ახალი ტიპის კორონავირუსით “ამაზონის” პირველი თანამშრომელი გარდაიცვალა. ინფორმაცია Forbes-ს კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა.
„დამწუხრებულები ვართ ჩვენი მენეჯმენტის გუნდის წევრის გარდაცვალებით კალიფორნიის შტატის ქ. ჰოუთორნში. ვფიქრობთ მის ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე და მხარდაჭერას ვუცხადებთ მის კოლეგებს“ – განაცხადა კრისტენ კიშმა.
ამჟამად, აშშ-ს მასშტაბით, covid-19-ით დაინფიცირების შემთხვევები Amazon-ის, სულ მცირე, 74 საწყობში ფიქსირდება.
მართალია, კომპანიამ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად უკიდურესს ზომებს მიმართავდა, თუმცა მედიასაშუალებებში გავრცელებული მომუშავე პერსონალის პირადი გამოცდილება საპირისპიროს ამტკიცებს.
გავრცელებულ ინტერვიუებში პერსონალი ხაზს უსვამს, რომ Amazon-ის მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიღებული ზომები არასაკმარისია, კომპანია გაცილებით მეტს უნდა აკეთებდეს თანამშრომლების დასაცავად და, მეტიც, ის სოციალური დისტანციის ზომები, რომლებიც მან მიიღო, სრულიად არარეალისტურია და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა საწყობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.