თამაში, სადაც სამოსი ცოცხლდება | ინტერვიუ თინა ალექსიშვილთან

უბრალოდ ძალიან ლამაზია და თან გამორჩეული…

ერთხელ თუ სადმე მოჰკრავ თვალს, აუცილებლად დაგამახსოვრდება, რადგან იფიქრებ, რომ ცოცხალია, უნდა შეეხო, დარწმუნდე რამდენად სათუთია, როგორ ნაზად ეფინება სხეულს და როგორ შეუმჩნევლად ხდის მას ბუნებრივს.

„დარაია“ ჰქვია მას, რაც აბრეშუმს და აბრეშუმის დიდ მოსახვევს ‒ მანდილს ნიშნავს და როგორი ჟღერადობაც აქვს ქსოვილს, ‒ მტკიცე, მაგრამ თან ძალიან ნაზი, ბრენდიც ზუსტად ეგეთი ხასიათის მატარებელია ‒ არადამახასიათებელი ფორმებით, პასტელური ფერებითა და უცნაური ფიგურებით.

„დარაია“ ქეთა ლომიძისა და თინა ალექსიშვილის კომპანიაა, რომელიც თავიდან, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ორი მეგობრის ექსპერიმენტი იყო, თუმცა აღნიშნული მცდელობა ისეთი მიმზიდველი გამოდგა, რომ მალევე იქცა განსაკუთრებული ესთეტიკის მქონდე ბიზნესად ‒ საცურაო კოსტიუმებსა და აბრეშუმის პერანგებზე დატანილი ქაოტური არსებების მინიმალისტურ, მაგრამ დამოუკიდებელ სამყაროდ.

დანარჩენს თავად თინა მოგვიყვება.

როდის და როგორ გაჩნდა „დარაიას“ შექმნის იდეა და რა იყო ამის ინსპირაცია?

პატარა კაფე მქონდა “TEATRET”, სადაც საჩუქრების მაღაზიაც გავაკეთე, პირველად იქ დავიწყე „ტანსაცმლებით თამაში“. შემდეგ ჩემმა მეგობარმა, ქეთა ლომიძემ შემომთავაზა ამ იდეისთვის უფრო მასშტაბური სახე მიგვეცა. ეს მისი იდეა იყო, ვცადეთ და გაამართლა.

რისი აღმოჩენა სურს „დარაიას“, როგორც ბრენდს?

სტილის.

რა არის „დარაიას“ სათქმელი?

გამოვხატოთ საკუთარი დამოკიდებულება სილამაზისადმი.

რა არის „დარაიას“ სტილისა და ესთეტიკის მთავარი მიმართულება?

სტილი თავისთავად მიმართულებაა უკვე, თუმცა კარგი სტილის სკამი ცუდად რომ გაგიკეთონ ‒ დავარდები…

ამიტომაც ასე ვიტყოდი ‒ ჰარმონიულ მთლიანობაში მოსაყვანად აუცილებელია ესთეტიკა, რომელიც საუკეთესოდ აერთიანებს სტილს ხარისხთან.

რას აწარმოებს „დარაია“ ამ ეტაპზე?

რამდენიმე პროექტში ერთდროულად ვართ ჩართულები. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ქართული ქსოვილების გაცოცხლების იდეა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და სულ მალე იხილავთ ძველ ქართულ ორნამენტებს „დარაიას“ მიერ შექმნილ პროდუქციაზე:
თავსაფრებზე, ჩანთებზე, სპორტულ სამოსზე, საცურაო კოსტიუმებზე, მამაკაცის ჰალსტუხებზე და სხვადასხვა აქსესუარებზე.

რომელ მხატვრებთან თანამშრომლობთ?

მარიამ ბარდაძე, მხატვარი, რომელთან ურთიერთობაც „დარაიასთვის“ ამოუწურავი აღმოჩნდა, მისი ინდივიდუალური და მრავალფეროვანი ბუნების გამო.

თქვენი აზრით, რა თვისებები და როგორი გემოვნება აქვს მას, ვისაც „დარაია“ მოსწონს, ვინც თქვენი ბრენდის მომხმარებელია?

სხვადასხვა სტილისა და განწყობის ადამიანები რაღაც თავისას ყოველთვის პოულობენ ჩვენთან. პრინტებიდან გამომდინარე უფრო ახალგაზრდული ხაზია, თუმცა მკაცრი კონტურებისა და მინიმალისტური სტილის მქონე ადამიანებისთვისაც გავაცოცხლეთ მარიამ ბარდაძის შავ-თეთრი ნახატები.

როგორ შეაფასებდით ლოკალურ ეკო-სისტემას სტარტაპებისთვის?

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია არსებობს სტარტაპების ხელშეწყობის უამრავი პროგრამა, რაც, რა თქმა უნდა, იდეურად ძალიან სასიხარულოა, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი სტარტაპის მხარდაჭერა ნიშნავს ახალი ინიციატივის მხარდაჭერას. თავის მხრივ, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო საჭიროებს ცვლილებებს და სტარტაპ-ეკო-სისტემის ხელშეწყობა გააუმჯობესებს კონკურენციას და გააჯანსაღებს ბიზნეს გარემოს.

თავიდანვე გქონდათ გათვლილი მასშტაბურ კომპანიებთან თანამშრომლობა თუ ეს, უბრალოდ, ჰობი იყო, რომელიც შემდგომ წარმატებულ ბიზნესად იქცა?

თავიდანვე მიზანი ეს არ ყოფილა, მაგრამ როდესაც შემოთავაზებები გაჩნდა, თამამად შევხვდით ამ გამოწვევებს.

ამ გადმოსახედიდან უკვე მიკვირს, როგორ გავრისკეთ. საკმაოდ რთული პროცესია. თუმცა იმან, რომ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ხოლმე თითოეულ დეტალს, ეს შეგვაძლებინა!

რამდენად რთულია დღესდღეობით სიახლეებითა და თავისუფალი იდეებით შემოსვლა ჩვენს ბაზარზე?

არსებობს შემოქმედებითი ინტუიცია, რომელიც თითქოს წინასწარ გკარნახობს განწყობას, რა შეიძლება მოგეწონოს ხვალ. თუ სწორად გაჰყვები, აუცილებლად მოგჰყვება საზოგადოებაც ‒ ზოგი უცებ, ზოგიც მოგვიანებით… რა თქმა უნდა, უფრო იოლია უკვე დამკვიდრებულ ტენდენციებს მიჰყვებოდე ბაზარზე, თუმცა ამაში არც შემოქმედებითი და არც ინდივიდუალური იმპულსები არაა, ამიტომ, როცა ჩვენ არჩევანის გაკეთება გვიწევს დამკვიდრებულსა და დასამკვიდრებელს შორის, ყოველთვის ვცდილობთ, დავარწმუნოთ დამკვეთი სიახლის აუცილებლობაში და ამის მიღწევა თანდათან სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება, ალბათ იმიტომ, რომ გაიზარდა გამოცდილება და, აქედან გამომდინარე, გაჩნდა ნდობაც ჩვენ მიმართ.

რა გაძლევთ მოტივაციას?

ალბათ მომხმარებლის აღფრთოვანება და სიყვარული.

„ქალები ბიზნესში“ – ამ თემის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ ღრმა სტიგმები არსებობს და როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, ქალები საკმაოდ ბევრ სირთულეებს ვაწყდებით. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და მომიყევით თქვნს გამოცდილებაზე ამ კუთხით, რა წინააღმდეგობებსა და სირთულეებს აწყდებით ხოლმე ბიზნესის მართვის პროცესში?

„დარაია“ მაინც მოდის სფეროა და ქალი ამ სფეროში დიდად უჩვეულო არაა, ამიტომაც ამ მხრივ ალბათ ნაკლებია წინააღმდეგობა, ან შეიძლება ჩვენ გაგვიმართლა, არ ვიცი. ზოგადად, სირთულეები არსებობს, მაგრამ ძირითადად ეს ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული აზროვნების მქონე პარტნიორებისგან მოდის ხოლმე, როცა ვერ ვთანხმდებით ურთიერთობების სტილსა და ბიზნესის კანონებზე, როცა ირღვევა ხარისხი ან ვერ ხერხდება განვითარება. კეთილისა და ბოროტის ბრძოლას ემსგავსება ხოლმე დაპირისპირება ხარისხსა და მოგებას შორის, სასაცილოა, მაგრამ მართლა ასეა. თუმცა დრომ საუკეთესოდ დაწმინდა ეს პროცესი და ჩვენ შევიძინეთ მეგობარი კომპანიები, ვისთან ერთადაც უკვე გვაქვს შესაძლებლობა შემოქმედება პროპორციულ წონასწორობაში მოვიყვანოთ ბიზნესთან. გაჩნდა სიხარული შემოქმედებითი პროცესის დროს, გაჩნდა სიყვარული ერთობლივად შექმნილი პროდუქტის მიმართ და გაიზარდა ურთიერთნდობა.

თქვენი აზრით, როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი? რაშია ქალების ძალა?

ჩემი აზრით, თუ მხოლოდ ქალებმა გავაძლიერეთ ერთმანეთი, სამყარო გადაყირავდება. ესეც ხუმრობით, მაგრამ მგონია, რომ ქალს მართლა შეუძლია ნებისმიერი სიტუაციის გაწონასწორება, დალაგება. მთელ სამყაროში ხომ ქალისა და მამაკაცის ერთგვარი „გათანაბრების“ პროცესიც მიდის. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ სასწორის პინა წონასწორობას მიაღწევდეს, მანამდე ხან ერთი მხარე მოექცევა ზემოთ, ხან – მეორე, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანი პრიორიტეტულია…

გამიხარდება, თუ ადამიანები გაცნობიერებულ ნაბიჯებს გადავდგამთ ამ „გათანაბრებისკენ“, ოღონდ ამ სიტყვის მხოლოდ გარეგნული გაგებით – არა.

მინდა, რომ „დარაია“ მშვიდობისა და წონასწორობის სიმბოლო იყოს.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ, რომლებსაც შედარებით უჭირთ გარისკვა და პირველი ნაბიჯების გადადგმა?

მთავარი გამბედაობაა… „როდესაც შენი გადაწყვეტილება სუფთაა, მას მხარს უჭერს და აძლიერებს სამყარო!“ – ეს სიტყვები პირველად რომ მოვისმინე, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს და პასუხისმგებლობით მავსებს!

ყველას ვურჩევდი, თამამი ნაბიჯები გადადგან საკუთარი მიზნებისკენ! თუმცა უნდა ახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა გზა არ ამართლებს!

თამამად არღვიონ დადგენილი არასწორი წესები!

ბიზნესისთვის გულწრფელობა მიუღებელი არაა!

ისწავლონ საკუთარი ინდივიდუალურობის დაცვა!

იშრომონ! ეძებონ და განვითარდნენ!

 

ფოტო: ანა ბოკო