Covid-19-ის გამოჩენამ მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი კვალი დააჩნია. თუკი ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კომპანიების უმეტესობა ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ტექნოლოგიური გიგანტის Amazon აქციების ღირებულება კვლავ დრამატულ ზრდას განაგრძობს, რომლის მაჩვენებელმაც გასულ კვირას რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
Amazon-ის ამგვარი წარმატება მსოფლიოს მასშტაბით გარკვეულ შეკითხვებს იწვევს, მათ შორის, ევროკავშირი კომპანიას არაკონკურენტულ ქმედებაში ადანაშაულებს. ამ გარემოებებმა კი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს, ერთი მხრივ, კომპანიის შემოსავალზე, მეორე მხრივ, გაყიდვების იმ პრაქტიკაზე, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.
ევროკავშირის განცხადებით, მთავარი ბრალდება Amazon-ის მიმართ მის შესაძლო „ორმხრივ როლს“ გულისხმობს. მათი დაკვირვებით, კომპანია შემჩნეულია კონკურენტული უპირატესობის ბოროტად გამოყენებაში. კერძოდ, რადგანაც Amazon, ერთი მხრივ, ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, მეორე მხრივ, კი საკუთარ წარმოებულ, ბრენდირებულ პროდუქციასაც ამავე პლატფორმაზე ყიდის, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საკუთარი პროდუქციის გაყიდვების სასარგებლოდ კომპანია მესამე პირის ინფორმაციას იყენებს. ამ შემთხვევაში კი ევროკავშირის მთავარი კითხვები მიემართება იმ მნიშვნელოვან საკითხებს, თუ კონკრეტულად რა მონაცემებზე აქვს წვდომა კომპანიას და იყენებს თუ არა მას არაკეთილსინდისიერად, საკუთარი გაყიდვების სასარგებლოდ.
კომპანია Amazon აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის მომხრეები არიან და ნებისმიერი ქმედება, რომელიც პროდუქტის გაყიდვებს ზრდის ან ამცირებს, მკაცრი რეგლამენტის მიხედვით ისაზღვრება.
გამოძიება Amazon-ის წინააღმდეგ ოფიციალურად უკვე დაწყებულია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, ახლახანს დათანხმდა, რომ ჩვენება მისცეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს წინაშე, ტექნიკური ინდუსტრიის ანტიმონოპოლური საკითხების განხილვის თაობაზე.
საქმის დასრულების სავარაუდო დროდ მომავალი წლის დასაწყისი მოიაზრება. ოფიციალურად ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, შესაძლოა, კომპანიას მთლიანი მოგების 10%-ის ჯარიმის სახით გადახდა დაეკისროს, რაც, დაახლოებით, 19 მილიარდი დოლარია.