ანჯელა არენდსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს აღმასრულებელია. ამ როლში ბოლოს იგი სილიკონის ველზე კომპანია Apple-ის საცალო ვაჭრობის სტრატეგიას ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იგი ერთადერთი ქალია აღნიშნულ კომპანიაში, ვინც ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 2014 წლამდე ანჯელა Burberry-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2016 წლამდე ის ასევე იყო გაერთიანებული სამეფოს მინისტრის ბიზნესმრჩეველთა საბჭოს წევრი.
60 წლის ამერიკელი ბიზნესვუმენი, Forbes-ის 2020 წლის Self-Made და ყველაზე მდიდარი ქალების სიაში 87-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 2020 წლის მონაცემებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. არენდსი Forbes-ის 2018 წლის ყველაზე ძლიერი ქალების სიაში მე-13 პოზიციაზე იყო.
ანჯელა არენდსი დაიბადა ინდიანაში და ოჯახში ექვსი შვილიდან მესამე იყო. მამა ბიზნესმენი, დედა კი დიასახლისი იყო. ანჯელა ამბობს, რომ პატარა ქალაქში გაზრდამ დიდი გავლენა მოახდინა მის მომავალ ცხოვრებაზე, რადგან მან სწორედ აქ ისწავლა ოჯახსა და მეგობრებთან არსებული ემოციური კავშირების დაფასება.
„ინდიანაში ცხოვრებისას გავიგე, რომ ყველაფერი ნამდვილად იწყება და მთავრდება ხალხით, თანაგრძნობით, ნდობითა და სხვებისადმი პატივისცემით, სწორად ამან მომცა უდიდესი პროფესიული საფუძველი.“
თინეიჯერობის ასაკში მას არ ჰქონდა ზუსტად გადაწყვეტილი, თუ რას ისწავლიდა უნივერსიტეტში, თუმცა ძალიან უყვარდა მოდა და დიზაინი. მისი უფროსი დები ინდიანას Ball State University-ში სწავლობდნენ, ამიტომ, ანჯელაც მათ გზას დაადგა და ამავე უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლისას იგი ეცნობოდა ყველა კურსს, რომელიც ეხებოდა მოდასა და ახალი პროდუქციის დამზადებას. ერთ-ერთი კურსის დროს მისმა პროფესორმა უთხრა, რომ მას მერჩენდაიზინგის ნიჭი ჰქონდა. სწორად ამის შემდეგ დაიწყო ანჯელამ მარკეტინგისა და მერჩენდაიზინგის კურსების გავლა. 1982 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად ნუი-იორკში გადავიდა ოცნების ასასრულებლად და მოდის ინდუსტრიაში სამუშაოდ.
კარიერა მან მამაკაცების ტანსაცმლის კომპანიაში, Carmelo Pomodoro-ში დაიწყო, სადაც გაყიდვებისა და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი იყო. შვიდი წლის შემდეგ, 1989 წელს, Donna Karan International-ის პრეზიდენტად დასახელდა. შემდეგ იგი შეუერთდა Liz Claiborne-ს კომპანიას და 2002 წელს სწორედ აქ დაინიშნა აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. ანჯელას თქმით, კომპანიაში მუშაობისას მან კარგად შეისწავლა ლიდერობის ხელოვნება. იგი პასუხისმგებელი იყო კორპორაციების შესყიდვებზე. ამ გამოცდილებამ ხელი შეუწყო მისი უნარების განვითარებას. მისმა შემოქმედებითობამ, ანალიტიკურმა უნარებმა და ლიდერობამ კარგად მოამზადა შემდეგი ნაბიჯისთვის, რაც ბრიტანეთის მოდის იმპერიის, Burberry-ს აღმასრულებელი დირექტორის როლი აღმოჩნდა.
2006 წელს ანჯელამ კარიერის ახალი ეტაპი Burberry-ში დაიწყო და სულ რაღაც ექვს თვეში კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა. მისმა აქტიურობამ და მოტივაციამ კომპანიას ახალი სიცოცხლე მისცა და ბიზნესი თვალსაჩინოდ განვითარდა. ციფრული ტექნოლოგიების შემოღების ინიციატივამ გააუმჯობესა ფირმის მომხმარებლის გამოცდილება და ციფრული პლატფორმები უფრო მარტივად გამოყენებადი გახდა. ასევე, მისი ხელმძღვანელობისას ბრენდი შევიდა ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ ამერიკა – ამ ყოველივემ ბიზნესის გაფართოებას შეუწყო ხელი. მისი ხელმძღვანელობის უნიკალურმა სტილმა, ფოკუსირებამ კულტურაზე, ღირებულებებზე, მიზნებსა და რაც მთავარია ხალხზე, გამოიწვია Burberry-ს აქციებზე ფასების გასამმაგება. რვა წლის განმავლობაში კომპანიის ღირებულება 2 მილიარდიდან 7 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ანჯელამ დაარსა Burberry-ს ფონდი, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება შემოქმედებითი უნარ-ჩვევების მიღებასა და განვითარებაში. არენდსმა CEO-ს პოზიცია ბრენდში 2014 წელს დატოვა.
2014 წელს ანჯელა არენდსმა ოფიციალურად დაიკავა Apple-ის საცალო ვაჭრობის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია. კომპანიაში 5-წლიანი მუშაობის განმავლობაში, მან შეცვალა Apple-ის მაღაზიები, გააუმჯობესა მომხმარებელთა გამოცდილება და 70,000 თანამშრომლის როლი გლობალური მასშტაბით. მისი ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი ინიციატივა იყო „Today at Apple“, უფასო საგანმანათლებლო და შემოქმედებითი კურსები, რომელიც ხელს უწყობს კავშირს, სწავლას და მომხმარებელთა კრეატიულობას კომპანიის მაღაზიათა ქსელში. იგი კომპანიის ყველაზე ცნობილი ქალი ლიდერი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორი იყო 2019 წლამდე.
ამჟამად ანჯელა Ralph Lauren Corporation, Airbnb და WPP-ის დირექტორთა საბჭოების წევრია. იგი ასევე არაკომერციული ისეთი საქველმოქმედო საბჭოების თავმჯდომარეა, როგორებიცაა HOW Institute for Society და Save the Children International. ამის გარდა, იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის გლობალური ლიდერებისა და ბრიტანეთის-ამერიკის ბიზნესის მრჩეველთა საბჭოების წევრია.
ანჯელა ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ქალი ლიდერია 21-ე საუკუნეში. მან შექმნა შესანიშნავი კორპორატიული კულტურა და შეცვალა უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. 2019 წელს მას ინდიანას შტატის Indiana Living Legends ჯილდო გადასცეს.