გინსბურგის შემცვლელად დონალდ ტრამპმა სენატს ემი ქოუნი ბარეტი წარუდგინა

დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე,  გარდაცვლილი რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილას, ემი ქოუნი ბარეტის კანდიდატურა წარადგინა. ბარეტი მეშვიდე ფედერალური ოლქის სააპელაციო მოსამართლეა, იყო „კონსერვატიული ფრთის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრის, გარდაცვლილი ანტონინ სკალიას დამხმარე.

Photo Credits to Alex Brandon/AP

„ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობას არ დავიკავებ იმათთვის, ვინც ჩემს წრეშია ან, მით უმეტეს, საკუთარი თავისთვის. ჩემს უფლებამოსილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ გემსახუროთ თქვენ“, – აღნიშნა ბარეტმა.

საკუთარი თავის წარდგენისას ბარეტმა ზოგადად ისაუბრა თუ მართლმსაჯულების რა ტიპს ემხრობა. ცნობილია, რომ ბარეტი აბორტის ლეგალიზების საკითხის გადახედვას უჭერს მხარს. იგი თავს მორწმუნე კათოლიკედ მიიჩნევს და თვლის, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება.

კონგრესის სენატის მიერ კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში, ბარეტი გახდება აშშ-ს ისტორიაში მეხუთე ქალი უზენაეს სასამართლოში. აგრეთვე, მეორე ქალი „კონსერვატიული ფრთიდან“, კონსერვატორების რიცხვი კი უზენაეს სასამართლოში ცხრიდან ექვსამდე გაიზრდება. იდეოლოგიური ბალანსი უზენაეს სასამართლოში  უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.

ბარეტის კანდიდატურის დასამტკიცებლად მოსმენა 12 ოქტომბერს არის ჩანიშნული. გამომდინარე იქედან, რომ სენატის უმრავლესობა რესპუბლიკელია, დიდი ალბათობით, ბარეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ბარეტის კანდიდატურა  კონგრესის სენატში ცხარე კამათს არ გამოიწვევს.

პრეზიდენტობის კანდიდატის, ბაიდენის თანახმად კი, ტრამპის მიერ აღნიშნულ საპრეზიდენტო ვადაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის დასახელება მის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. იგი სენატს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს წევრი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაამტკიცოს. ეს სურვილი გამოთქვა გინსბურგმაც გარდაცვალებამდე.