Alice Q – ზღაპრების ახდენის სააგენტო | ინტერვიუ ირინა ეგაძესთან

„დიდხნიანი გამოცდილების შემდეგ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში Alice Q. ზუსტად ვიცოდი, რა გამოვიდოდა და რომელ საფეხურს დავიკავებდით. ახლა კი მივყვებით ამ არაჩვეულებრივ გზას, რომელსაც სიახლეები და უდიდესი სიხარული მოაქვს ჩვენი გუნდისთვის“.

მრავალწლიანი გამოცდილება ღონისძიებების მართვაში აუცილებელი პირობა იყო, იმისთვის, რომ მომსახურების ქართულ ბაზარზე ორიგინალურობით გამორჩეული კომპანია შეექმნა. სამი წელი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Alice Q ადგილობრივი ივენთ კომპანიებს შორის ლიდერ პოზიციაზე აღმოჩენილიყო.

ღონისძიებების მართვის სფეროში ირინა ეგაძის 14 წლიანი გამოცდილება 410 ღონისძიებასა და 225მდე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვეთთან თანამშრომლობას მოიცავს. საერთო ჯამში კი მისი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში გახარჯული ჯამური ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ქვეყნის ივენთ კომპანიების ლიდერ პოზიციებზე განგვიხილავენ. ჩვენი ნიშა გვაქვს და ექსკლუზიურ, განსაკუთრებულ ღონისძიებებს ვაკეთებთ. არ ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ საქართველოში ყველაზე ბევრი ღონისძიების ორგანიზება გავაკეთოთ. ჩვენი გუნდის სურვილია ვიყოთ განსაკუთრებული, ექსკლუზიური, გამორჩეული და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზატორები. კომპანიის იდეაც თავიდანვე ამაში მდგომარეობდა, ასეთი ფორმით დავიწყეთ პოზიციონირება და კვლევებიც იმას ადასტურებს, რომ Alice Q-ს სწორედ ამ განსაკუთრებულობის გამო ირჩევენ. გვყავს წლის კონტრაქტორები და მუდმივი დამკვეთები. წელიწადში ორგანიზებას საშუალოდ 35 ღონისძიებას ვუწევთ. ციფრებში შეიძლება ეს არც თუ ისე ბევრია, მაგრამ ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებულები და არა რაოდენობაზე“.

ორიგინალურობისა და ზღაპრული რეალობის შექმნის იდეით დაარსებული ბრენდი, სახელითა და კონცეფციით ზღაპრულ პერსონაჟთან არის დაკავშირებული, რომელიც გუნდის თითოეული წევრის მოტივატორია.

„ეს არის იდეა, რომელსაც ჩვენ მივყვებით. ჩვენი ბრენდის პერსონაჟი ერთდროულად ზღაპრულიცაა და მიწიერიც. ის ორგანიზატორია, რომელიც საოცრებათა სამყაროს ქმნის. ვფიქრობ Alice Q-ს ბრენდი კომპანიის შინაარსს ზუსტად პასუხობს“.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ინსპირაცია და პირველი ნაბიჯები

ირინა ეგაძე პროფესიით ტელე-კინო მენეჯერ-პროდუსერია. წლების წინ საკუთარი პროფესიით მუშაობდა, თუმცა, ცხოვრებისეული საქმიანობა სწორედ ივენთების ღონისძიებაში იპოვა. ყველაფერი 2006 წელს დაიწყო, როდესაც პროექტ „საუკუნის ავტოგრაფის“ ორგანიზება დაევალა.

„ღონისძიების მთავარი იდეა იყო, რომ 60 წელს გადაცილებული, საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის საოცარი წარმომადგენლები შეგვეკრიბა, რომლებიც ამავე სფეროს ახალგაზრდა არტისტებთან ერთად სხვადასხვა პერფორმანსს შეასრულებდნენ. მათ შორის იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე და ნატო მეტონიძე, სოფიკო ჭიაურელი და ლიზა ბაგრატიონი, მედეა ჩახავა და გიო ხუციშვილი. დღეს უფროსი თაობის ამ არაჩვეულებრივი ადამიანებიდან თითქმის არცერთი ცოცხალი აღარ არის და ვთვლი, რომ უდიდესი და საამაყო ღონისძიება შევქმენით, რომელიც ისტორიას დარჩა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა“.

საყვარელი საქმე 14 წლის წინ იპოვა, ინსპირაცია კი დღემდე ბავშვობის წლებიდან მოდის. მამა რეჟისორია, დედა კი – მსახიობი. ამბობს, რომ მშობლების სამსახურში გატარებული პერიოდი გონებაში ფრაგმენტებად, ადრეული ასაკიდან დაელექა. თეატრის ჯადოსნური გარემო და დეკორაციები კი მისთვის, ღონისძიებების კონცეფციისა და ვიზუალის შთაგონების წყაროდ იქცა.

„მთელი ბავშვობა თეატრში მაქვს გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიული ცხოვრება ამ მიმართულებით არ განვითარდა, სულ ვამბობ, რომ ეს სადღაც დაილექა და დიდი გავლენა მოახდინა დღევანდელ საქმიანობაზე. თითქოს, ერთგვარი შთაგონებაა ჩემთვის. ბავშვობაში დიდ დროს ვატარებდი მშობლების სამსახურში – სხვადასხვა თეატრში, მათ შორის ხშირად მახსენდება რუსთაველის თეატრის კულისები და დეკორაციები და სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ის საოცრებები, რომლებიც შეგიძლია აკეთო თეატრის სცენაზე, ასევე შეგიძლია აკეთო ღონისძიებებზეც. ამ ყველაფერს კი ჩვენს საქმეში ჯადოსნურობა შემოაქვს. კი ვირთულებთ საქმეს, მაგრამ სამაგიეროდ ისეთ დეტალებს ვქმნით, რომ საბოლოოდ გამორჩეული გამოდის. სულ ვცდილობთ ახალი გავაკეთოთ და არ გავიმეოროთ ჩვენივე გაკეთებული. ამიტომ ვთვლი, რომ ყველაზე დიდი რამ, რაც სხვებისგან განგვასხვავებს შემოქმედებითი მხარეა“.

ამბობს, რომ ხელოვანების ოჯახში გატარებულმა ბავშვობამ განაპირობა ის, რომ ზუსტად იცის ადამიანს გართობისთვის რა სჭირდება. სხვებისთვის მინიჭებული სიხარული კი მთელი გუნდისთვის ადრენალინის ტოლფასია.

„ჩვენს ოჯახში ყოველთვის სილაღე და მხიარულება ტრიალებდა და ალბათ, აქედან გამომდინარეობს, რომ ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გაერთოს ადამიანი ისე, რომ ბუნებრიობის გემო და ხიბლი იგრძნოს. ის დადებითი შეგრძნებები, რომლებიც თავად მაქვს განცდილი, ვცდილობ ხოლმე, სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც შევიტანო. და ის შეგრძნება, რომ ჩვენს პატარა გუნდს შეუძლია სხვა ადამიანებს სიხარული მიანიჭოს, ჩვენთვის უდიდესი მამოძრავებელი ძალაა“.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ახალი მიმართულება

Alice Q-მ სააგენტოს მომსახურების სრულიად ახალი მიმართულებაც შექმნა. გარდენინგი, რომელიც თავის მხრივ მცენარეების მოყვარულებს სხვადასხვა სერვისსა და ვორქშოფებს სთავაზობს.

„კარანტინის პერიოდში მოგვეცა დრო განგვეხორციელებინა იდეა, რომელიც დიდი ხანია გვაქვს. მინდა, რომ Alice Q. თავისუფალ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს, რომლის ქვეშაც მომსახურების სფეროში გაერთიანებული სხვადასხვა მიმართულება იქნება თავმოყრილი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა გარდენინგი.

ბაზრის კვლევის შემდეგ ვნახეთ, რა იყო დეფიციტური და შევქმენით სერვისი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გააბედნიერებს. გარდენინგის ერთ-ერთი მიმართულება პატარა ბოსტნების შეთავაზებას გულისხმობს. მაგალითად, მინდა, რომ მქონდეს პატარა ბოსტანი და არ მაქვს დრო მის მოსაწყობად. ვიყიდო ქოთანი, მიწა, ნერგი, ცალკე დეკორაცია შევურჩიო, მოვიყვანო მებაღე, რომელიც ჩარგავს და ა.შ. ჩვენ, ისევე როგორც ივენთების მიმართულებაში, აქაც მზა პროდუქტს ვთავაზობთ კლიენტებს. გვაქვს დაახლოებით 20 დასახელების პროდუქტის კატალოგი, რომელსაც დამკვეთებს ვთავაზობთ ეზოსთვის, აივნისთვის, ფანჯრისთვის, სახლის დეკორაციისთვის და სხვა. ნერგების რაოდენობა წინასწარ არის გაწერილი და უკვე გაზრდილი ჩითილები, მზა პროდუქტი მიგვაქვს შემ­კვეთთან. შემდეგ უკვე მასზეა დამოკიდებული, როგორ მოუვლის.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ამის გარდა, გვაქვს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება-ვორქშოფები, რომლებიც ყოველდღიურად ჩატარდება. მსურველებს საშუალება ექნებათ მოვიდნენ და ისწავლონ, თუ როგორ მოუარონ და გადარგონ მცენარე. შემდეგ სახლში წაიღონ და გაზარდონ. ეს არის თავისუფალი, ჰაეროვანი სივრცე, სადაც ადამიანი მოვა და განიტვირთება შვილთან, მეგობართან ერთად და მიწასთან თერაპიული კონტაქტით, დადებით ემოციებს მიიღებს.

ვორქშოფზე ვასწავლით სამედიცინო მცენარეების მოვლასაც, მათ სასარგებლო თვისებებსა და გამოყენებას, თუ როგორ დაამზადონ საკუთარი ხელით სამკურნალო და სასარგებლო მცენარეებით სახის ნიღაბი, საპონი, შამპუნი და თავის მოვლის სხვა საშუალებები. შემდეგ სახლში წაიღონ და გამოიყენონ. დღევანდელ დღეს თინეიჯერებში საკმაოდ პოპულარულია საკუთარი ხელით დამზადებული კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები, ამიტომ ჩვენ მათთვის ექსკლუზიურ ვორქშოფებს მოვაწყობთ ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ შეისწავლონ და სწორად გამოიყენონ ორგანული პროდუქტები. გარდენინგი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიმართულებაა ჩვენთვის.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც ჩემი ბავშვობა და ოჯახური გარემო იქცა ინსპირაციად. სულ ვამბობ, რომ ორანჟერეაში გავიზარდე, რადგან დედა ყოველთვის განსაკუთრებულად უვლიდა მცენარეებს. სულ მიკვირს, როგორ ახერხებდა ამდენი დრო დაეთმო მცენარეებისთვის“.

კმაყოფილი დამკვეთი

„მიირთვით ჩაი, სანამ ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე“ – Alice Q-ს სლოგანი, მისი მომსახურების მთავარ სტანდარტს პასუხობს და ხარისხსა და ორიგინალურობასთან ერთად დამკვეთს მინიმალურ ჩართულობასა და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კონცეფციაც, მთლიანად დამკვეთის სურვილებზეა აგებული. დაგეგმვისას გუნდი თავიდანვე ისახავს კონკრეტულ მიზანს, თუ რა მესიჯით, რა ემოციებით უნდა წავიდეს სტუმარი ღონისძიებიდან.

„ძირითადად დამკვეთი შეჩვეულია ხოლმე, რომ თავად აკეთებს ივენთს. ჩვენთან სხვაგვარად არის. ჩვენზეა დამოკიდებული, რა შეგრძნებით წავა სტუმარი, ეს იქნება სიხარული, სიამაყე, სევდა, ბედნიერება, სენტიმენტები თუ სხვა. ჩვენ ვთავაზობთ დამკვეთს და შემდეგ არჩევანი მასზეა. მთავარი კომპონენტები დამოკიდებულია ივენთზე. შეიძლება სიტყვით გამომსვლელის ტექსტი იყოს ისეთი, რომ მან წაიღოს მთავარი მესიჯი, მაგალითად, შეიძლება ეს იყოს ფოტოზონა, რომელიც შეიძლება ისეთი კარგი გააკეთო, რომ მთელი მესიჯი იქიდან წავიდეს. გააჩნია მიზანს და საშუალებებს. ერთხელ გავაკეთეთ ფოტო-ზონა, სადაც მფრინავი ხალიჩა გვქონდა. სრული ილუზია შევქმენით, რომ ნამდვილად დაფრინავდა. პატარა დეტალი იყო, რომელიც სწორად გადმოსცემდა, რომ ეს იყო „ათას ერთი ღამე“.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

გამორჩეული პროექტები

Alice Q-ს სამწლიანი გამოცდილება არაერთ გრანდიოზულ პროექტს მოიცავს. მათ შორის არის ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართული საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, სადაც კომპანიამ 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე სახელმწიფო სექტორისა და 61 ქართული წამყვანი კომპანიისთვის, საგამოფენო სივრცის მოწყობა სრულად უზრუნველყო. გამოფენა სირთულითა და მასშტაბურობით გამოირჩეოდა, სააგენტოსთვის კი სრულიად ახალი გამოწვევა იყო. მაშინ ჩინეთის პრეზიდენტი გამოფენაზე სამი ქვეყნის პავილიონის სანახავად მივიდა, მათ შორის იყო ქართული პავილიონი.

კომპანიაში ასევე სიამაყით იხსენებენ იტალიის ქალაქ  ფლორენციაში, Pitti Uomo-ს მოდის სფეროში გამართულ საერთაშორისო გამოფენას, სადაც Alice Q-მ ასევე ქართული პავილიონი მოაწყო.

„ასევე ეფექტური და ძალიან კარგი გამოვიდა The Body Shop-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის, ლონჩ კამპანიის ივენთი. კომპანიის წარმომადგენლებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ეს იყო The Body Shop-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და მსგავსი პროექტები კარგ გამოცდილებას გვიტოვებს.

ახლა ვმუშაობთ უნივერსიტეტის ონლაინ გრედუეიშენის ორგანიზებაზე, სადაც 3300 სტუდენტი მონაწილეობს. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ განსხვავებული და ექსპერიმენტულია ჩვენთვის ამ ფორმატით მუშაობა. თავიდან ცოტა შოკისმომგვრელად ჟღერდა, თუმცა, საბოლოოდ იდეა საოცრად კარგი გამოვიდა.

ორგანიზატორობა – ეს არის ურთულესი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა უნარების ერთობლიობას. უნდა მოახერხო და ერთდროულად იყო კრეატიული, სათანადო მენეჯერი. გქონდეს მოლაპარაკებებისა და კარგი კომუნიკაციის ნიჭი. იყო კარგი მმართველი და კრიზის მენეჯერი, რომ ბოლომდე სრულყოფილად მიიყვანო ეს ურთულესი პროცესი და შემდეგ დემონტაჟი გაუკეთო. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს“.

 

ავტორი: ქეთევან სულხანიშვილი

ფოტო: ანა ბოკო