რუმინელი ანასტასია სოარი დღეს მისაბაძი ადამიანია მათთვის, ვისაც კვლავ სჯერა ამერიკული ოცნების. ის არის Anastasia Beverly Hills დამფუძნებელი, ბიზნესვუმენი და მას იცნობენ, როგორც Eyebrow Queen. ანასტასია 41-ე ადგილზეა იმ ქალების სიაში, რომლებმაც ქონება თავად შეაგროვეს. მისი აქტივების ღირებულება 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ანასტასია კონსტანტაში, რუმინეთში დაიბადა. მამამისი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ანასტასია 12 წლის იყო. სოარის დედა მკერავი იყო და მაღაზიას მართავდა. მან განათლება რუმინეთის ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის უნივერსიტეტში მიიღო. 1989 წელს კი მოუწია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყო საცხოვრებლად. ეს ყოველივე კომუნისტური რეჟიმის გამო მოხდა, როგორც თავად აღნიშნავს, იქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. უცხო ქვეყანაში გადასვლაც არ ყოფილა მარტივი, მას არაერთი პრობლემა ჰქონდა, არ ჰყავდა ნაცნობები, არ იცოდა ინგლისური ენა და საცხოვრებელიც არ ჰქონდა. სოარს საკრედიტო ბარათის აღებაც არ შეეძლო დამოუკიდებლად.
ანასტასიამ სილამაზის სალონში დაიწყო მუშაობა, მალე გააცნობიერა, რომ წარბები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი საჭიროებდა ყურადღებას. მან შექმნა სპეციალური ტექნიკა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობდა. მისმა მენეჯერმა გადაწყვიტა, რომ ეს პროექტი არ იქნებოდა წარმატებული და ანასტასია სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ყოველივეს ის არ შეუჩერებია, მან ბევერლი ჰილსში იქირავა სალონი და მუშაობას შეუდგა.
1997 წელს ის ძალიან პოპულარული გახდა, მას შემდეგ, რაც სინდი კროუფორდი და ნაომი კემპბელი ესტუმრნენ. კლიენტებს შორის იყვნენ ჯენიფერ ლოპესი და არაერთი სხვა ვარსკვლავი. ანასტასიამ მალევე გააცნობიერა, რომ ამ ბიზნესის გაფართოება შეეძლო და ეს გადაწყვეტილებაც მიიღო. 1998 წელს ის The Oprah Winfrey Show-ში მიიწვიეს, რათა ესაუბრა მისი მიღწევებისა და ტექნიკის შესახებ. ამ ყოველივეს ფონზე მისი კლიენტები გახდნენ კარდაშიანები, ვიქტორია ბექჰემი, ევა ლონგორია, პენელოპე კრუზი და მრავალი სხვა.
„ჩემთვის ყოველი დღე დაბრკოლებით იყო სავსე, ბანკი საკრედიტო ბარათსაც კი არ მიმტკიცებდა, არც საცხოვრებელი მქონდა, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს.“
2000 წელს სოარმა დააარსა Anastasia Beverly Hills, კომპანია საერთაშორისოა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს მაღაზიები, ხოლო მათი რაოდენობა 2000-ს აჭარბებს. მისი სალონები ფუნქციონირებს იაპონიაში, რუმინეთსა და არაერთ სხვა ქვეყანაში. 2016 წელს ანასტასიამ განაცხადა, რომ ის კომპანიის ერთადერთი მფლობელია. 2018 წელს ანასტასიას კომპანიაში ფირმა TPG-მ ინვესტიცია ჩადო, რომლის საერთო ღირებულება 3 მილიარდი აშშ დოლარი იყო. მისი წარმატების ერთ-ერთი გარანტი ის იყო, რომ სიახლეებს ყოველთვის პოზიტიურად იღებდა.
ინსტაგრამის ერაში გადმოსვლა მისი კომპანიისთვის არ ყოფილა რთული, 2019 წლის მონაცემებით მის ბრენდს ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავდა სხვა ბრენდებთან შედარებით, მათი რაოდენობა 20.6 მილიონი იყო. როგორც თავად აღნიშნავს, მისი მთავარი მიღწევა ის არის, რომ შეუძლია სხვა ქალებს დაეხმაროს. ბედნიერია, რომ საკუთარ ქალიშვილს ეხმარება და გოგონას არ უწევს ისეთი დაბრკოლებების გადალახვა, როგორიც თავად ჰქონდა.
კორონავირუსის გავრცელება ანასტასიას კომპანიაზე ცუდად აისახა, Fitch Rating-ის მიხედვით, აპრილში მისი შემოსავალი 30 პროცენტით შემცირდა, თუმცა დღეს ფირმა მაინც ნორმალურ მდგომარეობაშია. ანასტასიას აზრით, ყველაზე დიდი ძალა ცოდნაა, მისთვის ინსპირაციის წყარო იმ ადამიანების ისტორიებია, რომლებიც მის გარშემო არიან. სოარი ფიქრობს, რომ ადამიანმა საკუთარი შეცდომებისგან უნდა ისწავლოს. მისი მეთოდი Golden Ratio Eyebrow Shaping დღემდე ნოვატორულია ამ სფეროში და მას მუდმივად ბაძავენ.
სოარი საკულტო ბიზნესვუმენად არის მიჩნეული მისი 25 წლიანი გამოცდილების გამო, მასზე დაუწერია The New York Times-ს, The Guardian-ს, People-ს, Vanity Fair-ს, Elle-ს და მრავალ სხვა გამოცემას. ის ყოფილა არაერთი სატელევიზიო გადაცემის სტუმარი. ამ ყოველივესთან ერთად ის არის ფილანტროპი და ყოველდღიურად ზრუნავს ბავშვებსა და ქალებზე. მას აქვს ფონდი The Anastasia Brighter Horizon, რომელიც ეხმარება ადამიანებს.
როგორც სოარი ამბობს, ის ყოველთვის თავს მომხმარებლად წარმოიდგენდა და ასე ქმნიდა პროდუქტს – შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მისი წარმატების მიზეზი. დღეს მისი ბრენდის ინსტაგრამ პროფაილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია ამ ინდუსტრიაში. დღეს ანასტასია 62 წლის არის, ის კვლავ მუშაობს იმ მიზნის მისაღწევად, რომ პროდუქტები კიდევ უფრო დახვეწოს და ხელმისაწვდომი გახადოს. სავარაუდოდ, ის არაერთ სიახლეს წარუდგენს ერთგულ მომხმარებელს უახლოეს მომავალში.