ორიგინალური და შთამბეჭდავი სპექტაკლების ავტორი, მარიამ ალექსიძე, თანამედროვე ბალეტის პროფესიონალი ქორეოგრაფია. მისი რეპერტუარი გამორჩეულია ქართული პოლიფონიური აზროვნების თანამედროვე ბალეტთან შერწყმით. იგი დაკავებულია არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობითაც, რომელიც თანამედროვე ქორეოგრაფიის პოპულარიზაციას და თანამედროვე ცეკვის ტექნიკის განვითარებას გულისხმობს. 2016 წელს მარიამის ხელმძღვანელობით თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი, რომელიც უკვე ოთხი წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
დღეს თანამედროვე და კლასიკური ბალეტი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რატომ აირჩიეთ თანამედროვე ბალეტი?
თანამედროვე ბალეტი კლასიკურ ბალეტს ეფუძნება, მაგრამ ამ მიმდინარეობას სხვა გზები აქვს ნაპოვნი, როგორც ტექნიკური, ისე ემოციური და გადმოცემის ხერხების თვალსაზრისით. თანამედროვე ცეკვა კი, ნამდვილად განსხვავებულია კლასიკური ბალეტისგან. ეს მიმდინარეობა მის საწინააღმდეგოდ დაიბადა და თავისი ტექნიკა გააჩნია. თავად ვიყავი კლასიკური ბალეტის მოცეკვავე, მაგრამ ვფლობდი ნეო-კლასიკური ბალეტის სკოლას, თანამედროვე ცეკვის სხვადასხვა მიმიდნარეობას და ასევე მოდერნ და ჯაზ-ბალეტის ტექნიკას. საბოლოოდ მაინც კლასიკურიდან თანამედროვე ბალეტის სფეროში ჩემმა ქორეოგრაფიაში მუშაობამ გადამიყვანა.
როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი საქმე, სცენაზე ცეკვის ნაცვლად, ქორეოგრაფია უნდა ყოფილიყო?
ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ქორეოგრაფი გავხდებოდი, რომ არა ჩემი ცხოვრების დიდი დარდი, რომელიც მამაჩემის, გიორგი ალექსიძის, გარდაცვალებას უკავშირდება. სიცოცხლეშივე შევპირდი მამას, რომ მის გზას გავაგრძელებდი, მაგრამ ეს თვისებები ჩემში მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აღმოვაჩინე. მოულოდნელად მოხდა, შევედი დარბაზში და დავიწყე იმპროვიზაცია. ძალიან მალე, მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში წარმოვადგინე ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი სპექტაკლი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე „დოვინ-დოვენ-დოვლი…“, რომელიც თავიდანვე გამოირჩეოდა საწყისი ოსტატობით და დღემდე ცოცხლობს, დღემდე რეპერტუარშია. რომ გადავხედო ჩემს წარსულ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვფიქრობდი ქორეოგრაფიაზე, მივხვდი, რომ როდესაც მამა ჩემთან მუშაობდა, როგორც მოცეკვავესთან, ამ დროს ჩემში ავითარებდა ქორეოგრაფისათვის საჭირო იმ უნარებსაც, რომლებმაც ერთბაშად ამოხეთქა საჭირო დროსა და მომენტში.
როგორ გაჩნდა კამერული დასი? არის თუ არა იგი მამის ქორეოგრაფიის გაცოცხლების გზა?
2016 წელს ჩემი ხელმძღვანელობით თანამედროვე ბალეტის პირველი დასი დაარსდა საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში მე შევხვდი ჩემს თანამოაზრეს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორს, ლიტერატურათმცოდნეს, დავით მაზიაშვილს, რომელთან ერთადაც შევიმუშავე ჩვენი დასის კონცეფცია, ჩვენ მკაფიო მიმართულებები დავსახეთ. ამ დასს დაერქვა გიორგი ალექსიძის სახელი და ეს უბრალოდ სახელი არ არის. იგი ასოცირდება მის მსოფლმხედველობასთან, ფილოსოფიასთან, გემოვნებასთან, ესთეტიკასთან, რომელიც ჩემთვის ამ ხელოვნების უმაღლესი გამოხატულებაა. ჩვენ ვატარებთ ამ ყველაფერს და ერთ-ერთი მიმართულებაა, გავაცოცხლოთ მისი სპექტაკლები, ბუნებრივია, ისინი, რომლებიც კამერული შემადგენლობისთვის არის დადგმული.
როგორია შემოქმედებითი პროცესი, ყოველთვის იცით რა გინდათ?
როდესაც ვფიქრობ შემდეგ სპექტაკლზე, რამდენიმე ვარიანტი და შინაგანი სურვილი მაქვს ხოლმე სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ ეს არის იდეა, ზოგჯერ მუსიკა, სივრცის კომპოზიციური ხედვა და ა.შ. მაგრამ იმ მომენტში აუცილებლად უნდა მქონდეს ძლიერი ინტუიცია და ბიძგი, თუ რატომ უნდა გავაკეთო ახლა ეს და არა რამე სხვა. გადაწყვეტილების შემდეგ იწყება ფიქრი და ფიქრს მიაქვს ყველაზე დიდი დრო და ძალისხმევა. ზოგჯერ ამისთვის წლები ემზადები და როდესაც პრაქტიკაში განხორციელება უნდა დაიწყოს, ნახაზები და მოძრაობები როგორც ნაკადი, ისე მოდის ფანტაზიასა და სხეულში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩიო მოცეკვავე ამა თუ იმ როლისთვის, მაგრამ პროცესი უკვე სხვა რამეა. ეს არის ენერგეტიკის, იმპულსების გაცვლა მოცეკვავეებთან და ამ დროს ბევრი ჯადოსნური რამ ხდება, ხანდახან არ იცი, საით წაგიყვანს. ზოგჯერ პროცესი ბევრად საინტერესო და ბევრის მომცემია ვიდრე შედეგი. შედეგი არასდროს არის ჩემთვის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი.
როგორ მნიშვნელობას ანიჭებთ ფორმას და შინაარსს, ერთნაირად მნიშვნელოვანია?
მე მაინც უშინაარსო ბალეტისკენ ვიხრები. ჩემს სპექტაკლებსაც, რომლებსაც აქვს შინაარსი, აქვს არა პირდაპირი თხრობის სახე, არამედ უფრო ეყრდნობა ფაბულას, იდეებს, სიმბოლოებს, შეგრძნებებს და ასოციაციების სამყაროს, ამიტომ ალბათ უფრო ფორმების ძიებისკენ ვიხრები, მით უფრო, რომ ფორმების შერჩევა ქმნის ნაწარმოების სტილს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ფორმებიც სხვადასხვაგვარია და ეს ისევ და ისევ მასალიდან გამომდინარეა. თუმცა, რა თქმა უნდა, მუსიკა წამყვანია. მაშინ, როდესაც არის ამბის თხრობა, ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკაში ქორეოგრაფმა დაინახოს ის ამბავი და საბოლოოდ მაინც გამოხატოს მუსიკითა და შემოქმედებითი ენერგიით: წარმოსახვით, ქორეოგრაფიული ენით, ტემპერამენტით და ემოციით. იდეალური შერწყმაა, როდესაც სპექტაკლისთვის ორიგინალი მუსიკა იქმნება. თუმცა მე ხშირად დამიდგამს არსებულ მუსიკაზე, რომელიც არ არის ამ სპექტაკლისთვის შექმნილი, მაგრამ აუცილებლად იმ მუსიკაში უნდა დავინახო ის ნიუანსები და სიღრმე, რაც უხდება ამ მასალას.
რას სთავაზობს დღეს თბილისის თანამედროვე ბალეტი მსოფლიოს?
2011 წელს დავიწყე პროექტი „ფანტაზია ქართული ფოლკლორის თემაზე“, ჩემი მიზანი იყო გამეგრძელებინა გზა, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანმა დაიწყო. მის შემთხვევაში ეს იყო ქართული ფოლკლორისა და კლასიკური ბალეტის შერწყმა, შემდეგ, გიორგი ალექსიძის შემთხვევაში, ეს იყო ქართული ბალეტის ავანგარდულ ბალეტთან შერწყმა. ჩემს შემთხვევაში კი – თანამედროვე ბალეტთან შერწყმა. მე ეს გააზრებულად გავაკეთე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ქმნის უნიკალურობას, ეს ქმნის ქორეოგრაფიულ სახეს, რომელიც შეიძლება ამ კულტურის მატარებელ ხალხს ჰქონდეს. ვფიქრობ, პოლიფონიური აზროვნება არის ის, რითაც შეიძლება, ჩვენ ვიყოთ განსხვავებულნი, მიმზიდველნი. არ არის აუცილებელი, რომ პირდაპირ ჩანდეს ფოლკლორი. მე ვდგამ ბაროკოდან დაწყებული ელექტრონულ მუსიკამდე სხვადასხვა კომპოზიტორებს, ხან ეს არის ცოცხალი მუსიკალური შესრულებით, ხან ჩანაწერებით, ხან სიტყვაზეა დადგმული, ხან ლექსზე, ხან სიჩუმეზეა დადგმული და თემაც სხვადასხვაა… მაგრამ ეს ქორეოგრაფიული ხელწერა დაფუძნებულია იმ კულტურაზე, რომელიც ჩემშია.
თქვენ საქართველოში თანამედროვე ბალეტის პირველი ქალი ქორეოგრაფი ხართ. რა სირთულეებს აწყდებით ამ მხრივ?
მე ასეთი თვისება მაქვს – საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას სირთულეებს, ბავშობიდან მიჩვეული ვარ. იმდენად რთული სფეროა ბალეტი, რომ სირთულეების გადალახვა ბავშვობიდან ჩადებულია მის ყველა მოცეკვავეში. სირთულეები მეორეხარისხოვანია, ამას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ, არც კი ვიმახსოვრებ. რჩება მხოლოდ შედეგი, ის, რისიც მჯერა და რისკენაც მივისწრაფვი.
თუ გადავხედავთ ჩემს წინაპარ ქალბატონებს, ჩემი დიდი ბებია, მარიჯანი იყო ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტი, მისი ქალიშვილები ირინა ალექსიძე იყო ბალერინა, ხოლო ნელი ალექსიძე მოქანდაკე. ჩემი ბებია, მამას დედა თამარ ნატრაძე-ალექსიძე ძლიერი შემოქმედებითი პიროვნების დოდო ალექსიძის მეგზური. დედის მხრიდან, ელენე ახვლედიანი მხატვარი იყო. ჩემი აღმზრდელი ბებია – თამარ ინასარიძე, ენერგიული და ბრძენი ქალი იყო, მას ეყრდნობოდა მთელი ოჯახი, ხოლო ჩემი დედა, მარინა გოდერძიშვილი-ალექსიძე, წამყვანი ბალერინა იყო, ახლა კი პედაგოგ-რეპეტიტორია და ჩვენი დასის მმართველი-ბალეტმაისტერი. ალბათ მომყვება თავისუფლების, არჩევანის, სიძლიერის, დამოუკიდებლობის განცდა.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ გახდე კარგი ქორეოგრაფი, რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა ყალიბდება პროფესიონალ ქორეოგრაფად?
ყოველთვის იდგა საკითხი, თუ რამდენად სჭირდებათ სწავლა ქორეოგრაფებს და რამდენად არის ნიჭი ამისთვის საკმარისი. რა თქმა უნდა, ნიჭი და ფანტაზია აუცილებელია, მაგრამ საჭიროა, რომ ქორეოგრაფმა იცოდეს პროფესიის ფლობა, ხელობა და ზოგადად თავისი პროფესიის ირგვლივ ბევრი რამე იცოდეს. ამავე დროს, საჭიროა განვითარება იმ უნარების, რასაც ქვია ძლიერი ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა. დიდი შრომის გარეშე ვერაფერს გააკეთებ ამ საქმეში. უნდა იყო ორგანიზებული, გქონდეს უნარი გადასცე ხალხს შენი ჟინი: მოიპოვო სპექტაკლისთვის დაფინანსება, გადასდო შენი იდეები კომპოზიტორს, მხატვარს, ლიბრეტოს ავტორს, მთელ შემოქმედებით გუნდს. შემდეგ გადასდო მოცეკვავეებს და მათ შენი გავლით გადასდონ მაყურებელს, ამიტომ კომპლექსურად ძალიან ბევრი უნარი უნდა ჰქონდეს ქორეოგრაფს. ხანდახან ახალბედამ არ იცის როგორ მოაწესრიგოს სამუშაო პროცესი, ამიტომ მე მაინც მომხრე ვარ ქორეოგრაფების დაოსტატების, რა თქმა უნდა, თუ ეს სწავლა წარიმართება ისე, როგორც მე მჯერა და იმ მეთოდით, რომელიც გიორგი ალექსიძემ ჩამოაყალიბა.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
მას შემდეგ რაც რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრება და გავხდი ქორეოგრაფი, თავისუფალი დრო ჩემთვის არ არსებობს. დრო გვაქვს ძალიან ცოტა და ყოველი წუთი, ყოველი მომენტი უმნიშვნელოვანესია. როდესაც არ მაქვს რაიმე პრაქტიკული სამუშაო, მე უნდა ვიკითხო, უნდა მოვუსმინო მუსიკას, უნდა ვიფიქრო. მით უფრო, რომ ახლა დასის ხელმძღვანელი ვარ, რაზეც ვმუშაობთ, ყველაფერი ძალიან გააზრებულია და ამიტომაცაა შედეგი გამართლებული.
რა არის თქვენი პროფესიული მიზნები და ოცნებები?
მთავარი ოცნება, დასის დაფუძნება, ამიხდა. ამ ოცნებას გაფრთხილება, შენარჩუნება და განვითარება უნდა. როგორც გითხარით, მე და დავით მაზიაშვილს თავიდანვე გვქონდა დასახული მიმართულებები და დასის განვითარების ეტაპები და ყველაფერი ასე წარიმართა. ჩვენ ასევე დავნერგეთ თანამედროვე ცეკვის შემსწავლელი კლასები. სამომავლოდ, როცა ჩვენი შენობა გვექნება, სკოლასაც გავხსნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროცესიც უკვე დაწყებულია. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ერთი მხრივ, წარსულთან არის დაკავშირებული. მეორე მხრივ, მიმდინარე სამუშაოსთან ერთად ვგეგმავთ პროექტებს, რომლებიც შეიძლება ორ წელიწადში განხორციელდეს, იმიტომ, რომ წინასწარ თუ არ მოამზადე, სხვანაირად არ ხდება და ზოგიერთი ისეთი პროექტია, რომელსაც დღეს აკეთებ და შედეგი შეიძლება ათი წლის შემდეგ გამოჩნდეს.
ერთ ინტერვიუში თქვენ ახსენეთ, რომ მამა თავის თანამოაზრედ გთვლიდათ. ვინ არის დღეს მარიამ ალექსიძე?
ჩვენი დასი, რომელიც გიორგი ალექსიძის სახელს ატარებს, თბილისის თანამედროვე ბალეტის სახეა. ხოლო მე, მარიამ ალექსიძე, ამ დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ვფიქრობ, რომ ვარ ის, რაც არის ჩემი სპექტაკლები, რითაც ჩემს სათქმელს ვამბობ და რაც ყველაზე კარგად წარმოაჩენს ჩემს ბუნებას, ჩემს ნააზრევს და ქართული თანამედროვე ქორეოგრაფიის ჩემებურ ხედვას.