Amazon-ის საწყობებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს

Amazon-ის საწყობებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შემთხვევები მატულობს; ვირუსი უკვე 11 სხვადასხვა ლოკაციაზე გამოვლინდა, ინფორმაციას თავად კომპანია და ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.

ამ დროისთვის Amazon-მა რამდენიმე საწყობის ტერიტორია დროებით დაკეტა, თუმცა მათი მასობრივი დახურვისგან თავს იკავებს.

„მივმართავთ უკიდურეს ზომებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს თანამშრომლებს უსაფრთხო გარემოში უწევთ მუშაობა“ – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი CNN-თან ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ ამ მიზნით ტერიტორიის მუდმივ დეზინფექციას ახდენენ.

თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ. გავრცელებულ ინტერვიუებში პერსონალი აღნიშნავს, რომ მათი აზრით, კომპანია უფრო მეტს უნდა აკეთებდეს თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, ის სოციალური დისტანციის ზომები, რომელიც მან მიიღო, სრულიად არარეალისტურია და საწყობებში აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა რეალურად შეუძლებელია.

ამ დროისთვის, როგორც Amazon-ის საწყობებში მომუშავე პერსონალი, ისე პროდუქციის მიმწოდებლები ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში იმყოფებიან და კრიზისის პერიოდში ფრონტის წინა ხაზზე მუშაობას აგრძელებენ, რათა უზრუნველყონ როგორც საკუთარი შემოსავლის წყაროს არსებობა, ისე მოსახლეობისთვის საჭირო და აუცილებელი პროდუქციის მიწოდება.