BBC: კომერციული საფრენი დერეფანი დრონებისთვის, შესაძლოა, წელს გაიხსნას

დრონებისთვის განკუთვნილი კომერციული საფრენი დერეფანი გაერთიანებული სამეფოს ბერკშირის საგრაფოში მდებარე ქალაქ რიდინგის სამხრეთით, შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაიხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.

Photo Credits to ALTITUDE ANGEL

8 კილომეტრი სიგრძის საფრენი დერეფნის პროექტზე დეველოპერული კომპანია  Altitude Angel მუშაობს და მისი მიზანი პილოტის თვალთახედვის არეს გარეთ მოქცეული დრონის უსაფრთხოდ მართვის უზრუნველყოფაა. ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში დრონის აფრენა მხოლოდ ოპერატორის თვალთახედვის ფარგლებში იყო ნებადართული. თუმცა, როგორც კომპანიაში ამბობენ, მათ შექმნეს ,,აღმოჩენისა და არიდების“ სისტემა, რაც დრონებისა და სხვა საფრენი აპარატების ერთმანეთთან შეჯახების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.

კომპანია საფრენ ზონას დრონების ოპერატორებზე გააქირავებს. მათი თქმით, დერეფანი, შესაძლოა, ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურმა სხვადასხვა სამედიცინო საშუალების მარაგის გადასატანად, ან მუნიციპალურმა დაწესებულებებმა საჯარო შენობების ინსპექტირებისთვის იქირაონ.

„ჩვენ გვსურს, რომ გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ისეთივე საფრენი მაგისტრალები მოვაწყოთ, როგორიც რკინიგზის ქსელია“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა სტივენ ფარმერმა.

გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (CAA) აღნიშნავენ, რომ  ეს ერთ-ერთი დიდი პოტენციური ცვლილებაა, რომელიც ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში დრონების განთავსებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საკარანტინო შეზღუდვებისას, COVID-19-ის ტესტებისა და სამედიცინო პროდუქციის შორეულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის დრონების საშუალებით მიწოდება წელს პირველად სწორედ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით მოხერხდა.

Altitude Angel ტექნოლოგიის სხვა ადგილებში გამოსაყენებლად მის დაპატენტებას გეგმავს.