მაკა ანთიძეს ჟურნალისტად მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 25 წლის განმავლობაში მუშაობდა Reuters-ის კავკასიის ბიუროში, ჯერ როგორც კორესპონდენტი და მოგვიანებით, უფროსი კორესპონდენტის თანამდებობაზე. ამბობს, რომ უკიდურესად დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, პროფესიულ არჩევანში გაუმართლა, რადგან აკეთებდა იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებდა.
დღეს პროექტ „64“-ის მთავარი რედაქტორია. ჰყვებიან ამბებს მარტივად და გასაგებად.
კითხულობს ლექციებს, ატარებს ტრენინგებს და ამბობს, რომ ეს სწავლებაზე მეტად გამოცდილების გაზიარებაა.
გამოცდილებას ჩვენც გვიზიარებს. გვიყვება სათქმელის პოვნისა და გადმოცემის ხელოვნებაზე.
ამბებზე, რომლებიც პროფესიული ჩვევის გამო სულ ფორმას ეძებენ: რა დაარქვა, როგორ დაიწყო, რა გაქვს მოსაყოლი.
და იმ ამბავზე, მოსაყოლი ყველას რომ აქვს. როგორც მაკა ანთიძის საყვარელ სიმღერაშია ნინა სიმონთან: „ყოველთვის გვაქვს რაღაც ამბავი“.
We always have a story
მაკა, რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი, რა იყო მოტივაცია, მიბაძვის ან მოწონების ობიექტი თუ არსებობდა?
საქმე ისაა, რომ მე ძალიან დიდი ხნის წინ გავაკეთე ეს არჩევანი ‒ სულ სხვა ქვეყანაში და სულ სხვა ეპოქაში. ეს იყო 1987 წელი, საბჭოთა კავშირი და საბჭოთა საქართველო, მე-20 საუკუნე. პრინციპში, მაშინ არჩევანის დიდი შესაძლებლობა არც იყო. სკოლაში სულ თავისუფალ თემებს ვწერდი და ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ჟურნალისტი გავმხდარიყავი. ვფიქრობდი, რომ ხალხს შევხვდებოდი, დაველაპარაკებოდი და რაღაცებზე დავწერდი. უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საინტერესო ლექცია გვქონდა, გვასწავლიდნენ საბჭოთა ჟურნალისტიკას, რომელიც ძალიან შორს იდგა იმისგან, რაც არის მედია, ზოგადად.
დავწერდიო, ახსენეთ. ბეჭდურ მედიაში უფრო ხედავდით საკუთარ თავს თუ ტელევიზიაში?
უფრო ბეჭდურ მედიაში, იქიდან გამომდინარე, რომ ვწერდი. სტუდენტობისას სტაჟიორად ვმუშაობდი რუსულენოვან გაზეთში, რომელსაც ერქვა „საქართველოს ახალგაზრდობა“. კულტურაზე ვწერდი პატარა ჩანახატებს, როგორც მაშინ ეძახდნენ. 1989 წლის აპრილში თბილისში ჩამოსული იყო ცნობილი ფოტოგრაფი იური როსტი, რომელმაც 9 აპრილის ღამეს გადაიღო ფოტოები. ეს იყო, ალბათ, იმ ღამის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები. საბჭოთა გაზეთში, სადაც, ძირითადად, ახალგაზრდები ვმუშაობდით, მთელი ღამის განმავლობაში ბჭობდნენ, დაებეჭდათ ეს ფოტოები თუ არა. ალბათ, გესმით, რა რისკებთან იყო ეს დაკავშირებული. ბოლოს მთელმა რედაქციამ გადაწყვიტა, რომ ფოტოები უნდა დაბეჭდილიყო. დაიბეჭდა რუსული ტანკები, ჯარისკაცები, მთელი ის კოშმარი, რაც იმ ღამით ხდებოდა. მაშინ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ სტაჟიორად ვმუშაობდი გაზეთში, რომელმაც ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო.
Reuters-ში როგორ მოხდვით?
Reuters-ის კავკასიის ბიურო, რომლის ცენტრიც თავიდანვე თბილისში იყო, შეიქმნა 1994 წელს. აქ იყო ჩამოსული წარმოშობით ამერიკელი ჟურნალისტი ლოურენს შიტსი, რომელმაც 1995 წელს Reuters-ში მუშაობის დაწყება შემომთავაზა. მაშინ მთავარ კორესპონდენტად ვმუშაობდი ერთ-ერთ ადგილობრივ სააგენტოში, რომელიც სულ ახალი შექმნილი იყო. იმ პერიოდში ჩემი იქიდან წამოსვლა არ იქნებოდა სწორი. ეს ავუხსენი ლოურენსს, მას ძალიან გაუკვირდა, ხომ ხვდები რას გთავაზობ და რაზე ამბობ უარსო, მაგრამ იქვე მითხრა, ძალიან მომწონხარ, მგონია, რომ Reutersში უნდა იმუშაო, ამიტომ ცოტა ხანს დაგელოდებიო. ზუსტად ერთ წელიწადში კიდევ ერთხელ შემომთავაზა. ამ დროისთვის ის სააგენტოც უკვე კარგად მუშაობდა და 1996 წლის სექტემბრიდან გადავედი Reuters-ში. ვწერდი ინგლისურ და რუსულ ენებზე. პირველივე თვეებიდან მინდოდა ინგლისურად მეტი მეწერა, ამიტომ სულ ვკითხულობდი, სულ ვსწავლობდი ‒ ლოურენსისგან, რომელიც ბიუროს შეფი იყო, ასევე სხვა კოლეგებისგან, დავდიოდი ტრენინგებზე და სულ უფრო და უფრო მეტს ვწერდი ინგლისურად.
Reuters-ში კორსპონდენტად მუშაობის პარალელურად, ხელმძღვანელობდით კავკასიის ბიუროს. მართვა კიდევ სხვა გამოწვევა იყო, ალბათ. ეს რა უნარებს, რა შესაძლებლობებს მოითხოვს?
2001 წელს გავხდი Reuters-ის კავკასიის ბიუროს უფროსი კორესპონდენტი. კავკასიის ბიურო აშუქებდა მოვლენებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კლიშე ფორმულაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისე უნდა მოექცე შენს თანამშრომლებს, როგორც შენ გინდა შენი უფროსი მოგექცეს. ჩვენ მეგობრული კი არა, ოჯახური ურთიერთობა გვქონდა, დღემდე ოჯახის წევრებივით ვართ.
ხშირია კამათი იმასთან დაკავშირებით, სჭირდება თუ არა ჟურნალისტს ჟურნალისტური განათლება. ამაზე რა აზრის ხართ?
ჩემი აზრით, მომავალი ჟურნალისტისთვის აკადემიური განათლება აუცილებელი არ არის. ეს არის ხელობა, რომელიც შეიძლება ერთ-ორ წელიწადში ისწავლო. ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, მომავალ ჟურნალისტებს, სულ ვეუბნები, რომ უმნიშვნელოვანესია მათი ერუდიცია, განათლება, უცხო ენების ცოდნა, იმიტომ, რომ იმას, რასაც ხელობა ჰქვია, გასწავლიან. თუ გინდა კარგი ჟურნალისტი იყო, უნდა იყო მსოფლიოში მიმდინარე ამბებით დაინტერესებული, ინფორმირებული. არავითარ შემთხვევაში მხოლოდ ადგილობრივი ამბებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს შენი საინფორმაციო სამყარო. აუცილებლად უნდა იცოდე რა ხდება სხვაგან, იმისთვის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია კონტექსტში დაინახო. ამის გარეშე კარგი ჟურნალისტი ვერ გახდები. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალგაზრდა ადამიანებმა შეიძლება სხვა ფაკულტეტზე ისწავლონ, გარკვეული ცოდნა მიიღონ და შემდეგ გადაწყვიტონ, რომ იყვნენ ჟურნალისტები. მაგალითად, ისწავლონ ეკონომიკის ფაკულტეტზე და შემდეგ ბევრად უფრო კომპეტენტურად წერონ ბიზნესზე, ეკონომიკის საკითხებზე და ა. შ.
და რაზე უნდა დაფიქრდეს ის, ვისაც უნდა, რომ ჟურნალისტიკაში იმუშაოს? რა კითხვები უნდა დაუსვას მან საკუთარ თავს?
ალბათ, ნებისმიერ პროფესიას სჭირდება თავდადება, მაგრამ ამ პროფესიას შეიძლება ოდნავ უფრო მეტი, ვიდრე ბევრ სხვას. შენ უნდა იყო მზად 24-საათიანი მუშაობისთვის, იმიტომ, რომ ახალი ამბავი არ იძინებს, სულ ჩვენ ირგვლივაა და ჩვენც სულ მზად უნდა ვიყოთ, გავაშუქოთ ეს ახალი ამბები. კომუნიკაბელური ადამიანი უნდა იყო, ადამიანებთან ურთიერთობა შეგეძლოს ‒ ამის სწავლაც შეიძლება. ჟურნალისტიკა არაა სოლო პროფესია ‒ სადაც უნდა იმუშაო, გუნდში გიწევს მუშაობა და უნდა გქონდეს იმის უნარი, იფიქრო არა მარტო შენს თავზე, არამედ ამ გუნდის წევრებზე და, რაც მთავარია, საბოლოო პროდუქტზე.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კრიტიკული აზროვნება, რომელიც კარგი იქნებოდა ბავშვობიდან, სკოლიდან უყალიბდებოდეთ ადამიანებს. უნარი, რომ კრიტიკულად შეხედო ნებისმიერ ამბავს, ადამიანსაც კი ‒ ხანდახან ეს შეიძლება შენი მშობელი ან შენი მეგობარი იყოს; ან ისეთი თემები და მოვლენები, რომლებიც შეიძლება საზოგადოებისთვის ხელშეუხებელია, რადგან რაღაც დიდ ფასეულობას წარმოადგენს, მაგრამ შენ როგორც ჟურნალისტმა ამას უნდა უყურო კრიტიკული თვალით. არა ჩასაფრებული პოზიციიდან, არამედ მზადყოფნით, რომ თუ რაღაც უარყოფითი თვისება ან მოვლენაა, იმაზე გაამახვილო ყურადღება, რათა ის გამოსწორდეს. საბოლოო მიზანი ხომ ისაა, რომ ვემსახურებით საზოგადოების ინფორმირებას და ამ საზოგადოების, ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლას.
თქვენ ახსენეთ ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება, რომელიც შეიძლება ისწავლო. თქვენს შემთხვევაში როგორ იყობუნებრივად გქონდათ ეს თუ მერე განავითარეთ საკუთარ თავში?
მე პირადად ბავშვობიდან კომუნიკაბელური ვიყავი და არ მიჭირდა ურთიერთობები. თან, ალბათ, ისიც მეხმარებოდა, რომ დავდიოდი ბალეტზე, მერე ‒ ქართულ ცეკვაზე, კონცერტები მქონდა, სცენაზე მიწევდა გასვლა. არ ვამბობ, რომ შიში და მღელვარება არ მქონდა, მაგრამ სიამოვნება მეტი იყო, ვიდრე ღელვა. დღესაც, როცა ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრენინგების ჩატარება და ლექციებია, აუდიტორიის წინ გამოსვლა, ადამიანებთან საუბარი, მათთან კომუნიკაციის დამყარება ნაკლებად მიჭირს.
ოდესმე დაეჭვებულხართ თუ არა იმაში, რამდენად სწორად აირჩიეთ პროფესია? და აქვე გკითხავთ – წლების განმავლობაში ბევრი იყო ისეთი მომენტი, როცა პროფესიისგან ერთგვარი დასტური მიგიღიათ იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად სწორ ადგილზე ხართ მოხვედრილი?
ეს ეჭვი იყო სტუდენტობის პერიოდში და ისევ და ისევ იმის გამო, რომ რასაც გვასწავლიდნენ, არ მომწონდა. გვასწავლიდნენ საბჭოთა სახელმძღვანელოებით. ეს იყო 80-იანი წლების ბოლო და 90-იანების დასაწყისი, რომელიც დიდ ისტორიულ ცვლილებებს დაემთხვა საქართველოში, დაიწყო ეროვნული მოძრაობა და დაიწყეს ჩამოსვლა უცხოელმა ჟურნალისტებმა. მე გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ვმუშაობდი თარჯიმნად, რადგან ინგლისურ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი და ნორმალურ დონეზე ვიცოდი. ვმუშაობდი ასევე „ფიქსერად“ ‒ მათთვის ორგანიზებას ვუკეთებდი შეხვედრებს, ინტერვიუებს და ა.შ. მაშინ პირველად, ჯერ კიდევ სტუდენტმა, დავინახე თურმე რა არის ჟურნალისტიკა, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები. და ეს ძალიან მომეწონა. გარდა ამისა, ერთერთი სააგენტოს კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა. იმდენად საინტერესო ამბები ხდებოდა, ჩემი ეს ეჭვი სადღაც წავიდა და დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ამ საქმის კეთება მინდოდა. ამიტომ პროფესიული არჩევანი არასდროს მინანია. მიუხედავად ბევრი რთული სიტუაციისა, რომელშიც აღმოვჩენილვარ, მიუხედავად დაღლისა, გადაბმული დღე-ღამეებისა. იცით, როგორაა? ‒ იმდენად უნდა გიყვარდეს, იმდენად უნდა გიღირდეს, რომ რაღაცები გადადო. დასტურს რაც შეხება, ესეც ძალიან მარტივადაა ‒ ყოველ ჯერზე, როცა წერ კარგ სტატიას, აკეთებ კარგ რეპორტაჟს, რომელიც ყველანაირ სტანდარტს შეესაბამება და აცნობიერებ, რომ სწორად და კორექტულად, მიკერძოების გარეშე უყვები ადამიანებს რა მოხდა ‒ იღებ ამ დასტურს. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობ ‒ ყოველთვის ბედნიერი ვიყავი ამ საქმით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ, აი, ვგიჟდები ჩემს სტატიებზე, მაგრამ არის სიტუაციები, განსაკუთრებით, დიდი ამბების, მაგალითად, კონფლიქტების გაშუქებისას, რომ ან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, ან კარგი ინტერვიუ გამოგივა და ეს ყველაფერი დასტურია სწორი არჩევანის. ისევე, როგორც ნებისმიერი კარგად ჩატარებული ოპერაცია ქირურგისთვის, გადარჩენილი სიცოცხლე; ნებისმიერი ბავშვი, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ რაღაცას აღწევს, მასწავლებლისთვის დასტურია, რომ კარგად აკეთებს თავის საქმეს.
ერთგან ამბობთ, რომ ჟურნალისტისთვის უმნიშვნელოვანესია მოსმენის უნარი, კარგად წერის კულტურა და ემოციების მოთოკვის უნარი. ბოლო პუნქტი რამდენად გადამწყვეტია?
ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვყოფილვართ ემოციურად რთულ სიტუაციებში, კონფლიქტების, პროტესტების გაშუქების დროს, ან, უბრალოდ, იმ ადამიანებთან საუბრისას, რომლებიც გიყვებიან თავიანთ მძიმე, ტრაგიკულ ისტორიას. მე არ ვამბობ, რომ გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო ეს ამბები. პირიქით, თუ გულთან ახლოს აღარ მიგაქვს ადამიანების ისტორიები, ალბათ, უნდა წახვიდე პროფესიიდან. მაგრამ ემოციებს არ უნდა აჰყვე. პროტესტის გაშუქების დროს ხშირად ვხედავთ ჟურნალისტებს მოვლენების შუაგულში და არა ისეთ პოზიციებზე, საიდანაც ეს ამბები კარგად ჩანს, კარგად შეგიძლია გადაიღო, გაიაზრო რა ხდება. არადა, რისთვის ხარ იქ, შენ არ ხარ არც პროტესტის მონაწილე, არც აქტივისტი, არც პარტიის წევრი, არამედ ხარ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებს, რომლებიც იქ არ არიან, უყვები რა ხდება. ემოციების მოთოკვა მოდის გამოცდილებასთან ერთად, მაგრამ კიდევ ერთხელ ‒ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტები ინდიფერენტული, ცივი გულის მქონე ადამიანები ვართ და არ განვიცდით იმას, რასაც ვხედავთ. უბრალოდ, ვცდილობთ მოვთოკოთ ემოციები იმისთვის, რომ კარგად გავაკეთოთ ჩვენი საქმე.
გახსენდებათ შემთხვევები, როცა განსაკუთრებით დიდ ძალისხმევად დაგიჯდათ ამ ემოციების მოთოკვა?
ალბათ, ომზე თვალსაჩინო მაგალითი არ არსებობს. და როცა ომი შენს ქვეყანაში ხდება, ეს ასმაგად უფრო რთულია. ამ დროს შენ ერთდროულად ხარ ადამიანი, მოქალაქე, დედა, მეგობარი, შვილი და ჟურნალისტი. ფიქრობ, ნერვიულობ, გაქვს ბრაზი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაიპყრეს შენი ქვეყანა, რომლებიც გეომებიან. მაგრამ იმ მომენტში, როცა მუშაობ, ეს უნდა გადადო. მაგალითად, მე, მაკა ანთიძეს, ძალიან არ მომწონს პოლიტიკოსი ვლადიმერ პუტინი და შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო როგორი საშინელი ადამიანია ის და, საერთოდ, რას სჩადის დღეს უკრაინაში, თუმცა მე რომ ხვალ ინტერვიუ მქონდეს ვლადიმერ პუტინთან, ძალიან ვეცდები დავსვა ყველაზე საჭირბოროტო შეკითხვები, მაგრამ ჩემს აბსოლუტურ ანტაგონიზმს ამ ადამიანის მიმართ აუცილებლად მოვთოკავ და ვერავინ გაიგებს რას ვგრძნობ, როცა მას ვესაუბრები.
როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის?
ინტერვიუსთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. შენ უნდა შეისწავლო ეს ადამიანი. უნდა გაეცნო მის განცხადებებს, გამოსვლებს. თან ინტერვიუს დროს ხომ მარტო ის შეკითხვები არ უნდა დასვა, რაც მომზადებული გაქვს, არამედ უსმენ ადამიანს, მიჰყვები მას და იქიდან გამომდინარე, რასაც ამბობს, ახალ შეკითხვას სვამ. საერთოდ, მე სულ ვამბობ, რომ არ არსებობს ზედმეტი შეკითხვა. რაც შეიძლება ბევრი კითხვა ჩამოწერეთ წინასწარ, რადგან შეიძლება ერთი შეკითხვა დაუსვა ადამიანს და მან შენს მომზადებულ სამ შეკითხვას ერთად უპასუხოს. პირადად ჩემთვის ინტერვიუ იმიტომაცაა ყველაზე საყვარელი და ერთერთი ყველაზე გამომწვევი ჟანრი, რომ მუშაობისას სულ ყურადღებით ხარ, სულ უსმენ, თან სულ ფიქრობ რით დაიწყებ, რა შეიძლება იყოს სათაური, როგორი იქნება პირველი აბზაცი, გაქვს თუ არა ამბავი საერთოდ? თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი რესპონდენტები სხვადასხვა ტიპის ადამიანები არიან. ზოგი ძალიან ბევრს საუბრობს, ზოგი ორ სიტყვას იტყვის, გაჩერდება და გიყურებს. აი, ეს გრძელი პაუზა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ინტერვიუს დროს, განსაკუთრებით ტელევიზიაში. ინტერვიუ ტანგოა, ორი ცეკვავს, ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც შენ უძღვები პროცესს და ეს რთულია. გამოცდილებასთან ერთად მოდის პატარ-პატარა ტექნიკების ცოდნა, როგორ მოიქცე კონკრეტულ სიტუაციაში. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ‒ შენს ჩაცმულობას, შენი სხეულის ენას… მე ვერ ვიტან ფამილიარობას ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის, მაგრამ გარკვეული კონტაქტი აუცილებლად უნდა დამყარდეს. გააჩნია რამდენი დრო გაქვს ინტერვიუსთვის. თუ ცოტა მეტი დრო გაქვს, მაშინ შეიძლება მეორეხარისხოვანი შეკითხვებით დაიწყო, თავისუფალი გარემო შეუქმნა ადამიანს. თუ ნაკლები დრო გაქვს, მაშინ პირდაპირ გადადიხარ მნიშვნელოვან შეკითხვებზე. რას აკეთებ იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტი თავს არიდებს კითხვაზე პასუხს? თავიდან უნდა დასვა შეკითხვა, მაგრამ არა იგივე სიტყვებით, არამედ სხვა მხრიდან მოუარო ადამიანს. როდესაც რიცხვებზეა საუბარი, პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს არ უყვართ კონკრეტული რიცხვების დასახელება. ამ დროს ყოველთვის შეიძლება დაუკონკრეტო: ასობით? ათასობით? მილიონობით? დააზუსტებინო ვალუტა: ევრო? დოლარი? ლარი? სერიოზული მომზადებაა საჭირო შეკითხვების კუთხვით, ფსიქოლოგიური მომზადების კუთხით და რესპონდენტის შესწავლის კუთხით.
ჟურნალისტები არ უყვართ არც ჩვენს ქვეყანაში და არც სხვაგან. რა არის ამის მიზეზი?
ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი, ყველაზე მარტივი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ, ძირითადად, ცუდ ამბებს ვყვებით. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებამაც ძალიან ბევრი გააკეთა ჟურნალისტების დისკრედიტაციისთვის, ეს ნამდვილად იგრძნობა. და მესამეა ის, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან პოლარიზებული მედია გარემო და თვითონ ჩვენ, ჟურნალისტებმა, ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ, აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს ხალხს ჩვენ მიმართ, რადგან ხშირად არ ვიცავთ პროფესიულ ეთიკურ სტანდარტებს, მაგალითად, როგორ დასვა შეკითხვა, როგორ გააკეთო რეპორტაჟი, დაწერო სტატია. ჩვენ თვითონ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა გავაკეთეთ არასწორად, რა დავაშავეთ, რა შეგვეშალა, რის შედეგადაც ასეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ჩვენი პროფესიის მიმართ. მაგრამ ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ და არა მთავრობამ. მთავრობას მედიის კრიტიკის უფლება არ აქვს, რადგან მას მედია არასდროს მოსწონს. არ მოსწონს არც დღევანდელს, არც გუშინდელს. ეს სულ ასე იყო, რადგან ჩვენ, ძირითადად, ვაკრიტიკებთ მთავრობას, ეს არის ჩვენი მანდატი.
ისეთი პროფესიაა, რომ ძალიან დიდ დროსა და რესურსს იწირავს. სინანული თუ გქონიათ იმ დროის გამო, რომელიც წაიღო და რომელიც შეიძლებოდა სხვა რამეებს მოხმარებოდა?
მე მყავს შვილი, რომელიც ახლა უკვე 29 წლისაა და მაშინ, როცა Reuters-ში ვიწყებდი მუშაობას, პატარა ბავშვი იყო. ბოლომდე არ მაქვს პასუხი, მენანება თუ არა ის დრო, რომელიც მას დავაკელი. იმ პერიოდში, პირდაპირ გეტყვით, ნამდვილად მქონდა კომპლექსი, რომ საკმაო დროს ვერ ვუთმობდი ჩემს შვილს და ამის გამო სულ სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი. ხანდახან შაბათსაც მიწევდა მუშაობა, კვირასაც, მიწევდა გვიან მოსვლა, ადრე წასვლა… ერთი ის იყო, რომ დროს, რომელსაც ზუკასთან ვატარებდი, მთლიანად მას ვუძღვნიდი. ჩვენ სულ ვსაუბრობდით, ვმეგობრობდით. მე ვფიქრობ, რომ როცა შენ გულწრფელობას ითხოვ შენი შვილებისგან, თვითონაც ზუსტად ასეთივე გულწრფელი უნდა იყო მათთან. სხვანაირად ვერ მიიღებ ამ გულწრფელობას. ერთხელ, როცა ზუკა უკვე თინეიჯერი იყო, ვუთხარი, რომ მის ბავშვობაში ძალიან განვიცდიდი ერთად გატარებული დროის დეფიციტს. მან მითხრა აბსოლუტურად გენიალური ფრაზა: მე მგონია, შენ რომ სულ სახლში ყოფილიყავი, ჩემთან, არ იქნებოდი უკეთესი დედაო. და თან ძალიან მომწონს რასაც აკეთებ და ძალიანაც ვამაყობ შენითო. ეს იყო უდიდესი ჯილდო ჩემთვის, გამართლება ყველა იმ პერიოდის, როცა მე არ ვიყავი მასთან; იმ დროის, რომელიც დავაკელი.
რთულია პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი?
თუ წყვილში ორივეს აქვს საინტერესო საქმე, თუ ორივე შეყვარებულია თავის პროფესიაში, მაშინ არაა რთული. ამ შემთხვევაში იოლად იგებ რატომ შეიძლება ადამიანი თავდადებული იყოს თავისი საქმისთვის. დღეს მე მაქვს ეს კომფორტი. ჩემს საყვარელ ადამიანს უხარია ჩემი ყველა წარმატება, ყველა კარგი ამბავი, ზუსტად ისევე, როგორც მე ვარ აღფრთოვანებული მისი პროფესიით.
დღეს GIPA-ში ასწავლით. რამდენად გიყვართ ეს პროცესი? ერთია, ამის საჭიროებას, მნიშვნელობას აცნობიერებდე და მეორე ‒ სიამოვნებას იღებდე ამით.
2020 წლის ბოლოს Reuters-ის კავკასიის ბიურო სხვადასხვა მიზეზის გამო დაიხურა, რაც ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. თუმცა ჯერ კიდევ იქ მუშაობის დროს, ხანდახან მიჩნდებოდა ხოლმე აზრი, რამდენ ხანს უნდა ვიყო ახალი ამბებს გაშუქებაში და, ალბათ, შემდეგი ეტაპი ამ გამოცდილების გაზიარება იქნებამეთქი. გარკვეული გამოცდილება მქონდა: Reuters-ში მუშაობის დროს ხან მოწვეულ სპიკერად მპატიჟებდნენ, ხან ლექციებს ვკითხულობდი, ერთი-ორი ტრენინგიც ჩავატარე. ბიურო რომ დაიხურა, პირველი თვეები დილით ვიღვიძებდი და ვფიქრობდი, ეს უნდა დავწერო, ის უნდა დავწერო, ესაა მთავარი ამბავი… მერე მახსენდებოდა: არ უნდა დავწერო. სად უნდა დავწერო? აღმოჩნდა, რომ ამაზე დამოკიდებული ვარ და, ალბათ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიქნები. ახალ ამბავს რომ ვისმენ ან ვკითხულობ, ისევ ვაანალიზებ და ვფიქრობ: ამით დავიწყებდი.
რაც შეეხება ახალგაზრდებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, მგონია, რომ ძალიან გამიმართლა. უდიდეს ენერგიას მაძლევენ ისინი, ბევრს ვსწავლობ მათგან. საერთოდ სხვა თაობაა, სხვა ტექნოლოგიურ სამყაროში ცხოვრობენ. მე მათ კი არ ვასწავლი, უბრალოდ, გამოცდილებას ვუზიარებ.
გარდა იმისა, რომ ვკითხულობ ლექციებს და ვატარებ ტრენინგებს, იანვარში დავიწყე მუშაობა ასეთ პროექტზე, რომელსაც ჰქვია 64. ეს პროექტი ერთი წლის წინ მოიფიქრა ჩემმა კოლეგამ, ახალგაზრდა ჟურნალისტმა გიორგი გოგუამ და წელს უკვე მეც მომიწვია მთავარ რედაქტორად ამ გუნდში. ჩვენ ვქმნით ვიდეო კონტენტს, რომელიც ემსახურება მაყურებლისთვის უკვე მომხდარი ახალი ამბების ახსნას, იმის ჩვენებას, თუ რით ეხება მათ ცხოვრებას ეს ამბავი. დასავლეთში არსებობს და პოპულარულია მედიის ეს მიმართულება, საქართველოში, შეიძლება ითქვას პიონერები ვართ. აქაც ახალგაზრდებთან ვმუშაობ და ძალიან მომწონს ეს.
ტექნოლოგიების და ყველა სხვა ცვლილების გათვალისწინებით, რა დარჩა წლების განმავლობაში უცვლელი?
უცვლელი დარჩა ძირითადი სტანდარტები. ის, რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება, არ უნდა იყოს მიკერძოებული, უნდა ჰქონდეს საკუთარი პროფესიული ეთიკა, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან დაკავშირებულია მის ადამიანურ ეთიკასთანაც.