ამაზონი დამატებით 100 000 ადამიანს დაასაქმებს აშშ-ში. როგორც კომპანიამ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, საიტზე არსებულ პროდუქციაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ადამიანები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ონლაინ-რესურსები, რათა შეამცირონ კონტაქტი გარესამყაროსთან , ვირუსის თავიდან არიდების მიზნით.
გარდა აღნიშნულისა, ამაზონი არსებული თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდასაც გეგმავს. მათი საათობრივი ანაზღაურება ამჟამად $15-ია, თუმცა აპრილის ბოლომდე ისინი საათში $2-ით მეტს მიიღებენ.
კომპანია ცდილობს, მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის გამო იძულებით შეწყვიტეს მუშაობა. „ჩვენ გვინდა ასეთ ხალხს ვუთხრათ, რომ სიამოვნებით მივიღებთ ამაზონში, სანამ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს“ – განაცხადა კომპანიამ.
ამაზონისვე ინფორმაციით, ნივთები, რომლებიც ძირითად სამომხმარებლო კალათას ადგენენ, გამოლეულია – მათ შორის ტუალეტის ქაღალდი და წყალი. კომპანია ცდილობს, რომ დროულად შეავსოს მარაგები და მიტანის სერვისი გახადოს მაქსიმალურად სწრაფი. Prime მომხმარებლებისთვის ეს 1-2 დღეს შეადგენს, ჩვეულებისამებრ კი, საშუალოდ – 4 დღეს.