სიახლეები, რომლებიც Apple-მა WWDC20 კონფერენციაზე დაანონსა

სხვა სიახლეებთან ერთად, Apple-მა საათების, ტელეფონების, პლანშეტებისა და კომპიუტერების ახალი, კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ოპერატიული სისტემები წარმოადგინა, – ამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს, მსოფლიო დეველოპერების ონლაინკონფერენციაზე გავრცელდა.

Photo Credits to Apple Corp.

iOS 14

განახლებათაგან ერთ-ერთი, Apple-ის უმნიშვნელოვანეს პროდუქტს, iPhone-ს შეეხო. ტექნიკური გაძლიერების გარდა, ახალ ოპერატიულ სისტემას ვიზუალური ცვლილებებიც მოჰყვება. პირველად Apple-ის ისტორიაში, მომხმარებლები მათ გემოვნებასა და საჭიროებაზე მორგებულ სხვადასხვა ზომის ვიჯეტების გამოყენებას შეძლებენ. ამას გარდა, აპლიკაციების დაჯგუფება სხვადასხვა კატეგორიად, ე. წ. „App Library”-ში შეგეძლებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ Apple-ის ხმოვანი დამხმარე „სირი“ და ტელეფონზე შემოსული ზარები მთელ ეკრანს აღარ დაიკავებს, რაც რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთების საშუალებას მოგცემთ.

Photo Credits to Apple Corp.

iPadOS 14

Apple-ის პლანშეტების მომხმარებლებისთვის, ტექნოლოგიურ გიგანტს რამდენიმე სიახლე აქვს: iPad-ს ადამიანის კალიგრაფიის ამოცნობა შეეძლება, ამისათვის კი, მხოლოდ Apple Pencil-ის გამოყენება დაგჭირდებათ. ამას გარდა, შეიცვალა ძებნის ღილაკი და იმისათვის, რომ პლანშეტზე შენახული ნებისმიერი ფაილი იპოვოთ, აპლიკაციიდან გამოსვლა აღარ დაგჭირდებათ.

Photo Credits to Apple Corp.

MacOS Big Sur

ტექნიკურად გაძლიერდა და ვიზუალურად დაიხვეწა ისეთი დეველოპერული პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამები, როგორიცაა Xcode, SwiftUI და Mac Catalyst. ამას გარდა, კიდევ უფრო გაძლიერდა Apple-ის ვებ-ბრაუზერი Safari და App Store-ი, დაიხვეწა მონაცემების დაცვის მექანიზმებიც.

Photo Credits to Apple Corp.

watchOS 7

ტექნოლოგიური გიგანტი თანამედროვე მოვლენებს არ ჩამორჩა და Apple Watch-ს ხელების დაბანის წამზომი დაუყენა, რომელიც ავტომატურად მას მერე ირთვება, რაც მომხმარებელი, რომელსაც საათი მაჯაზე უკეთია წყალს მოუშვებს. წამზომი ოცი წამის განმავლობაში არ ითიშება და იმ შემთხვევაში, თუკი ხელების დაბანას ამ დროზე ნაკლები ხნის განმავლობაში გაწყვეტთ, წამზომი ძალიან შეგაწუხებთ. ამას გარდა, Apple Watch-ს ორი საინტერესო ფუნქცია დაემატა: ძილის მონიტორინგი და დიზაინის გაზიარება.

Photo Credits to Apple Corp.

tvOS 14

Apple TV-ის ახალი თაობის ოპერატიული სისტემის დახმარებით, თქვენი ტელევიზორის მიერთება ჭკვიანი სახლის სისტემასთან შეგეძლებათ, რისი წყალობითაც, თქვენს კართან მდგომი სტუმრის ვიდეოგამოსახულებას უშუალოდ ტელევიზორის ეკრანზე მიიღებთ. ამას გარდა, დაიხვეწა Apple TV-ში შემავალი ვიდეოთამაშების სისტემა.

Photo Credits to Apple Corp.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ოპერატიული სისტემების გამოსვლის ზუსტი თარიღი ტექნოლოგიურ გიგანტს არ დაუანონსებია, მათ შემოდგომაზე, Apple-ის სხვა პროდუქტებთან ერთად უნდა ველოდოთ.