კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში დღითიდღე იზრდება და მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ, არდადეგებიც „გაუქმდა“. მოგზაურები, რომლებსაც სახლის გაზიარების პლატფორმა Vrbo-ზე ჰქონდათ ჯავშნები განთავსებული, ამბობენ, რომ ისინი არ იღებენ სრულ ანაზღაურებას იმ მოგზაურობისთვის, რომელიც მათ პანდემიამდე დაგეგმეს.
Vrbo-ს ანაზღაურების პოლიტიკის მიხედვით მასპინძლებმა მხოლოდ ჯავშნისთვის გადახდილი თანხის 50% უნდა დააბრუნონ, დამატებითი ანაზღაურება კი მასპინძლების შეხედულებისამბერ ხდება. ბევრი მოგზაური ამაზე გაბრაზებულია და Vrbo–ს ხელმძღვანელობამ, რომელიც Expedia Group–ს ეკუთვნის, მათ სანუგეშებლად ცოტა რამ თუ თქვა.
Vrbo-ს სპიკერი: „ქირაობისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ემყარება სახლის მესაკუთრის გაუქმების პოლიტიკას. თუ სახლის მეპატრონე ან ქონების მენეჯერი აანაზღაურებს შეკვეთას კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების გამო, Vrbo ავტომატურად აანაზღაურებს მგზავრის მომსახურების საფასურს.“
მომხმარებელთა პრეტენზიების მიუხედავად, VRBO არ მიჰყოლია კონკურენტ პლატფორმა Airbnb-ს პოლიტიკას, რომელმაც გასულ შაბათს განაცხადა, რომ მომხმარებლებს სრულ ანაზღაურებას მისცემს. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია ამჟამად თავისუფალ ვარდნაშია, სასტუმროები, ავიახაზები და გაქირავების კომპანიები კი ზედაპირზე დასარჩენად იბრძვიან.