‘Amazon Go’ Amazon-ის პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს, სასურველი პროდუქცია მოლარის დახმარების გარეშე შეიძინონ. იგი მაღალტექნოლოგიური, შეიძლება ითქვას, მომავლის მაღაზიაა, რომელიც კამერების, კომპლექსური ალგორითმების (AI ხელოვნური ინტელექტი) და თვითმართვად მანქანებსა თუ ჭკვიან სახლებში გამოყენებული ტექნოლოგიის საშუალებით ავტომატურად აფასებს მომხმარებლის მიერ შერჩეულ პროდუქციას და გადახდას ავტომატურად, მომხმარებლის Amazon-ის ანგარიშის საშუალებით აწარმოებს. მისით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ თანამედროვე ტელეფონისა და Amazon Go-ს აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც IOS ასევე – ანდროიდის სისტემებზე. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Apple App Store-ის, Google Play-სა და Amazon Appstore-ის მეშვეობით.
მომხმარებელი ფილიალში QR კოდით შედის, შემდეგ კი ერთადერთი, რაც მომხმარებელს სჭირდება, სასურველი პროდუქციის შერჩევაა. პროდუქციის ფასი ავტომატურად ანგარიშდება, როცა მომხმარებელი სასურველ პროდუქტს კალათაში/ჩანთაში ათავსებს, ხოლო პროდუქციის უკან დაბრუნების შემთხვევაში AI პროდუქციასა და მის ფასს ავტომატურად აკლებს მომხმარებლის ანგარიშს. მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა მაღაზიის ტერიტორიის დატოვებამდე არ ხდება, ხოლო დატოვების შემდეგ მომხმარებელი ავტომატურად იღებს ქვითარს თუ რა შეიძინა და შენაძენის დეტალურ ანგარიშს.
სერვისის მაქსიმალური ავტომატიზაცია, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ მაღაზიაში ადამიანები აღარ იმუშავებენ. როგორც Amazon-ი ამბობს, მათ უბრალოდ შეცვალეს პერსონალის ვალდებულებები სერვისის გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით. ფილიალში შესვლისთანავე მომხმარებელს ეგებება პერსონალი, რომელიც მათ ორიენტირებასა თუ აპლიკაციის გამოყენებაში ეხმარება, რეკომენდაციას უწევს ამა თუ იმ პროდუქციაზე, ეხმარება არჩევანის გაკეთებაში, ავსებს გაყიდულ პროდუქციასა თუ სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს.
სერვისის უმთავრეს მიზანსა და დადებით მხარეს რიგების არარსებობა წარმოადგენს. მომხმარებლებს უამრავი დრო ეკარგებოდათ გრძელ რიგებში ლოდინისა და სხვადასხვა ხარვეზის გამო. Amazon Go-ს დახმარებით კი მომხმარებელს შენაძენის გასაკეთებლად მხოლოდ ის დრო ეხარჯებათ, რომელიც სასურველი პროდუქციის შერჩევასა და აღებაში სჭირდებათ. სწორედ ეს წარმოადგენდა კომპანიის მთავარ მიზანსაც, როდესაც პროექტზე მუშაობა დაიწყეს.
Amazon Go-ს მაღაზიები თავდაპირველად 2017 წლის იანვარში უნდა გამხდარიყო ხელმისაწვდომი. თუმცა 2016 წელს Amazon-ის თანამშრომლებისთვის გახსნილ მაღაზიის ბეტა ვერსიაში არსებული სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზის გამო, სერვისი მომხმარებლისთვის 2018 წლის 22 იანვრამდე არ გამხდარა ხელმისაწვდომი. 2018 წლის სექტემბრისთვის კი უკვე Amazon Go-ს მეორე ფილიალი გაიხსნა სიეტლში. დღეისათვის მაღალტექნოლოგიური მაღაზიის სულ რაღაც 27 ფილიალია ამერიკის 4 დიდ ქალაქში, რაც Amazon-ის თავდაპირველ ამბიციებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. მათი გათვლებით, 2 წლის განმავლობაში ანუ 2021 წლისთვის უკვე 3000-ამდე მუშა ფილიალი უნდა ჰქონოდათ გახსნილი, თუმცა Amazon-ისა და ჯეფ ბეზოსისათვის შესაძლოა რთული სულაც არ აღმოჩნდეს წლის ბოლომდე ამ, თითქოს, წარმოუდგენელი მიზნის მიღწევა. Amazon-ი ხომ ბოლო 3 დეკადის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპი, შემდგომში კი ყველაზე მოთხოვნადი ონლაინ გაყიდვების კომპანიაა, რომელმაც შემქმნელს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ცნობად სახედ აქცია.
დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. სან ფრანცისკომ, ფილადელფიამ და ნიუ ჯერსიმ კანონმდებლობითი რეგულაციები შემოიღეს უნაღდო მაღაზიებისა და საცალო ვაჭრობების მიმართ. რის შედეგადაც იმ მომხმარებლებს, რომლებსაც აპლიკაცია არ ექნებათ, შეუძლიათ, გასასვლელში პერსონალის დახმარებით გადაიხადონ ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისი პერსონალი შეამოწმებს მომხმარებლის მიერ აღებულ პროდუქციას და “მოძველებული” მეთოდით მოახდენს მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის დაანგარიშებასა და შესაბამისი ოდენობის თანხის მიღებას. თუმცა ეს სერვისი მხოლოდ ორ ქალაქში ნიუ იორკსა (ყველანაირი აკრძალვის გარეშე) და სან ფრანცისკოშია (კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო) ხელმისაწვდომი.
იმ შემთხვევაში, თუ კითხვები გაგიჩნდებათ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ აპლიკაცია და ისარგებლოთ “Amazon Go”-ს სერვისით შეგიძლიათ აპლიკაციის დახმარება გამოიყენოთ, სადაც პასუხების პოვნა შეგიძლიათ როგორც ხშირად დასმულ კითხვებზე ასევე სხვადასხვა გზამკვლევების (ტექსტური თუ ვიდეო სახით) ხილვა, რომელიც ამ მაღალტექნოლოგიური სერვისი გამოყენებაში დაგეხმარებათ.