გარდა იმისა, რომ IOS 14 ვიზუალურად მკვეთრად შეიცვალა და ტექნიკურადაც გაძლიერდა, მასში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უსაფრთხოების სტანდარტებიც.
უფრო კონკრეტულად, App Store-ში განთავსებულ ყველა აპლიკაციას შეექმნა ვალდებულება, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს ის პროცესები, რომელსაც ის თქვენს სმარტფონში წარმართავს და თქვენი ნებართვის გარეშე არ ჰქონდეს წვდომა არც ერთი სახის ინფორმაციასთან. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, თუ როდის და რომელი აპლიკაცია იყენებს სმარტფონის მიკროფონსა და კამერას, ასევე, აქვთ თუ არა წვდომა ფაილებზე, მაგალითად, ფოტოებზე.
შეზღუდვები არა მხოლოდ App Store-ში განთავსებულ აპლიკაციებს, არამედ Apple-ის საავტორო პროგრამულ უზრუნველყოფასაც ეხება. მაგალითად, Safari-ს აღარ ექნება წვდომა ინფორმაციაზე თქვენს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ უახლოესი მაღაზიის მოძებნა გინდათ, ამისთვის პირადი ინფორმაციის დათმობა აღარ მოგიწევთ.
IOS 14-ის ოფიციალური გამოქვეყნების სავარაუდო თარიღად 2020 წლის სექტემბერი მოიაზრება. სექტემბრამდე კი ხელმისაწვდომია ბეტა ვერსია, რომელიც დეველოპერებისთვისაა განკუთვნილი.