უწყვეტ განვითარებაზე დაფუძნებული წარმატება | ინტერვიუ ნატალია ანჯაფარიძესთან

ნატალია ანჯაფარიძის თავგადასავალი თბილისში, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იწყება. მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული ვითარებისა, ის ყოველთვის ეძებდა სწავლასა და კარიერული განვითარების გზებს – გაყინულ აუდიტორიაში მჯდომი ნატალია რეზიუმეებს ამზადებდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ფოტო: Michael Kleinespel

მკაფიო ხედვამ, სად შეიძლებოდა საკუთარი შრომით წარმატებისთვის მიეღწია, და უწყვეტმა ძიებამ ნატალია BP-ის თბილისის ოფისში დაასაქმა, შემდეგ იყო USAID-სთვის მუშაობა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, კვლავ BP თბილისში და მოგვიანებით, გლობალური კომპანიის სათაო ოფისი ბრიტანეთში. დღეს ნატალია ფრანკფურტში ცხოვრობს და ფრანგული კომპანიის Air Liquide ვიცე-პრეზიდენტია, კომუნიკაციების მიმართულებით.

კარიერულ განვითარებას თან ახლავს ჩვენი რესპონდენტის სურვილი, მუდმივად მიიღოს ახალი ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები – ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება კი სწავლაა. სწორედ ამ სურვილის შესრულებისკენ უკომპრომისო სვლის შედეგია ოქსფორდის უნივერსიტეტის საიდის ბიზნეს სკოლა და ერთადერთი სტიპენდია, რომელიც ნატალიას ერგო გლობალური ბიზნესის პროგრამაზე სწავლის დასაფინანსებლად.

თქვენი ისტორია 90-იანი წლების თბილისიდან იწყება – როგორ გახსენდებათ ეს დრო და რა გავლენა იქონია ამ პერიოდმა თქვენზე?

სიმართლე გითხრათ, ამ კუთხით გასული საუკუნის ბოლო ათწლეულისთვის არასდროს შემიხედავს. აღარ აღვწერ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ კრიზისულ ვითარებას, ეს გამოცდილება ბევრი ჩემი თანამოქალაქისთვის საზიარო იყო – მძიმე პერიოდი იყო ფსიქოლოგიურად, ამასთან, ბევრი სამწუხარო მოვლენის მონაწილეები აღმოვჩნდით.

კარგად მახსოვს სტუდენტობის წლები: აუდიტორიების ჩამსხვრეული ფანჯრები, სიცივე, უტრანსპორტობა – ყველანაირი პირობა იყო შექმნილი, რომ უნივერსიტეტში სიარულის და სწავლის სურვილი არ გქონოდა. მიუხედავად ამისა,  ინტერესით ვესწრებოდი ლექციებს და დარწმუნებული ვიყავი, რომ გაყინული აუდიტორიის მიღმა ახალი, განსხვავებული და გამოწვევებით სავსე სამყარო მელოდებოდა.

90-იანებმა მასწავლა, რომ არსებული რესურსები და საკუთარი უნარები მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, არასდროს მიჰყვე დინებას, დაკარგო იმედი ან გადაუხვიო მიზანს. ამასთან, წარსულში დაძლეული სირთულეები დღეს მეხმარება მშვიდად და რაციონალურად შევხვდე კრიზისულ სიტუაციებს –  სწორედ ამ პერიოდმა ჩამომიყალიბა ის გამორჩეული ხედვა და გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია ჩემი საქმიანობისას.

კარიერა საქართველოში დაიწყეთ, დღეს გერმანიაში ფრანგული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ხართ – გაგვიზიარეთ გამოცდილება, რა ბარიერები და გამოწვევები იყო ამ გზაზე?

ვთვლი, რომ ადამიანის გზას განსაზღვრავს მისი სტიმული და მოტივაცია –  მთავარი კითხვაა, თუ რა ამოძრავებს მას. ჩემთვის ასეთი ბიძგი საინტერესო და ახალი მიმართულებების შემეცნება იყო. როდესაც ვხვდებოდი, რომ კონკრეტულ პოზიციაზე ან სფეროში ამოვწურე საკუთარი თავი, სულ ვცდილობდი მეპოვა ახალი რამ. BP-ში მუშაობის შემდეგ USAD-ში გადავედი, სადაც ადამიანური რესურსების მიმართულებით ვფარავდი სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ცოტა ხანში გავიგე, რომ BP შიდა კომუნიკაციების მენეჯერს ეძებდა – იმ დროისთვის ამ სფეროზე ძალიან მწირი ცოდნა იყო, თავიდან არც კი ვიცოდი რა იქნებოდა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, თუმცა, ძალიან მიზიდავს გამოწვევები და გადავწყვიტე ესეც შესაძლებლობად მექცია. მომიწია ეს ახალი მიმართულება  თავიდან  მესწავლა და ჩამომეყალიბებინა შიდა კომუნიკაციის სისტემაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ იყო მიჩნეული. ასე აღმოვჩნდი ბრიტანეთშიც, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებისთვის  კომუნიკაციების მენეჯერად.

ფოტო: დავით კაკალაშვილი

ამ გზაზე გამოწვევა და ბარიერი ბევრი იყო, თუმცა საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, მათ როგორც პრობლემას არასდროს ვუყურებდი, პირიქით, ყველა ასეთი გამოწვევა ჩემთვის შესაძლებლობა იყო. სულ ვფიქრობდი, რა სიახლე შეიძლებოდა შემომეტანა ჩემს საქმიანობაში – ასე ვისწავლე ჯერ სამაგისტრო საფეხურზე, მერე ვიცვლიდი სამსახურს და საცხოვრებელ ადგილს – არ ვჩერდებოდი, მუდმივად ვმოძრაობდი, რასაც ცხადია ახლდა სირთულეები და გამოწვევებიც – განსხვავებული კულტურული კონტექსტები, ცხოვრების სხვა რიტმი და ა.შ. გარდა ჩემი ხასიათისა, ამ ყველაფრის გადალახვაში ძალიან დამეხმარნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები,  ჩემი მეუღლე და შვილები. ისინი უპირობო მხარდამჭერები იყვნენ ამ პროცესებში. მნიშვნელოვანია მენტორის ყოლაც, იმ ადამიანების გამოცდილების გაზიარება, რომელსაც მსგავსი გზა გაუვლია. ამგვარი მხარდაჭერა ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ქალი ლიდერებისთვის.

Air Liquide მეორე გლობალური მასშტაბის დამსაქმებელია თქვენს რეზიუმეში, მანამდე იყო BP-სთვის მუშაობა მათ სათაო ოფისში, ბრიტანეთში – როგორ შეაფასებთ ამ გამოცდილებას?

ჩემი კარიერა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და გლობალური კომპანიებისთვის მუშაობასთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ნაწილობრივ მომზადებული ვიყავი იმ გამოცდილებისთვის, რომელიც ბრიტანეთში ან გერმანიაში უნდა მიმეღო. ამ ტიპის ორგანიზაციები საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე დაფუძნებით იმართება – BP საქართველოში იმავე ღირებულებების მატარებელია, როგორსაც ბრიტანეთში, მის სათაო ოფისში შევხვდებით.

გლობალური ორგანიზაცია უფრო დიდ მასშტაბებს უკავშირდება – განსხვავებულია დინამიკა, კონტექსტი, მიზნები. მაგალითად, ჩემთვის ძალიან ფასეული გამოცდილება იყო ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომელსაც ათეულობით ქვეყანაზე ექნებოდა გავლენა. ასეთები იყო, ტექნოლოგიური განვითარების პროგნოზი 2030 წლისთვის; მომავლის მატერიების კვლევა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით და სხვა. სწორედ ასეთ პროექტებზე მუშაობისას აანალიზებ, როგორ ხდები გლობალური გამოწვევების ნაწილი.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტია კორპორატიული მოქალაქეობა, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ძალიან ვგულშემატკივრობ ბიზნესებს, მინდა ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ, მუდმივად იფიქრონ ისეთ მიმართულებებზე, რომელიც შემდეგი თაობებისთვის რელევანტურს გახდის მათ. დღეს საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, ხშირად ეს დიდ ინვესტიციებს უკავშირდება, მაგრამ ამ ნაბიჯების გარეშე უფრო დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. ასეთი მიმართულებებია კლიმატის ცვლილება, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერა და განვითარება და ა.შ. სწორედ ამგვარია ჩემი გლობალური გამოცდილება და მინდა საქართველოც მისი ნაწილი იყოს.

თქვენი რეზიუმე აერთიანებს მუშაობას ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის მიმართულებით. როგორ ხედავთ საკუთარ როლს ამ პოზიციებზე – რა არის თქვენი პროფესიული იდენტობა ამ მიმართულებით?

არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე ვიქნებით კონკრეტულ ორგანიზაციაში, აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს ხედვა, ჩვენი საქმიანობა როგორ თანხვედრაშია ორგანიზაციის/ბიზნესის მიზნებსა და სტრატეგიასთან. ხშირად, ადამიანები საკუთარ ფუნქციონალურ როლში იკეტებიან და ვიწროდ უყურებენ საკუთარ საქმეს, ამ დროს კი პირიქით უნდა იყოს – არა მხოლოდ საკუთარ მიმართულებას, არამედ მთლიანად ბიზნესს და სფეროს უნდა ვიცნობდეთ კარგად.

ფოტო: Air Liquide

ჩემი პროფესიული იდენტობა პირველ რიგში ჩემს ინდივიდუალიზმს ეფუძნება – აუცილებელია კარგად განვითარებული პერსონალური ბრენდი, არ არის საჭირო  დაემსგავსო სხვას  მართვის სტილით ან საქმისადმი დამოკიდებულებით. ინდივიდუალიზმის განუყოფელი ნაწილია შინაგანი ღირებულებები და კეთილსინდისიერება, რომელიც მნიშვნელოვნად გვეხმარება ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში – ეს საშუალებას მაძლევდა დამემყარებინა ურთიერთობები, მომეპოვებინა და შემენარჩუნებინა კოლეგებისა თუ პარტნიორების ნდობა. სწორედ ამგვარ პროფესიონალიზმზე დამყარებული ნდობა გვაძლევს საშუალებას ეფექტურად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს.

რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც უკვე აქვს წარმატებული კარიერა – როგორ უნდა დაგეგმონ ცვლილება?

პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური მიდგომა აღნიშნული საკითხისადმი. არაფერია გასაკვირი იმაშიც, თუ ადამიანებს არ სურთ ცვლილება და პირიქით, ერთ სფეროში აპირებენ თავიანთი ცოდნის გაღრმავებას. თუმცა, თუკი თქვენ ხართ ექსპერიმენტის მოყვარული ადამიანი, არასდროს უნდა მიჰყვეთ დინებას – თქვენთვის წარმოუდგენელი უნდა იყოს ერთ სივრცეში დარჩენა. უნდა აღიაროთ, რომ არასდროს არის გვიან. ყოველთვის უნდა იფიქროთ, რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ, თუკი კარიერის შეცვლას გადაწყვეტთ. დღევანდელი მსოფლიო უსაზღვრო შესაძლებლობების ოკეანეა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ამ უზარმაზარ ოკეანეში სად ამოყვინთავთ – ეს კი მხოლოდ თქვენი დასაგეგმი და გადასაწყვეტია.

სწავლას ოქსფორდის უნივერსიტეტის საიდის ბიზნეს სკოლაში აგრძელებთ, მათივე დაფინანსებით – როგორ ფიქრობთ, მაღალი კონკურენციის პირობებში, რატომ შეაჩერეს არჩევანი თქვენზე და რა მოლოდინები გაქვთ?

ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც გავიგე, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური ბიზნესის Executive Post-Graduate პროგრამის ერთადერთი სტიპენდიანტი გავხდი. სწრაფად ცვალებადი მსოფლიო,  გამოირჩევა რყევებით, გაურკვევლობებით, კომპლექსურობითა და ბუნდოვანებით (VUCA). დღეს ბევრი ამგვარი სირთულეა ჩვენ წინაშე – კლიმატური ცვლილებები, სწრაფი ციფრული ტრანსფორმაცია. საიდის ბიზნესის სკოლის ამ პროგრამაზე სწავლაც სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხის მოსაძიებლად გადავწყვიტე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, რა უნდა გავაკეთო როგორც ლიდერმა ამ გამოწვევების საპასუხოდ. აღნიშნული პროგრამა კი დამეხმარება მივიღო როგორც ცოდნა, ისე გავიზიარო სხვა ლიდერების ხედვები და გამოცდილებები ამ მიმართულებებით. ვფიქრობ, ამ ნაწილში ჩემი და ბიზნესის სკოლის ხედვა ერთმანეთს დაემთხვა, სწორედ ამიტომ შეაჩერეს არჩევანი ჩემზე.

რას ურჩევთ ახალგაზრდებს, ვისაც გლობალური მიზნები აქვთ?

დღეს განათლების მიღება ან მუშაობა გლობალურად წარმატებულ ორგანიზაციებში საოცნებო აღარაა და შესაბამისი ძალისხმევის გაღების შემდეგ, ნამდვილად მიღწევადი მიზანია.

ზოგადად, ამგვარი ტიპის რჩევების გაცემისგან თავს ვიკავებ, რამეთუ ყველა ადამიანის გამოცდილება ინდივიდუალურია. თუმცა, შემიძლია ახალგაზრდებს გავუზიარო საკუთარი გამოცდილება.

ფოტო: დავით კაკალაშვილი

პირველ რიგში, უნდა ჰქონდეთ დიდი ინტერესი იმ საქმისადმი, რომელსაც მომავალს უკავშირებენ. ამასთან, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს, სადაც არ უნდა იყო, წვდომა გაქვს უამრავ ინფორმაციასთან, შესაბამისად, არ უნდა დაგაკმაყოფილოს მხოლოდ იმ ცოდნამ, რომელიც უკვე გაქვს – ახალი გამოცდილება გვეხმარება გადავაფასოთ, ახლიდან გავიაზროთ ან განსხვავებული კუთხით შევხედოთ სხვადასხვა მოვლენებსა თუ გამოწვევებს. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში არ დავკარგოთ ინდივიდუალიზმი, რომელიც განსაკუთრებულს გვხდის თითოეულ ჩვენგანს.

ასევე, უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის მარტივი გზა, პირიქით, სირთულეებით სავსე წლები ელით, განსაკუთრებით რთულია ამ ყველაფრის კეთება სამშობლოდან შორს. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდნენ, გადაულახავი არაფერია. მიუხედავად იმ სიძნელეებისა,   რაც გადამხდა, დღევანდელი გადმოსახედიდან არაფერს შევცვლიდი ჩემს გადაწყვეტილებებში, ნამდვილად ღირდა ამ გზის გავლა.

რა გეგმებით იწყებთ ახალ დეკადას, ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა – გაჩერებას არ ვაპირებ, მინდა უფრო მეტი გამოცდილების დაგროვება, იქნება ეს საქმიანი, კულტურული თუ სხვა; საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა; ამასთან, უახლოეს პერიოდში ჩემთვის მთავარი გამოწვევა საიდის ბიზნესის სკოლაში სწავლა და გლობალურ კორპორაციაში წარმატებული მუშაობაა. რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, თუკი 2030 წელს კვლავ შევხვდებით, მე მინდა გიყვებოდეთ, რას ვაკეთებ სხვადასხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში და ამასთან, როგორ ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს. გეტყვით იმასაც, რომ ძალიან მინდა ამ ყველაფრის კეთების შესაძლებლობა საქართველოშიც მქონდეს.