ანა რეხვიაშვილი იურიდიული ფირმა BLB-ის ახალ პარტნიორად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მის გარდა კომპანიაში ამავე თანამდებობას კიდევ ორი ქალი – მაია მწარიაშვილი და რუსუდან მაისურაძე იკავებს.
“ეს დაწინაურება ეხმიანება ჩვენი გუნდის გაზრდისა და განვითარების პოლიტიკის მნიშვნელობას ფირმისთვის, ასევე BLB-ის სტრატეგიას, გააძლიეროს კომპანიის ძირითადი მომსახურების სფეროები ფირმის მაქსიმალური პოტენციალით” – ვკითხულობთ BLB-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ანა რეხვიაშვილი BLB-ის გუნდს 2013 წლიდან შეუერთდა და იურისტის თანაშემწის პოზიცია დაიკავა. ფირმის ახალი პარტნიორის საქმიანობა უკავშირდება კომპლექსურ და საერთაშორისო კომერციულ გარიგებებზე სამართლებრივი წარმომადგენლობის გაწევას მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორებისათვის. მაგალითისთვის, ანა ისეთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ მსხვილ კორპორაციებს უწევს მომსახურებას, როგორებიცაა EBRD, US International Development Finance Corporation, APM Terminals, Maersk, Microsoft, Frontera.
აღსანიშნავია, რომ BLB-ში დასაქმებამდე ანა რეხვიაშვილი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, სადაც მისი მოვალეობა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ანალიზის მომზადება და პოლიტიკური წინადადებების შემუშავება იყო.
ანამ ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წელს მოიპოვა, მაგისტრის ხარისხი კი ბიზნეს სამართალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წელს მიიღო. ის Legal 500-მა სამართლის სხვადასხვა სფეროს რეიტინგებში ახალი თაობის იურისტების გამორჩეულ წარმომადგენლებს შორის უკვე ორჯერ დაასახელა.
ცნობისთვის, BLB იურიდიულ მომსახურებას 1995 წლიდან ეწევა. კომპანია საერთაშორისო გზამკვლევი ორგანიზაციებისგან – Chambers & Partners, Legal 500 და IFLR 1000, წლებია დადებით შეფასებებს იღებს.