12 ნოემბერს ამაზონმა საზოგადოებას 2019 წლის 100 საუკეთესო წიგნი წარუდგინა. კომპანიის სარედაქციო გუნდმა წლის საუკეთესო წიგნად კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის „აღსარებები“ დაასახელა. წიგნი გახლავთ ეტვუდის დისტოპიური რომანის „მხევლის წიგნი“ გაგრძელება.
„ჩვენი გუნდი ყოველწლიურად ათასობით ახალ გამოცემას ეცნობა, რათა ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო რეკომენდაციები გავუწიოთ. წელს ძალიან ბევრ კარგ წიგნს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება, თუმცა, როდესაც მარგარეტ ეტვუდის „აღსარებებს“ გავეცანით, ყველანი ერთხმად შევთანხმდით, რომ ის სიის ლიდერი უნდა ყოფილიყო.“ – განაცხადა ამაზონის სარედაქციო გუნდის ხელმძღვანელმა, სარა გელმანმა.
„კანადაში თავმდაბლობა აუცილებელი თვისებაა, შესაბამისად, ცოტათი მრცხვენია, თუმცა, ძალიან მიხარია, რომ ამაზონმა „აღსარებები“ წლის საუკეთესო წიგნად შეარჩია. წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ამ სტრესულ გარემოში თავის ადგილს დაიმკვიდრებს იმედისა და სიმამაცის ისტორია, რომელსაც სამი ძლიერი ქალი გვიყვება.“ – ასე შეაფასა ამაზონის გადაწყვეტილება თავად წიგნის ავტორმა, მარგარეტ ეტვუდმა.
წარმოგიდგენთ სიის პირველ სამეულს:
მარგარეტ ეტვუდი „აღსარებები“
თითქმის 35 წლის შემდეგ მარგარეტ ეტვუდმა მკითხველს თავისი საკულტო დისტოპიური რომანის „მხევლის წიგნი“ გაგრძელება შესთავაზა. თუკი „მხევლის წიგნი“ მკითხველთან ერთად იკვლევდა ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ძალაუფლებაში მოსვლას, „აღსარებები“ სიღრმისეულად წარმოაჩენს როგორ იწყება ასეთი რეჟიმების ნგრევა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80 წლის ასაკში ეტვუდი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.
კოლსონ უაითჰედი „ნიკელის ბიჭები“
პულიცერისა და წიგნის ეროვნული პრემიის მფლობელი ავტორი თავისი უკანასკნელი რომანის „მიწისქვეშა სარკინიგზო გზა“ შემდეგ მკითხველს უბრუნდება ახალი ისტორიით, სადაც ორი შავკანიანი ახალგაზრდის ისტორიას გვიყვება. წიგნში დეტალურადაა აღწერილი ელვუდისა და ტერნერის თავგადასავალი ჯიმ ქროუს ეპოქაში.
ედრიენ ბროდური „ველური თამაში“
წიგნის ქვესათაური ერთგვარად აჯამებს კიდეც მთლიან ამბავს – „დედაჩემი, მისი საყვარელი და მე“, თუმცა ამ ისტორიას სხვა მრავალი შრეც აქვს. ავტორი 14 წლის იყო, როდესაც დედამისი საიდუმლოდ ხვდებოდა ბენ სათერს. ამის შემდეგ იკვრება მკითხველისთვის უცნაური, არაკომფორტული სამკუთხედი, სადაც ედრიენი ხდება დედამისისა და ბენის სასიყვარულო ურთიერთობის ერთგვარი საფარველი.
Amazon-ის გუნდის შერჩეული საუკეთესო 100 წიგნის სრული სიის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს amazon.com/bestbooks2019.