“ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული და ჰქონდეს სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა”- ეს ფონდის „აი ია“ ძირითადი ღირებულებებია. „სმარტ კაპიტალ“ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2016 წელს დაფუძნებული ფონდის მისიაა სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაცია. ამ ღირებულებებზე დაყრდნობით კი „აი ია“-ს მიზნებია ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის რეაბილიტაციის კომპლექსური სერვისის შეთავაზება, სმენის პრობლემების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, სმენის დაზიანების მქონე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, სპეციალისტების თუ პედაგოგთა გაძლიერება. როგორ ახერხებს ფონდი მისიის შესრულებას და მიზნების მიღწევას, Forbes Woman-ი „აი იას“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან პეტრიაშვილსა და კონსულტანტს, პროექტების განვითარების მენეჯერს სალომე ბარბაქაძეს ესაუბრა.
ფონდის დაარსების თარიღს, 14 აპრილს, სიმბოლური დატვირთვა აქვს.14 აპრილი დედა ენის დღეა, „აი ია“ კი სმენის დედა ენაა. ცენტრის დაფუძნების გადაწყვეტილება ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა მეუღლესთან, ნანა გოთუასთან ერთად მიიღო, რომელიც ფონდის გენერალური დირექტორი და „სმარტ კაპიტალ“ ჯგუფის სოციალური პროექტების ხელმძღვანელია. სახელმწიფომ იმპლანტების დაფინანსება 2003 წლიდან დაიწყო, კეთდებოდა ოპერაციები, მაგრამ არ არსებობდა ადგილი, სადაც ბავშვები გაივლიდნენ სრულფასოვან აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროცესს. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ბიზნესმენი ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვებზე აქტიურად ზრუნავს.
ქეთევან პეტრიაშვილი „აი იას“ 2019 წელს შეუერთდა. გვიხსნის, რომ ფონდი სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაცია სარეაბილიტაციო სერვისით ბავშვებსა და მათ ოჯახებს ემსახურება, აქ იგულისხმება სხვადასხვა სახის თერაპია და მომსახურების უწყვეტი მიწოდება. მეორე მიმართულება სხვადასხვა რესურსებით სპეციალისტების გაძლიერებაა, ეს ის ბეჭდური და ციფრული რესურსებია, რომელიც მათ ბავშვებთან მუშაობის პროცესში ეხმარება. და მესამე – ფონდი ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობს. ფონდის საქმიანობას მხარს უჭერენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია(WHO), განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, დონორი ორგანიზაციები და სხვა.
„2007 წლიდან ბიზნეს სექტორში ვსაქმიანობდი. სწორედ აქედან იწყება ჩემი კარიერული ზრდა. ძალები მოვსინჯე როგორც უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის სფეროში, ასევე სტუმარმასპინძლობის მიმართულებითაც. ადამიანებთან ურთიერთობა, ცოდნის შეძენის და გადაცემის უნარი, რომელიც კომპლექსური, საინტერესო და ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული იყო – ეს ის უნარებია, რომელიც ამ წლების განმავლობაში შევიძინე. სოციალური მომსახურების სფეროში 2019 წლიდან ვარ. შეგრძნება, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანს აკეთებ და ცვლი მათ ყოველდღიურობას უკეთესობისკენ უდიდეს ძალას, ენერგიას და მოტივს მაძლევს. აბსოლუტურად გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ეს იმაზე მეტია, ვიდრე სამსახური და კარგად შესრულებული საქმე, მითუმეტეს, როდესაც ბავშვების კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ. ფონდი გვაძლევს შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ ოჯახებს, რათა მათ შვილებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და გარემო. სოციალური პროექტის მიზნები ხშირად სცდება ბიზნესის ამოცანებს, რისთვისაც ამოსავალი ალბათ მაინც კომერციაა. ჩვენი საქმიანობა სოციალური პრობლემის გადაჭრას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ადამიანური და ჰუმანური ფასეულობების განმტკიცებას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, თვითშეგნების ამაღლებას და განმტკიცებას ემსახურება.“ – ქეთევან პეტრიაშვილი.
2019 წელს მივიდა ფონდში სალომე ბარბაქაძეც. ის პროფესიით ოკუპაციური თერაპევტია. ოკუპაციური თერაპევტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობენ, მათი სამუშაო იარაღი საქმიანობის დამოუკიდებლად კეთების შესაძლებლობების შექმნაა. სუპერძალა კი ზოგადი ხედვიდან დეტალებამდე ჩასვლა, ჩარჩოებს მიღმა ფიქრი, დამკვირვებელი თვალი აქ და ამჟამად და გამოსავალზე ორიენტირებული გონება.
,,აი ია“-ში სალომე ექსპერტ კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. მისი კომპეტენციაა, ხელი შეუწყოს ფონდში ოჯახზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას, რომელიც სმენის დაზიანებისა და კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებას მოიტანს. ამასთან, სალომე სხვადასხვა იდეებს პროექტების მეშვეობით აცოცხლებს.
„ფონდში მისვლამდე, 2013 წლიდან შშმ ბავშვებთან და ოჯახებთან ვმუშაობდი სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ასევე ვმონაწილეობდი სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებისა და სახელმძღვანელოების შექმნაში.
გადამზადება გავიარე ამერიკაში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბავშვთა და ოჯახის ადრეული ჩარევის ცენტრში, ძირითადად ვმუშაობ ისეთ ოჯახებთან, რომლებსაც განვითარების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადრეული ასაკის ბავშვები ჰყავთ“, – სალომე ბარბაქაძე.
„აი ია“ სხვადასხვა თაობის ადამიანებისგან შემდგარი გუნდია. მართვის სტილი აქ განვითარებაზეა ორიენტირებული. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათთვის განვითარების შესაძლებლობების მიცემა, არსებული უნარების გაუმჯობესება და კომპეტენციების გაღრმავება – ეს ის ღირებულებებია, რასაც ფონდი ეფუძნება და როგორც ქეთევან პეტრიაშვილი გვეუბნება, ეს ღირებულებები უფრო მეტია, ვიდრე კომპანიის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობა.
„ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, ჩვენი უნიკალური მახასიათებლებით, ჩვენი გეგმებით, იმედებით, ოცნებებით და ოჯახებით. მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობებისა, გუნდი გაერთიანებულია საერთო იდეის და ღირებულებების გარშემო, რომელიც ეფუძნება ნდობას, გამჭვირვალობას და ინფორმაციის გაზიარებას. მთავარია გვჯეროდეს რას და რისთვის ვაკეთებთ – ეს არის უდიდესი მოტივატორი, რომ ჩვენ შევძლოთ ოჯახების შესაბამისი მხარდაჭერა“, – ქეთევან პეტრიაშვილი.
ქეთის, როგორც მენეჯერს პროცესების მართვაში ის ნდობა ეხმარება, რომელიც გუნდის მხრიდან აქვს, მიაჩნია რომ ნდობა კარგი თანამშრომლობის წინაპირობაა. მას კი, როგორც მმართველს გუნდის თითოეული წევრის წარმატება ხშირად იმაზეც მეტადაც ახარებს, ვიდრე პირადი.
„ასეთი მიდგომის სანაცვლოდ ვიღებ ერთგულებას, მონდომებას, ინიციატივასა და გუნდურ თანამშრომლობას. ყოველთვის ვცდილობ, ვუსმინო მათ, მივიღო რჩევა და გავითვალისწინო. ეს ყველაფერი მეხმარება, არა მხოლოდ პროცესების მართვაში, არამედ იმაშიც, რომ ვიყო კარგი ადამიანი“ – ქეთევან პეტრიაშვილი.
ამ ეტაპზე ფონდი, სმენის პრობლემის მქონე 30 ბავშვსა და მათ ოჯახებს ემსახურება. „აი იას“ კონსულტაციების დღეებიც აქვს, როცა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების რეკომენდაციები, ასეთი კონსულტაცია ამ დრომდე 200-ზე მეტ ადამიანს გაეწია.
,,მშობლისთვის ყველაზე რთულია ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება, მითუმეტეს როდესაც საქმე ქრონიკულ დიაგნოზს ეხება. როდესაც სმენადაქვეითებულ ბავშვებს სამყაროს მოსმენის საშუალება ეძლევათ, ეს ახლიდან დაბადებას ჰგავს, მაგრამ სანამ ახლიდან დაიბადები მანამდე მტკივნეულ პროცესებს გადიხარ – შოკის, უარყოფის, სევდის ფაზებს. ამიტომ პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლის ემოციური თუ ინფორმაციული მხარდაჭერაა. დიდი ძალაა, როდესაც სანდო, გამოცდილებაზე დაფუძნებული გამოსავალი შენ ხელთაა და ამ შესაძლებლობას უზიარებ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. ასეთი გამოცდილებით ცხოვრებას ყოველდღიურად სწავლობ“, – სალომე ბარბაქაძე.
სალომე ამბობს, რომ ფონდის მამოძრავებელი ძალა თავად ბავშვები არიან. მისივე თქმით, ბავშვების ტერიტორია ეს ის სივრცეა, სადაც სიახლეების აღმოჩენა ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია კარგი დამკვირვებელი და აქტიური მსმენელი იყო.
„ახალი იდეებიც ხშირად ბავშვებისგან მოდის, მაგალითად თერაპიის დროს მათზე დაკვირვების პროცესში. ჩვენს ფონდში იყო გოგონა, რომელიც ვიდრე საუბარს ისწავლიდა, საკუთარ თავის ინდენტიფიცირებას სხვადასხვა სათამაშოებთან ახდენდა. ასე გაჩნდა გუნდში იდეა, რომ შეგვექმნა გმირი კოხლეარული იმპლანტით. ახლა სმენის დაზიანების მქონე დუდა ბავშვებს სხვადასხვა ისტორიას და თამაშებს ციფრული მედიის საშუალებით ,,სთავაზობს“. ზოგჯერ ახალი იდეის ინსპირაცია მშობლისგან შენთან გაზიარებული დარდიც ხდება. როცა ამ სფეროში ხარ, თავიდან გიჭირს გამიჯნო ემოცია საქმისგან, მაგრამ დროთა განმავლობაში აცნობიერებ, რომ ყველა ადამიანის გამოცდილება უნიკალურია, ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აღიქვამ და ცდილობ ნეგატიური გამოცდილებები სხვა ენერგიად გარდაქმნა“, – სალომე ბარბაქაძე.
ქეთის და სალომეს კოლეგიალური ურთიერთობის მიღმა, თანამოაზრეობა, მეგობრობა და რთულ სიტუაციებში მხარდაჭერის უნარი გამოწვევების სწრაფად და ეფექტიანად გადალახვაშიც ეხმარებათ. არც შეცდომის ეშინიათ, რადგან ერთად ბევრი რამ გაიარეს. ამ დროის განმავლობაში იყო წარმატებაც და ზოგჯერ პირიქითაც.
„ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც მახსენდება იყო პანდემიის პერიოდი. ფონდმა მოახერხა კრიზისულ სიტუაციაში ძალიან სწრაფად გადასულიყო დისტანციური მომსახურების რეჟიმზე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმოდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ერთის მხრივ ბავშვებთან მიღებული შედეგების შენარჩუნება და მეორეს მხრივ სერვისის უწყვეტობა და მშობლების მხარდაჭერა. ამიტომ დრო არ დავკარგეთ და ძალიან მალევე, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე გადავედით. ამ პერიოდში სულ ვფიქრობდით ჩვენს გუნდზე, რომ კრიზისში თანამშრომლების მოტივაციაზე განსაკუთრებით გვეზრუნა და ეს დრო თანამშრომლების დახელოვნებაში გამოვიყენეთ. ფონდის სპეციალისტებს, სალომეს ხელმძღვანელობით, ტრენინგი ჩაუტარდათ – როგორ უნდა ყოფილიყო უფრო ეფექტური დისტანციური მომსახურება ქოუჩინგის მეთოდით, რომელიც ორიენტირებულია მშობლების გაძლიერებაზე“, – ქეთევან პეტრიაშვილი.
ფონდის პრიორიტეტი ადრეული ასაკის ბავშვთა მომსახურებაა, რადგან კვლევები ამბობს, რომ დროული ჩარევა უკეთესი გამოსავლის წინაპირობაა. ჩვენი რესპონდენტები გვეუბნებიან, რომ პროცესში მშობელთა ინფორმირებულობა, მათი კომპეტენციების ზრდა და ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს. ფონდის პროგრამაში ჩართული ბავშვების მშობლები უშუალოდ იღებენ მონაწილეობას საკუთარი ინდივიდუალური საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში. რეგიონში მაცხოვრებელი ოჯახებისთვის სერვისი ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ ფონდი უფასო კონსულტაციების ფარგლებში, მათ საჭირო რეკომენდაციებსა და ინფორმაციას აწვდის.
„გარდა იმისა, რომ სმენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცნობიერება ჩვენს საზოგადოებაში მაღალი არ არის, ოჯახებს რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც უდგათ. მაგალითად კოხლეარული მოწყობლობა ძალიან ძვირი ღირს, მართალია იმპლანტს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ხშირად დგება ტექნიკური რესურსისა და მომსახურების დონეზე გამოწვევები. ამიტომ კონსულტაციების სივრცე გვაქვს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეაბილიტაციის პროგრამაზე ხელი არ მიუწვდებათ, რადგან რეგიონში ცხოვრობენ – მათ სახლში ვატანთ სხვადასხვა აქტივობისთვის შექმნილ რესურსებსა და რეკომენდაციებს, მათთან ერთად განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ გააუმჯობესონ ბავშვის სმენითი უნარები ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტივობების ფარგლებში“, – სალომე ბარბაქაძე.
„სმარტ კაპიტალ“ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაფუძნებული ფონდის უახლოესი გეგმები საერთაშორისო პარტნიორებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა.
„მზად ვართ ვითანამშრომლოთ სერვისების გაუმჯობესების მიზნით გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, დონორ ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან, ღია ვართ გამოცდილების გაზიარებისთვის. გავაგრძელებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას და მხარს დავუჭერთ კვალიფიციური კადრების გადამზადებას საქართველოში, რასაც 2018 წლიდან ვახორციელებთ. ჩვენ შევქმნით სხვადასხვა რესურსებს ბავშვებისა და სპეციალისტებისთვის“, – ქეთევან პეტრიაშვილი.