ანა ნაკაშიძე Capacity-ის სია Power 100-ში მოხვდა

გამოცემა Capacity-მ ყოველწლიური სია „Power 100“ გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში გამორჩეული და გავლენიანი 100 ადამიანია დასახელებული. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ანა ნაკაშიძე მოხვდა, რომელიც AzerTelecom-ის აღმასრულებელი დირექტორია.

ფოტო: Forbes Woman

ანა ნაკაშიძე AzerTelecom-ს 2018 წელს, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდა, 2022 წელს კი ის კომპანიის CEO-დ აირჩიეს. ანა კომპანიას წარმატებით ხელმძღვანელობდა კორონავირუსის პანდემიის გავლენიდან გამოსვლის პერიოდსა და გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე. ამას ისიც მოწმობს, რომ ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მეშვეობით AzerTelecom-ი გამორჩეულ შედეგებს აჩვენებს მოგების მარჟის ზრდისა და კომპანიის პროდუქტის პორტფოლიოს გაფართოების კუთხით, – ვკითხულობთ Capacity-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში Capacity-მ ანა ნაკაშიძე თავის კიდევ ერთ სიაში – „Women to Watch“ შეიყვანა, რომელშიც ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში გამორჩეული ოცი ქალია ჩამოთვლილი.

Capacity-მ სიის „Power 100“ შედგენა 2019 წლიდან დაიწყო. გამოცემა ჩამონათვალისთვის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წარმატებულ ადამიანებს არჩევს, რომლებმაც სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინოვაციური პროექტების განხორციელებისა და უნიკალური მიდგომების ხარჯზე.