შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული პროგრამების დანერგვა

საქართველოში, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიციურ კადრს, რომლის დანაკლისს დღეს ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა სექტორი განიცდის. მეგობრობა ნიშნავს საქართველოს მოსახლეობასთან ახლო თანამშრომლობას, მათი გარემოსა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამის ერთ-ერთი დასტურია USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“. აღნიშნულ პროგრამასთან თანამშრომლობით, „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი“ და „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“ ახორციელებენ პროექტს “შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული პროგრამების დანერგვა“.

„საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი“ და „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“ კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობით დაგეგმილია სამი ახალი პროგრამის შემუშავება: კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის, სურსათის უვნებლობის მენეჯმენტისა და ვეტერინარიის პროგრამა.

„ინტერდისციპლინური ცოდნა ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. აქედან გამომდინარე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სჭირდებათ, როგორც ბიზნესის მართვის უნარების ცოდნა ასევე იცნობდნენ კულინარიის მეთოდებს როგორიცაა: მენიუს შედგენის ინჟინერია,  ჰქონდეთ ინფორმაცია ნუტრიციოლოგიის შესახებ, სურსათის უვნებლობის შესახებ და ა.შ.  კულინარიისა და რესტორნის მენეჯმენტის პროგრამა საქართველოში არ არსებობს, ბიზნეს სექტორზე დაკვირვების შედეგად მოხდა ამ საჭიროებების გამოვლენა. ახლა მუშაობა მიმდინარეობს სილაბუსებზე, პროგრამა კი გაზაფხული-ზაფხულიდან ჩაეშვება.“ – აღნიშნავს „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის“ სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ჟუჟა ხაჭაპურიძე.

ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებთან ანუ აპლიკანტებთან გასაუბრება უკვე მოხდა და მათი მიღება ნოემბრის ბოლოდან დაიწყება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური სასწავლო ინფრასტრუქტურის გაფართოების სამუშაოები ნოემბრის ბოლოსათვის დასრულდება და შედეგად შეიქმნება ახალი ლაბორატორიები და აუდიტორიები სტუდენტებისათვის.

„ გაიხსნება ვეტერინარიის მიმართულებით ახალი ლაბორატორია, განახლდება აგრარულ უნივერსიტეტში ვეტერინარული კლინიკა, გაიხსნება კულინარიული ამფითეატრი,  მოეწყობა კულინარიული ბიბლიოთეკა, დამატებით ლაბორატორიები, აუდიტორიები და კომპიუტერული კლასები.“ – აცხადებს ჟუჟა ხაჭაპურიძე.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიონი დოლარია, საიდანაც ნახევარი ფინანსდება გრანტით, ხოლო ნახევარს აფინანსებს „კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი“, რომელიც წარმოადგენს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების დამფუძნებელ ორგანიზაციას.

„ვინაიდან ვსაუბრობთ სასერტიფიკატო პროგრამების შესახებ, ამ შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს და ცხრა კლასის განათლების მქონე ადამიანსაც შეუძლია რომ ჩაირიცხოს, ერთადერთი არის ვეტერინარი ტექნიკოსის პროგრამაზე გამონაკლისი , აპლიკანტი მინიმუმ  18 წლის უნდა იყოს. მიღების დროს, გარდა იმისა რომ აპლიკანტები შეავსებენ სპეციალურ ფორმას ამასთანავე ტარდება მათთან გასაუბრებები და სხვადასხვა ტესტირება, პლუს ამას ექცევა ყურადღება მათ გამოცდილებას.“ – ამბობს ჟუჟა ხაჭაპურიძე.

კულინარიის და მენეჯმენტის პროგრამის ვადა დაახლოებით 1 წელია,კურსის ღირებულება კი 5000 ლარს შეადგენს.

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები კახა ბენდუქიძის კამპუსშია განთავსებულია, სადაც ფუნქციონირებს 50-ზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორია ისეთი სფეროებისათვის, როგორებიცაა: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ვეტერინარია, მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია და სხვა.