Apple-ის მიმდინარე წლის საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
ბრენდის წარმატება მისი აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის დამსახურებაა, რომელიც კომპანიას 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ბოლო ორი წელი Apple-ისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კუკს მოუწია მანევრირება აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის განმავლობაში. ამასთან, პანდემიის პირობებში, აღმასრულებელი დირექტორი იძულებული გახდა Apple-ის ასობით საცალო მაღაზია დაეხურა. შეფერხების მიუხედავად, Apple-მა შექმნა ახალი iPad Pro და შედარებით მცირე ღირებულების iPhone. ასევე, Apple-მა ცოტა ხნის წინ აჩვენა კვარტალური გაყიდვები და მოგება, რომელიც ბევრად აღემატებოდა Wall Street-ის მოლოდინს.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს 38 წელი დასჭირდა მისი პირველი ტრილიონი დოლარის მოსაპოვებლად, შემდეგ ტრილიონს 2 წელიწადში მიაღწია მას შემდეგ, რაც კომპანიამ გააფართოვა თავისი მოწყობილობები iPhone-ის, Apple Watch-ისა და AirPods-ის უახლესი ვერსიებით. ამასთან, შექმნა ციფრული მომსახურებები.
კომპანია ასევე ცდილობს, გააძლიეროს თავისი შეთავაზებები ახალი აქსესუარებით, ყურსასმენებითა და აიპადით. ამასთან, ავითარებს Mac-ს პროცესორებით და iPhones-ს საკუთარი ფიჭური მოდემებით. ახალი პროდუქციის განვითარებასთან ერთად, ქმნის დამატებით მოწყობილობებს: VR ყურსასმენსა და მსუბუქ AR სათვალეებს, რომელთა გამოშვებაც 2022-2023 წლებში იგეგმება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნოლოგიური გიგანტი შემოდგომაზე ოთხი ახალი iPhone- ის გამოშვებას გეგმავს, 5G შესაძლებლობებით, iPhone X-ის შექმნიდან სამი წლის შემდეგ, რომელსაც ათობით მილიონი მომხმარებელი ელის.
უახლესმა შედეგებმა Apple-ის პოზიცია მსოფლიო ბაზარზე საგრძნობლად გაამყარა და ყველაზე ღირებულ კომპანიად აქცია, რის შედეგადაც კომპანია განსაკუთრებით მიმზიდველი ინვესტორებისთვის გახდა.
Apple მისი საფონდო ზრდის შესანარჩუნებლად მოწყობილობების განვითარებასთან ერთად სერვისების გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს.