ავტორი: თეა ადეიშვილი
“Hi Nastia, good evening 🙂 So, years later we’ll meet again for an interview, but this time it will be your success story :)” – ტექსტი ინგლისურად ავკრიფე და ანასტასია ბენდუქიძეს ინბოქსში გავუგზავნე.
ანასტასია, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, 2014 წელს გავიცანი. პირველი ჟურნალისტი აღმოვჩნდი, ვისაც საქართველოში ინტერვიუ მისცა, ვისთანაც ღიად განაცხადა, რომ კახა ბენდუქიძის შვილად აღიარებისთვის ბრძოლას იწყებდა. ვერ ვიტყვი, მაშინ ანასტასია გონჩაროვაში ძლიერი ან მებრძოლი ნატურა დავინახე, თუმცა რაც აშკარა იყო – თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული 24 წლის გოგონა ძალიან გულწრფელი და თავდაჯერებული ჩანდა. მე ვიცნობდი კახას, მისი საუბრის მანერას, სიცილს, ხელებით მეტყეველებას, რომლებსაც ახლა ჩემს წინ ცნობისმოყვარობით სავსე, ცოტა დაბნეული, თვალცრემლაინი გოგო იმეორებდა, მან ქართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდა…
პასუხი მოვიდა: “ვაიმე, თეაა, ძალიან გამიხარდა რომ შენ იქნები ჩემი ინტერვიუერი”. მომწერა, რომ საქართველოში არაა და მალე დაბრუნდება. შეხვედრისთვის დეტალები დავაზუსტეთ და ეს ყველაფერი ქართულად, ქართული ანბანით და გამართული გრამატიკით… მივხვდი, რომ ინტერვიუს აღება ამჯერად სულ სხვა ადამიანისგან მომიწევდა და სასიამოვნოდ გაოცებული დაველოდე მასთან შეხვედრას.
ანასტასიას გაცნობის შემდეგ ერთი ლათინური ფრაზა ვისწავლე: “Amor fati” – რაც ქართულად ითარგმნება როგორც “გიყვარდეს შენი ბედისწერა, როგორიც არ უნდა იყოს ის”. ნეტა ბენდუს სჯეროდა ბედისწერის? არ მინდა ყველა შეკითხვა კახამდე მიდიოდეს, კახას აჩრდილმა არ უნდა გადაფაროს საქმიანი ინტერვიუ, რომელიც საქართველოს ორი ყველაზე ძლიერი უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციის “ცოდნის ფონდის” მმართველთან ფორბსისთვის უნდა ჩავწერო. 4 წელია არ მინახავს და მოსაყოლი ბევრი ექნება.
“ბოდიში ცოტა დამაგვიანდა, ვერაზე ისეთი საცობი იყოო!” – მესმის შავებში ჩაცმული თბილისელი გოგოს ხმა. ბევრად უფრო გამხდარია ვიდრე 4 წლის წინ, აბსოლუტურად სამხრეთული ენერგეტიკა აქვს. ვერც კი მიხვდებით, რომ ვერაზე პირველად 4 წლის წინ მოახვედრა ბედისწერამ. სანამ ინტერვიუს დავიწყებთ და ჩემი კითხვების დავთარში ჩავიხედავ, მისი ამბებით დავინტერესდი: გადმოხვედი საქართველოში საცხოვრებლად? სასამართლო დავა დასრულდა? მარტივად და სწრაფად ვკითხე და დავინახე როგორ წამოიწია ჩემკენ ცოტა დაძაბული, ოდნავ მოჭუტული მზერით, თვალები მოისრისა (კახასავით) და სანამ მეტყოდა რომ ცოტა ნელა მელაპარაკა, მივხვდი, ინტერვიუს აღება მხოლოდ ქართულად არ გამოვიდოდა.
ანასტასია, როგორ გადმოხვედი საცხოვრებლად საქართველოში?
2016 წლის იანვარში თითქმის ერთდროულად მოვიგე სასამართლო დავა გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოსა და რუსეთში და ოფიციალურად მცნეს კახა ბენდუქიძის შვილად. ამის შემდეგ გადავწყვიტე საქართველოში გადმოსვლა, რომ მეტი დრო დამეთმო “ცოდნის ფონდისთვის” (“ცოდნის ფონდი” თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციაა და დღემდე მან განათლების სექტორში ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში – 130 მილიონ ლარზე მეტი. ფონდი, რომელიც არამომგებიანი, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც კახა ბენდუქიძემ 2007 წელს დაარსა – რედაქტორის შენიშვნა).
არ გაგიჭირდა საქართველოში გადმოსვლა?
ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა გამიჭირდა. ჩემთვის საქართველო მეხუთე ქვეყანაა, სადაც ვცხოვრობ. მანამდე ვცხოვრობდი რუსეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, საკმაოდ მარტივად მივიღე საქართველოში გადმოსვლის გადაწყვეტილება, თუმცა მოდუნების განცდა არ მქონია. 25 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემის დაფუძნებული უნივერსიტეტები გადმოვიბარე და ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. 800-ზე მეტი თანამშრომელი, ჩემთვის საერთოდ უცნობი სფერო და ყველაფერი ეს იმ ენაზე, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი. საერთოდაც, ჩვენი კამპუსი პატარა ქალაქივითაა – ჩვენ გვაქვს ჩვენი მუზეუმი, 50- მდე ლაბორატორია, ვეტერინარული კლინიკა, დიდი ბიბლიოთეკა, კულინარიის აკადემია, დენდროლოგიური პარკი, მევენახეობა- მეღვინეობის აკადემია, ტრადიციული ღვინის მარანი, ვენახიც კი. ახლა ვაშენებთ საფეხბურთო მოედანს.
გამოდის, რომ შენ ამ პატარა «ქალაქის» მერი ხარ?
კი, რომლის მოსახლეობა 6 000 ადამიანზე მეტია. მთავარი შიში, რა თქმა უნდა, მამაჩემის სახელის და საქმის კომპრომიტირება იყო. ეს უარესია, ვიდრე საცხოვრებლად გადმოსვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი შიში და ენის არცოდნა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, მეგონა რომ არაფერი გამომივიდოდა. თუმცა, ძალიან გამიმართლა, რადგან უნივერსიტეტების გარდა, «მემკვიდრეობით» მერგო კახას გუნდი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის, ვატო ლეჟავას თაოსნობით. ვატო, ეკონომიკის სამინისტროდან მოყოლებული, მამას მოადგილე იყო თითქმის ყველა პოზიციაზე, რომელიც კახას ეკავა საჯარო სექტორში. ეს გუნდი ისე დამეხმარა სასამართლო დავების დროს, თითქოს ჩემი ოჯახის წევრები ყოფილიყვნენ. “ცოდნის ფონდის” დირექტორის პოზიციაზეც ვგრძნობ მათ მხარდაჭერას.
ანასტასია, როგორ შეაფასებდი ამ 3 წელს, გამოგდის “ცოდნის ფონდის” მართვა?
რთულია საკუთარი თავი შევაფასო. ამიტომ, ალბათ, მე კი არა, უნივერსიტეტების მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. პირველ რიგში, ისინი არ დაინგრა! (იცინის)
იყო ამის საფრთხე?
ყველანაირი სცენარი იყო შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას. ძალიან კარგად მახსოვს კახას სიტყვები, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი საქმეა, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მისი სხვა საქმიანობები და საქართველოში მის მიერ განხორციელებული რეფორმებიც კი. ყველაფერი ფუნდამენტურად ვერა, მაგრამ რაღაც მაინც შეიცვალა, შემოიღეს ახალი კანონები და რეგულაციები. შესაბამისად, ახლა თითქოს უფრო ნათელია, რომ ქვეყნის უკეთესობისაკენ შეცვლისთვის მნიშვნელოვანია განათლებაში ინვესტირება. ვფიქრობ, ამიტომ გადაწყვიტა მამამ უნივერსიტეტების შექმნა. მაგალითად, პროფილური საგნების გარდა, ჩვენ გვაქვს საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების მოდული, სადაც შედის ისეთი საგნები როგორიცაა, მაგალითად: ეკონომიკის საფუძვლები, ლოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოლიტიკური იდეოლოგიები, ბუნებისმეტყველება, ლიტერატურა და ხელოვნება და ა.შ. – ამ საგნებს გადის ყველა, მიუხედავად იმისა, ინჟინერი, ბიოლოგი, თუ იურისტი. ორივე უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი სწავლობს ამ საგნებს, რადგან კახას მოსაზრებით, ჩვენს სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ფართო თვალსაწიერი და არა მხოლოდ ვიწრო სპეციალიზირებული განათლება. კარგი იქნება თუ ადამიანს ეცოდინება პოლიტიკური იდეოლოგიები ან ეკონომიკის საფუძვლები – ეს დაეხმარება მას უკეთ გაიაზროს თუ რა ხდება მსოფლიოში და გამოხატოს თავისი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ არასდროს ვამბობთ, რომ «იყო ლიბერტარიანელი სწორია, ხოლო იყო სოციალისტი – არასწორი». ასე არ ხდება ჩვენთან. ალბათ, სტუდენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, როდესაც მათ კარნახობენ თუ როგორ იცხოვრონ და იფიქრონ. ჩვენ ვაძლევთ მრავალფეროვან ინფორმაციას და ისინი თავად წყვეტენ. სწორედ ამიტომ ჩვენი სტუდენტები არაორდინარულად მოაზროვნე ხალხია, რომლებმაც იციან რა ხდება მსოფლიოში და საერთოდაც არ არის გასაკვირი, რომ მათი დასაქმების მაჩვენებელი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე 94%-ა.
არ მიპასუხე. როგორ ფიქრობ წარმატებულად მართავ “ცოდნის ფონდს” ამ 3 წლის განმავლობაში?
თუ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ “ცოდნის ფონდსა” და უნივერსიტეტს შევაფასებთ, მაშინ – კი. 2012 წლამდე სანამ “ცოდნის ფონდი” გახდებოდა აგრარული უნივერსიტეტის მმართველი, ეს უნივერსიტეტი 37-ე ადგილზე იყო უნივერსიტეტებში ჩარიცხული აბიტურიენტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საშუალო ქულის რეიტინგში. ამავე დროს თავისუფალი უნივერსიტეტი დაფუძნების მომენტიდან იმავე მაჩვენებლით პირველ ადგილზე იმყოფებოდა. 2014 წელს, როდესაც მამა გარდაიცვალა, აგრარული უნივერსიტეტი უკვე მე-5 ადგილზე იყო საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის. ახლა კი, მეორე წელია აგრარული უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ კახამ შექმნა ორი საუკეთესო უნივერსიტეტი ქვეყანაში. ამასთან, თავისუფალმა უნივერსიტეტმა 2018 წელს გაიარა ავტორიზაცია და უმაღლესი განათლების ყველა სტანდარტს სრულად მხოლოდ ის შეესაბამება იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს ავტორიზაციის გავლა ჯამში 28 უნივერსიტეტს უწევდა. “მსოფლიო ბანკმაც” კი ახსენა თავის 2018 წლის ანგარიშში თავისუფალი უნივერსიტეტი, როგორც გლობალურად წარმატებული ორგანიზაცია. თუმცა, ამ წარმატებებს ვერაფრით მივაწერ მხოლოდ საკუთარ თავს. ეს ჩემი ბრწყინვალე გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეშიც ჩვენი უნივერსიტეტების რექტორია. ვფიქრობ, კახა კმაყოფილი იქნებოდა.
და შენ კონკრეტულად რას საქმიანობ “ცოდნის ფონდში”?
ჩემზეა დამოკიდებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები: ახალი პროგრამების შემოღება, მისაღები აბიტურიენტების რაოდენობის განსაზღვრა, ინვესტიციების განხორციელების და ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების სტრატეგია, ბიუჯეტის დაგეგმვა და ა.შ. მე არ ვარ ჩართული ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებში, თუმცა, ხანდახან ჩემს გუნდს ვეხმარები სხვადასხვა აქტივობაში: ღონისძიების დაგეგმვა, განათლების გამოფენის ორგანიზება, საგრანტო წინადადების მომზადება, უნივერსიტეტების «ელჩიც» ვარ საზღვარგარეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიცოდე და მესმოდეს მიმდინარე პროცესები, არამედ თავს ვგრძნობდე ამ პატარა «ქალაქის» ნაწილად. ფონდი არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების მხარდაჭერა მათი სტაბილური მუშაობისათვის. მაგალითისთვის, ბოლო 2 წელიწადში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საგზაო და საპარკინგე ინფრასტრუქტურა სრულად განვაახლეთ, რაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდა. კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი თანხა, რომელიც შეიძლება მიიღოს “ცოდნის ფონდმა”, უნდა რეინვესტირდეს განათლებაში, სრულად (100%) მოხმარდეს თავად ფონდსა და განათლების განვითარების მიზნებს. შესაბამისად, “ცოდნის ფონდის” საქმიანობის შედეგად მიღებული სარგებელი დამფუძნებელზე არ ნაწილდება. მე ხელფასსაც კი არ ვიღებ, რომ ფონდის რესურსი მთლიანად მოხმარდეს უნივერსიტეტების მხარდაჭერას.
ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოზე რაიმე მოსაზრებები ჩამოგიყალიბდა?
რა თქმა უნდა! ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენაა ის ფაქტი, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ნიჭიერი ადამიანია. მაგალითად, მსოფლიოში არსებობს მოდის «დიდი ოთხეული»: მილანი, პარიზი, ლონდონი და ნიუ-იორკი. ეს ქალაქები და, უფრო ზუსტად კი, შესაბამისი ქვეყნები ათეული წლებია ზრდიდნენ დიზაინერებს, ხსნიდნენ მოდის საუკეთესო სკოლებს, აორგანიზებდნენ მოდის ჩვენებებს და ა.შ. კარგი, აშშ-ში 330 მილიონი მაცხოვრებელია და ამიტომ მათ ნუ გამოვიყენებთ სტატისტიკისათვის, მაგრამ გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთსა და იტალიაში საშუალოდ 60 მილიონზე მეტი მაცხოვრებელია და ამიტომ რთული წარმოსადგენი იყო, რომ საქართველო, სადაც 15-ჯერ ნაკლებია მოსახლეობა, შეძლებდა გამხდარიყო შესამჩნევი მოთამაშე მოდის სამყაროში მოდის ცენტრების მხარდამხარ და თან 10 წელზე ნაკლებ დროში. მგონია, რომ ეს დიდი მიღწევაა მთელი ქვეყნისათვის. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ანიტა რაჭველიშვილი სოლოს ასრულებს ლა სკალასა და მეტროპოლიტენის ოპერაში, ხოლო ზაზა ფაჩულია იგებს NBA-ის ჩემპიონატებს. ეს არის ახალგაზრდა ქართველების თაობა, რომლებიც არ გაზრდილან საბჭოთა კავშირში, რომლებისთვისაც არ არსებობს ბარიერები და ეს შეუძლებელია არ გახარებდეს. საქართველოში ბევრი რამ მომწონს, მხოლოდ ენა არის რთული. რატომ არის ქართული ენა ასეთი რთული?
შენთვის რთულია?
ვფიქრობდი, სხვა ენების მსგავსად დამჭირდებოდა რამდენიმე წელი ქართული ენის კარგად შესასწავლად. თან იმის გათვალისწინებით, რომ მე პროფესიით ლინგვისტი ვარ, დავამთავრე King’s College London, დავწერე თეზისი ამ თემაზე და თავისუფლად ვსაუბრობ ხუთ ენაზე. ყველა ცდილობს მელაპარაკოს ქართულად, თუმცა საქართველოში ცხოვრების 3 წლის და წელიწადნახევარი ქართულში კვირაში სამჯერ გაკვეთილების მიუხედავად, მაინც ჯერ ვერ ვსაუბრობ ქართულად თავისუფლად.
გრამატიკაა რთული?
არა, გრამატიკასთან პრობლემა არ მაქვს, მაგ ნაწილში ყველაფერი საკმარისად ლოგიკურადაა, თუმცა, ზმნების ბევრნაირი ვარიაციაა. ქართული ენის ყველაზე რთული ნაწილი აღმოჩნდა ლექსიკა, რამდენადაც ბევრი სიტყვა ნათარგმნია და მათი თავიდან სწავლაა საჭირო. მაგალითად, რუსულად – «футбол», ინგლისურად – «football» , ესპანურად – «fút- bol», ქართულად – «ფეხბურთი». ან მაგალითად, балкон-balcony-balcón-აივანი. სხვათა შორის დიდი ხანი მეგონა, რომ როცა ადამიანები ამბობდნენ «აივანი», ისინი რაღაცას ჩემს ქმარზე, ვანიაზე ლაპარაკობდნენ (იცინის).
შენი მეუღლე ქართველია? ის არ გეხმარება ქართული ენის შესწავლაში?
კი, ქართველია, რომელიც დაიბადა მოსკოვში, სწავლობდა ამერიკულ სკოლაში და 5 წლის წინ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად, პარტნიორებთან ერთად რესტორანი «სტრადა»-ს გასახსნელად. ასე, რომ ორივეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს და ქართული ენის გაკვეთილების მომზადებაში მოსახმარებლად, მას დრო აღარ რჩება.
როგორ ფიქრობ, კახას მოეწონებოდა შენი მეუღლე?
ალბათ, თავიდან არა. რატომღაც მგონია იეჭვიანებდა. პრინციპში მამა ყოველთვის კრიტიკულად აფასებდა ქორწინებას. ის ამბობდა, რომ ეს აფუჭებს ადამიანებს (იცინის). ამავე დროს ამბობდა, რომ ფიზიკოსები ყველაზე ჭკვიანები არიან. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მე მისი რჩევა გავითვალისწინე – ვანო განათლებით ფიზიკოსია. თან ის სრულიად self-made ადამიანია, რომელმაც თავისი ბიზნესი დაიწყო ნულიდან. ამის გათვალისწინებით, მგონია, საბოლოო ჯამში ის მოეწონებოდა კახას.
ქორწინების შემდეგ შენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა?
არა, საერთოდ არ შეიცვალა. მაგალითად, მე როგორც მანამდე მოვდიოდი სამსახურიდან სახლში გვიან, ახლაც ასე მოვდივარ. ჩვენ ერთმანეთს არ ვაკონტროლებთ – არც მე და არც ვანო ერთმანეთს არ ვურეკავთ და არ ვეკითხებით: სად ხარ? ვისთან ერთად ხარ? ჩვენ ძალიან ვენდობით ერთმანეთს და საღი ურთიერთობები ხომ ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული. საკმაოდ სასაცილოდ გამოვიდა ჩვენს ქორწილში, როდესაც ქორწინების ფიცს ვდებდით – მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე დავწერეთ ის, საბოლოოდ გამოვიდა, რომ ერთი და იგივე ვთქვით – არასდროს შევზღუდავთ ერთმანეთის შინაგან თავისუფლებას.
თქვენ ყველაფერზე მსგავსი შეხედულებები გაქვთ?
თითქმის ყველაფერზე. ამ მხრივ გამიმართლა, რა თქმა უნდა. მე შეიძლება მქონდეს საკმაოდ რადიკალური შეხედულებები, მაგრამ სახლშიც და სამსახურშიც თითქმის ყოველთვის მხარს მიჭერენ.
რას უწოდებ რადიკალურ შეხედულებებს?
მაგალითად, პოზიტიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქტიურად გამოვხატავ ჩემს შეხედულებებს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ გენდერული კვოტირების. შეურაცხმყოფელია თუ სამსახურში მიმიღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებელია გენდერული კვოტის შევსება და ჩემი გარკვეული ორგანოები განსხვავდება მამაკაცის ორგანოებისაგან. მინდა სამსახურში მიმიღონ ჩემი კვალიფიციურობისა და კონკურენტუნარიანობის გამო. სხვანაირად გამოდის, რომ მე შეიძლება ვიკავებდე ამა თუ იმ პოზიციასთან უფრო შესაფერისი ან გამოცდილი კანდიდატის ადგილს და გამოდის, რომ ეს პროგრესი კი არა, რეგრესია.
მაშინ როგორ ფიქრობ ღირს დისკრიმინაციასთან ბრძოლა?
მიმაჩნია, რომ დოგმასა და ცრურწმენასთან ბრძოლის მთავარი საშუალება განათლებაა. საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების სწორი სისტემაა. თავად სტუდენტები წყვეტენ თუ რომელ უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა და გოგოებს და ბიჭებს გამოცდების ჩაბარების ერთნაირი შესაძლებლობები აქვთ. მაგალითად, ყველანაირი გენდერული კვოტის გარეშე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე 2017 წელს მიღებული სტუდენტებიდან 46% გოგოა, 2018 წელს მიღებული სტუდენტებიდან 44% გოგოა და ფიზიკის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე რთულია საქართველოში. შესაბამისად, თუ ყალბ ბარიერებს არ შექმნი, თავისუფალი ბაზარი და კაპიტალიზმი თავის საქმეს გააკეთებს და გაზრდის ლიდერი ქალების რაოდენობას. წარმატებული ბიზნესისათვის სულ ერთია კაცი ხარ თუ ქალი, მთავარია რომ კარგად მუშაობდე. მინდა გითხრათ, საქართველოში, სულ მცირე თბილისში, განათლების სფეროში გენდერული დისკრიმინაციის პრობლემა უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში, სადაც მე მიცხოვრია. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საქართველოში არის შესაძლებლობა ქალმა მიაღწიოს წარმატებას, თუ ვინმე ხელოვნურ ბარიერებს არ შემოიღებს.
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უნივერსიტეტების შესახებ. ეს ახლა შენი ცხოვრების საქმეა, თუ ამის გარდა სხვა გეგმებიც გაქვს?
თუ გავითვალისწინებთ, რომ უნივერსიტეტები კახას «შვილებია», გამოდის მე მყავს და- ძმა და ოჯახი მარადიულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვფიქრობ პარალელურად დრო დავუთმო სხვა საქმესაც. მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, საქართველო სულ უფრო და უფრო მომხიბვლელი ადგილი ხდება ტურისტებისათვის, ამიტომ არის განვითარების გარკვეული პოტენციალი. ამჟამად ბევრი კომპანია ორიენტირებულია რუსულენოვან ტურისტებზე, მაგრამ მიმაჩნია რომ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს უპირატესობები თვალსაჩინო გახდეს ინგლისურენოვანი ტურისტებისთვისაც. ძალიან მინდა, მეტმა ადამიანმა ნახოს საქართველოს სილამაზე და მეტ ადამიანს მოვუყვე რამდენად მრავალფეროვანია ქართული კულტურა. გასულ წელს, როდესაც აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიას ვეხმარებოდი კულინარიული წიგნის «ქართული გემოს» რედაქტირებაში, რომელიც დაწერეს კულინარიის აკადემიის ლექტორებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის, გაოგნებული ვიყავი ქართული კერძების მრავალფეროვნებით – თითოეულ დასახლებას თავისი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები აქვს. ისეთი ფასეულია, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდა ამ დრომდე. საქართველო არის მოგზაურობის და აღმოჩენების ჯადოსნური ზარდახშა და ძალიან მინდა ეს ყველას გავუზიარო.
სანამ ანასტასია ბენდუქიძეს დავემშვიდობებოდი მითხრა, რომ დიდ ქალაქებში ცხოვრების მიუხედავად პატარა თბილისს ძალიან შეეჩვია. სახლი ვერაზე მისი მეუღლის წინაპრებისაა და იქ განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს. ამ ყველაფერს ისე მარტივად და ორგანულად მიხსნიდა, გეგონებოდათ ჩვეულებრივი ამბავია, როცა უცნაური ბედისწერის წყალობით ზრდასრულ ასაკში თავიდან დაიბადო, ეროვნება, გვარი და ქვეყანა გამოიცვალო. ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი-მიხვდა…
კახამ ერთხელ დავალება მომცა, ეს იყო მისი 5 სურვილი ჩემდამი:
1) მივიღო კარგი განათლება
2) დავიკლო წონაში;
3) დავიწყო ბიზნესი, რომელიც განვითარდება;
4) ვისწავლო ქართული;
5) ვიყო ბედნიერი და წვალების გარეშე მოვკვდე…
მე მის სურვილებს ვასრულებ, მითხარით, რა არის ეს ყველაფერი თუ არა ბედისწერა?!
Amor Fati.