ადამიანთა უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International გამოაქვეყნა სიკვდილით დასჯის მსოფლიო მონაცემები. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სიკვდილით დასჯის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა. გასულ წელს მსოფლიოში სიკვდილით 657 ადამიანი დასაჯეს (ჩინეთის გარდა).
„სიკვდილით დასჯა არის არაადამიანური ქმედება. ის არ გვაძლევს დანაშაულის შემცირების რეალურ შედეგს. ქვეყნების უმრავლესობა ამას იაზრებს და ვხედავთ სიკვდილის დასჯის რაოდენობის შემცირებას მსოფლიოს მასშტაბითაც“ – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, კლერ ალგარმა.
Amnesty International-ის აღნიშნული ანგარიში არ ასახავს ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, სირიისა და ვიეტნამის შესაბამის მონაცემებს. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ ჩინეთში სიკვდილით ათასობით ადამიანს სჯიან. გარდა ამისა, არასანდოდ მიიჩნევა ირანის მიერ მიწოდებული მონაცემებიც.
ორგანიზაციის შეფასებით, სასიკვდილო განაჩენების შემაშფოთებელი ზრდა შეინიშნება საუდის არაბეთსა და ირანში. Amnesty International-ის ცნობით, 2019 წელს საუდის არაბეთში 184, ხოლო ირანში 251 ასეთი განაჩენი დადგა.
Amnesty International-ის ცნობით, გასულ წლებთან შედარებით სიკვდილით დასჯის შემთხვევები 2019 წელს შემცირდა ეგვიპტეში, იაპონიასა და სინგაპურში. ხოლო ავღანეთში, 2010 წლის შემდეგ, შარშან პირველად არ დასჯილა არავინ სიკვდილით.
ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით 106 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია ნებისმიერი სახის დანაშაულზე.