Airbnb ახალ გლობალურ ინიციატივაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც პანდემიასთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალისთვის უფასო დროებითი საცხოვრებლების შეთავაზება იგეგმება.
კომპანია გეგმავს მსოფლიოს მასშტაბით 100,000 მედიკოსი უზრუნველყოს საცხოვრებლით, რათა მათ ვირუსთან ბრძოლის პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოდ და კომფორტულად დაბინავება შეძლონ. Airbnb-ს მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სქემაში გაერთიანებული სამედიცინო პერსონალისთვის სრულად მოიხსნება.
კომპანია თავისი ინიციატივის განხორციელებას საფრანგეთიდან და იტალიიდან დაიწყებს. Airbnb-მ უკვე დაიწყო მასპინძლების მოძიება, რომლებიც იტალიასა და საფრანგეთში მომუშავე ექიმებს, ექთნებსა და მომვლელებს უფასო საცხოვრებლებს შესათავაზებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოტენციური მასპინძლები ვერ შეძლებენ უფასოდ შეიფარონ სამედიცინო პერსონალი, კომპანია საცხოვრებლების სუბსიდირებას განახორციელებს და მედიკოსებს უფასოდ შესთავაზებს თავშესაფარს.
ამ ეტაპზე კომპანიის მიერ შექმნილ ბაზაში 6,000-მდე მოხალისე მასპინძელია ჩართული. ინიციატივის განსახორციელებლად Airbnb-სთან ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციები – წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა და საერთაშორისო ხსნის კომიტეტი.