Amber Group-ს ეკატერინე დუჩიძე და ნინო გეგეშიძე უხელმძღვანელებენ

Georgia Capital-ი ქართულ ტურიზმის ბაზარზე შემოდის ახალი ბრენდით Amber Group, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 6 სასტუმროს ააშენებს.

Georgia Real Estate Holding-ი საინვესტიციო კომპანია Georgia Capital-ის ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე ორ უმსხვილეს მიმართულებას – m2 Group-სა და სასტუმროებისა და ტურიზმის მიმართულებებს გააერთიანებს. Georgia Real Estate Holding-ს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს, Amber Group-ის თანადირექტორები კი ეკატერინე დუჩიძე და ნინო გეგეშიძე იქნებიან.

Georgia Real Estate Holding-ის გენერალური დირექტორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში კომპანია შემოდის ახალი ქართული ბრენდით Amber Group-ი, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნიკალურ ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„ტურიზმის მიმართულებით განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა ქვეყნის ულამაზეს რეგიონებსა და დედაქალაქში. ამ მიმართულებისთვის უკვე მოზიდულია 130 მილიონი აშშ დოლარი. ვთვლი, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის, ვინაიდან ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომიჯნავე დარგების განვითარებას.“ – განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.