიხეილ წიკლაურისა და ვანიტ პატაკის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია საშუალებას მისცემს კომპანიას მომავალში თავისი მოწყობილობებისთვის განავითაროს პროდუქტი, რომელიც შეძლებს ფიზიკური პირების იდენტიფიცირებას, მათი მოძრაობის აღქმასა და სხვადასხვა ბრძანებების შესრულებას. ამასთან, ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის შეფასდეს ინდივიდების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
ინოვაციური ტექნოლოგია სხვადასხვა სიგნალების საშუალებით ხვდება, როდის იმყოფებით მოწყობილობასთან ახლოს და დეტექტორის მოქმედების არეალში შესვლისას ამ მოწყობილობას თავად ააქტიურებს.
„Apple“-მა უპირატესობა ისეთი სარადარო გადამცემების გამოყენებას მიანიჭა, რომელთაც კომბინირებული – ხმისა და ჟესტიკულაციის – გაშიფვრის საშუალებით, უფრო ზუსტად შეეძლებათ ობიექტის რეალური ადგილმდებარეობის განსაზღვრა. თავის მხრივ, ეს შესანიშნავი საშუალებაა ოთახებსა და სამუშაო სივრცეში კონტროლის დასაწესებლად ისეთ მოწყობილობებზე, როგორებიცაა MacBook, iMac, HomePod, Apple TV და მრავალი სხვა.
ზოგიერთ შემთხვევაში კი ელექტრონულ მოწყობილობას შეეძლება განსაზღვროს სივრცის ერთი ან რამდენიმე განზომილება, საგნის აკუსტიკური თვისებები ან გარემოში მიმდინარე პროცესები – აქედან გამომდინარე, სარადარო გადამცემების გაზომვითი ტექნიკების საშუალებით, შესაძლებელია ინდივიდის, საგნისა და მოვლენების მდებარეობის განსაზღვრა არა მხოლოდ სტატიკურ, არამედ – დინამიკურ, მოძრავ მდგომარეობაშიც.
უფრო მეტიც, ინდივიდების იდენტიფიკაციის შესაძლებლობამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სისტემის გაუმჯობესებასა და უნიკალური ინტერფეისების შექმნას ელექტრონული მოწყობილობის სამართავად.
გარდა ამისა, მოცემული მდებარეობის დადგენისას, ელექტრონულ მოწყობილობას შეეძლება მოისმინოს ინდივიდის მიერ ვერბალური ფორმით გაცემული სხვადასხვა სახის ბრძანება ან მის მიერვე წინასწარ განსაზღვრული სხვა საშუალებებით (ჟესტის გამოყენებით ან გაზომილი რადარის სიგნალების გამოვლენით) ნაკარნახევი მითითებები.
„Apple“ – ის საპატენტო განაცხადი 20200088870 აშშ-ში, 19 მარტს გამოქვეყნდა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მისი ბაზარზე გამოშვების ზუსტი თარიღი.
წყარო – patentlyapple