ათი წლის წინ, როდესაც ანი გეგეშიძე ცხოვრების მთავარ პროფესიას ირჩევდა, გეზი თურქეთისკენ აიღო. ეს ის პერიოდია, როცა მედიცინა თურქეთში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და უცხო ქვეყანაში ქართველ გოგოს თავისი პროფესიული ცხოვრების წერა უნდა დაეწყო. მეგაპოლისში თავის დამკვიდრება, სრულიად უცხო კულტურის გაზიარება, სწავლისთვის დაუზოგავი შრომა და წარმატებისკენ მიმავალი გრძელი გზა, ბევრი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა მიზნისკენ სვლა არასდროს გაუჩერებია. იყო ბევრი წარმატება და ბევრი თეთრად გათენებული ღამეები, რომელმაც დღეს სამედიცინო კლინიკა „ფულია აჯიბადემში“, ერთ-ერთ საუკეთესო ექიმ რეაბილიტოლოგის სტატუსამდე მიიყვანა. კლინიკაში ანი წამყვან ქირურგებთან ერთად მუშაობს და ბევრი ადამიანის წარმატებით დასრულებული მკურნალობის ისტორია სწორედ, მის პროფესიონალიზმთან მისამართდება.
თავიდანვე იცოდა, რომ თავისი პრინციპებით იმ ადამიანებთან ერთად იქნებოდა გუნდში, რომლებიც მის მსგავსად 24/7 იმუშავებდნენ, რათა ყველაზე მთავარი- ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა. საქართველოში მას ის ადამიანები იცნობენ, ვინც ცხოვრებამ „ფულია აჯიბადემის“ კართან გააჩერა. როცა ადამიანები სიცოცხლისთვის იბრძვიან, უკანასკნელ იმედს ებღაუჭებიან. ამ დროს, ქართველ პაციენტებს, მის მიერ წარმოთქმული ფრაზა: „ გამარჯობა, მე ვარ თქვენი ექიმი – ანი თბილისიდან, იმედს უორმაგებს. ამბობს, რომ ემოცია უასმაგდება, როცა ქართველ პაციენტთან იწყებს მკურნალობის პროცესს. ხოლო, როდესაც მისი თვალის არეალში დგება კადრი: პაციენტი საკუთარი ფეხით და ჩემოდნით ხელში ტოვებს კლინიკას, მის ზურგს უკან ყოველთვის დგას და აცილებს, სანამ კლინიკის მიღმა, გასასვლელი კარი არ დაიხურება. სწორედ, ამ დროს ეუბნება მარტო დარჩენილი საკუთარ თავს: „ ყოჩაღ ანი, შენ შეუძლებელი შეძელი და გააგრძელე სვლა! მაშ ასე, იცნობდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის „ფულია აჯიბადემის“ 30 წლის ქართველ ექიმს – ანი გეგეშიძეს.
ანი: სანამ თურქეთში სწავლის გაგრძელებას გადავწყვეტდი, მანამდე ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტზე. 2 წლის შემდეგ, ოჯახის მხარდაჭერით მივიღე გადაწყვეტილება, რომ წამოვსულიყავი თურქეთში სასწავლებლად. ცხადია, სხვა ქვეყნებს განვიხილავდით, თუმცა თურქეთის შემთხვევაში არჩევანი ალბათ იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემს ოჯახის წევრს, ბიძაჩემს ჰქონდა მკურნალობის ისტორია თურქეთში და ერთგვარად შემხებლობა გვქონდა. მამაჩემის იდეა იყო ჩემი აქ წამოსვლა. მე მის იდეას დავეთანხმე და ვთვლი, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. წარმოიდგინეთ სწავლას იმ დროს შევუდექი, როდესაც თურქეთში მედიცინა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. ვიცოდი რას უნდა შევჭიდებოდი, რამდენი გამოწვევა მელოდებოდა, მაგრამ მიზანი მქონდა და შედეგისთვის უნდა მიმეღწია. საერთოდ, სწავლა რას ნიშნავს აქ გავიგე პირველად. აქ მივხვდი, რომ უნდა გადადო შენი თავი თუ გინდა, რომ კარგი პროფესიონალი გამოვიდეს შენგან. ჰოდა, ჩამოვედი სტამბულში და ჩავაბარე მედიცინის ფაკულტეტზე. რა თქმა უნდა იყო რთული პერიოდიც. სწავლის პარალელურად ბევრი უცხოელი მეგობარი შევიძინე, მაგრამ იქამდე არ მქონდა მარტო ცხოვრების გამოცდილება და პირველი პერიოდი ცალსახად რთული აღმოჩნდა. კარგად მახსოვს, როგორ ვურეკავდი დედაჩემს და ვეუბნებოდი როგორ მიჭირდა გაძლება. ერთ დღესაც, როცა დედამ მითხრა, რომ მათთვის მთავარი ჩემი ჯანმრთელობა იყო და დაბრუნება შემომთავაზა, მაშინ დავფიქრდი და გავიაზრე, რომ დაბრუნების შემდეგ, ერთი წელი ვიქნებოდი უბედნიერესი ისევ სახლში, ისევ ჩემი კომფორტის ზონაში, მეგობრებთან თბილისში და მთელი ცხოვრება უნდა გამყოლოდა შეგრძნება, რომ რაც ძალიან მინდოდა არ გამომივიდა. ამიტომ, ძალიან ბევრი ვეცადე, რომ აქაურობა სახლად ქცეულიყო და ჩემს ამდენ შრომას შედეგი გამოეღო. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ინგლისურად იყო, თურქული ცოდნის აუცილებლობაც დადგა, რადგან პაციენტებთან კომუნიკაცია შემძლებოდა. ახლა კიდევ ერთხელ, რომ გადავხედე ნამდვილად რთული და გრძელი გზა გავიარე, რომ ენის ბარიერი გადამელახა, ადგილობრივი მეგობრები გამეჩინა და აქაურობა სახლად ქცეულიყო. სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას თურქეთის წამყვან კლინიკებში. დამთავრების შემდეგ, გავიარე სალიცენზიო პროგრამა რეაბილიტოლოგის განხრით და გასულ ზაფხულში ავიღე ლიცენზია და გავხდი ევროპის ლიცენზირებული ექიმი რეაბილიტოლოგი.
ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რომ მეგაპოლისში თავი დაიმკვიდრო. უფრო მეტიც, მოხვდე მსოფლიოს ერთ- ერთ წამყვან კლინიკაში ექიმად. როგორ დაიწყო შენი და „ფულია აჯიბადემის“ თანამშრომლობის ისტორია?
პირველად „ფულია აჯიბადემის“ კლინიკაში სტუდენტობის დროს მოვხვდი სტაჟირებაზე. იმ დროს ჩემთვის აქ მუშაობა ოცნება იყო. ახლა, რომ დავფიქრდი მიზანი შეიძლება უფრო იყო, ვიდრე ოცნება. შემდეგ ჩემი და კლინიკის ურთიერთობა, როგორც თანამშრომლის სტატუსით ისე გაგრძელდა. დღეს კი ეს კლინიკა ჩემთვის სახლივით არის. დღესდღეობით ვმუშაობ რამდენიმე წამყვან ქირურგთან ერთად, რომლებსაც „ფულია აჯიბადემის“ კლინიკის ბრენდს ეძახიან. ესენია: იამან ტოკატი, მეჰმედ ალი იერდელთან და უმიტ სეკმენი. მე უზრუნველყოფ მათი პოსტოპერაციული პაციენტების რეაბილიტაციას. მაგალითად ასეთია: იამან ტოკატი-ტრანსპლანტოლოგი. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, არის ძალიან გაწერილი სარეაბილიტაციო პროგრამა. სწორედ, იამან ტოკატი იყო, რომელმაც ძალიან დიდი ცოდნა შემძინა ამ მიმართულებით.
გახსოვთ ის ემოციები, როდესაც პირველად თქვენი ოცნების კლინიკაში მუშაობა შემოგთავაზეს?
როდესაც პირველად დამირეკეს და მითხრეს, რომ ფულია აჯიბადემში სამსახური უნდა დაიწყო ერთ-ერთ ძალიან ცნობილი ქირურგთან მეჰმედ ალი იერდელთან, ძალიან დავიბენი. მასთან შეხება სტუდენტობის დროს მქონდა, როგორც პროფესორთან. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის სამსახურს შემომთავაზებდა. ეს იყო სრული შოკი. მაშინ თან პანდემია იყო და ჩემს ოჯახს არ ჰქონდა საშუალება იმ მომენტში ენახათ მათი და ჩემი ერთობლივი შრომის შედეგი. ძალიან ვუმადლი ჩემს ოჯახს იმ მხარდაჭერას, რამაც დღევანდელ დღემდე მომიყვანა. თამამად და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ვართ ძალიან კარგად შეკრული გუნდი: ქირურგები, ნუტრიციოლოგები, რეაბილიტოლოგები, ექთნები, სანიტრები, ანუ მთლიანი პაკეტი, რაც სჭირდება პაციენტს, რომ შესვლის დღიდან სიცოცხლის ხარისხი შენარჩუნებული იყოს.
როგორია თქვენი სამუშაო დღის რეჟიმი?
სამუშაო დღეს ვიწყებ დილის 8 საათზე, თუმცა კლინიკაში ნახევარი საათით ადრე მივდივარ. ვიტყოდი ძალიან სოციალური სამსახური მაქვს. მიწევს პაციენტებთან კლინიკის კაფეტერიაში ჩაის დალევაც, რადგან მანიპულაციამდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ პაციენტის ემოციური მდგომარეობა. ძალიან მძიმე რეჟიმით ვმუშაობ. უფრო, რომ დავკონკრეტდე, ჩემთვის რეჟიმი არ არსებობს, რადგან ბევრი ონკოპაციენტი გვყავს. ვიტყოდი 24/7-ზე. თუმცა, არასდროს არ ვწუწუნებ. ნარკოტიკივით არის ჩემი სამსახური იმიტომ, რომ შედეგი რეაბილიტაციაზე ძალიან კარგად ჩანს. წარმოიდგინეთ როგორი პროცესია: პაციენტი, პირველ დღეს კლინიკაში შემოჰყავთ რეანიმობილით. ერთ კვირაში რეანიმაციიდან პალატაში გადაგვყავს, შემდეგ ეტლში და ბოლოს, რეანიმობილით მოყვანილ პაციენტს ვხედავ როგორ მიდის თავისი ფეხით სახლში. ამაზე დიდი ბედნიერება არ მგონია, რომ ექიმისთვის სხვა რამე იყოს.
საინტერესოა სწავლის დასრულების შემდეგ, თუ გიცდიათ თქვენი ცოდნით თბილისში გაგეგრძელებინათ კარიერა?
როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე და ლიცენზია ავიღე, მივხვდი, რომ მე სტაჟიორის სტატუსი აღარ მაკმაყოფილებდა. ამიტომ დავიწყე თბილისში სამსახურის ძებნა. მინდოდა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც აქ მივიღე თბილისში, რომელიმე კლინიკას მოეცა საშუალება თავისუფლად მეკეთებინა. ძალიან ბევრ გასაუბრებაზე ვიყავი, მაგრამ ბედნიერი არცერთიდან წამოვსულვარ. ყველა მთავაზობდა სამსახურს, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი დამოუკიდებლად პაციენტთან მიმართებაში, რადგან ახალგაზრდა ვიყავი. ვერ დავუნიშნავდი პაციენტს იმ დანიშნულებას, რომელიც სხვისი შედგენილია. იმიტომ, რომ ის ვიღაც განყოფილების უფროსია. ცუდზეც და კარგ შედეგზეც მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი პასუხისმგებელი. ასე ვერ მოხდა იმ დროს ჩემი თბილისთან დაკავშირება, თუმცა მაინც უწყვეტ კავშირზე ვრჩები.
აღნიშნეთ, რომ თქვენი მუშაობის წესები გაქვთ. როგორია თქვენეული მუშაობის სტილი?
კლინიკა „ფულია აჯიბადემში„ მსოფლიოში წამყვან სხვადასხვა მიმართულების ქირურგებთან ერთად. ცალსახად გამიჯნულია ჩვენი კომპეტენციები და მათ იციან ჩემი მუშაობის სტილი. ჩემთვის კომფორტულად მუშაობისთვის აუცილებელია ერთმანეთს მკურნალობის გეგმები შევუთანხმოთ, ერთმანეთის კომპეტენციაში არ ჩავერიოთ და მუშაობის ტემპი არ დავაგდოთ.
სხვა კლინიკებიდან თუ გქონიათ შემოთავაზებები და რა გამხდარა თქვენი მხრიდან უარის თქმის მიზეზი?
ამ ეტაპზე ჩემი ოცნების სამსახურში ვმუშაობ და სამი მიმართულების ქირურგებთან ერთად: ტრანსპლანტოლოგია, ნეიროქირურგია და ონკოქირურგია. ამ ადამიანებს ჩემს სამომავლო გეგმებსაც ვუკავშირებ. შესაბამისად, უარის თქმის მიზეზი პირველ რიგში ეს არის, რადგან თავს ვგრძნობ როგორც თევზი წყალში.
საინტერესოა, რა ხვდებათ სამკურნალოდ ჩამოსულ პაციენტებს „ფულია აჯიბადემში“?
ყველაზე მეტად თურქულ მედიცინაში მომწონს ის, რომ აქ არ არსებობს ტერმინი-პაციენტი ლოგინად ჩავარდა. რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ აქ არ ვარდებიან პაციენტები ლოგინად. ვფიქრობ, იდეალურ პირობებში ხვდებიან. უფრო მარტივი აღსაქმელი, რომ იყოს პირობები ისეთივეა, როგორც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში და ამას ემატება აუცილებლად, მოღიმარი სამედიცინო პერსონალი. კლინიკას ბევრი ფილიალი აქვს, მაგრამ მე ვმუშაობ „ფულია აჯიბადემში“, რომელიც სტამბულის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და კლინიკაში პალატები პირდაპირ ბოსფორის ხედითაა.
სოციალურ ქსელში ხშირად შეგხვდებათ პოსტი, რომელიც ამა თუ იმ დაავადების მქონე ადამიანის სამკურნალოდ ფინანსური რესურსის მობილიზაციისთვის მოქალაქეებს თანადგომას სთხოვენ. რა ემოციაა, როდესაც შენი ქვეყნიდან კლინიკაში პაციენტი შემოდის უმძიმესი დიაგნოზით და როგორ იწყებთ მასთან კომუნიკაციას?
ჩვენს კლინიკაში არის ასეთი წესი, რომ ყველა თანამშრომელს აქვს ფასდაკლება ნათესავების სამკურნალოდ. ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებ. ერთხელ ხუმრობითაც კი მკითხეს რამდენი და-ძმა ჰყავს მამაშენსო? სულ ვცდილობ, რომ ყურადღების მიღმა არავინ დავტოვო. ცხადია, ძალიან ემოციურია, როდესაც მე მიწევს ქართულად მათთვის თავის წარდგენა. ამ ადამიანებისთვის, რომლებიც უმძიმესი დიაგნოზით სხვა ქვეყანაში ჩამოდიან და ხვდებათ ქართველი ექიმი, ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა იმედია მათთვის. ამ დროს შენ ხდები მისი ოჯახის წევრი, მეგობარი და ნათესავი. მაინც სისხლის ყივილი მაქვს, როდესაც ქართველ პაციენტთან მიწევს შეხება, პასუხისმგებლობა მიასმაგდება. 10 წელია საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ კლინიკაში მუშაობისას უამრავი ქართველი პაციენტი გავიცანი და ვმეგობრობ.
ახსენეთ, რომ ბოლო ათი წელია სტამბულში ცხოვრობთ. მეგაპოლისში ცხოვრებას თავისი წესები აქვს. რა თვისებები გაგივითარათ აჩქარებულმა ცხოვრების რიტმმა?
რაც ჩემი ცხოვრება სტამბულს დაუკავშირდა, ძალიან შრომისმოყვარე გავხდი. მეგაპოლისებისთვის დამახასიათებელია, თუ რიტმს დააგდებ მეორე დღეს სხვა რეალობა დაგხვდება. არცერთი წამით არ გაქვს გაჩერების დრო. საუკეთესო უნდა იყო, სხვა შემთხვევაში ვერ აუწყობ აქაურ რიტმს ფეხს. სახლი, სადაც სტამბულში ვცხოვრობ, ჩემთვის სოლოლაკთან ასოცირდება. შემთხვევით არ შემირჩევია, რადგან ჩემი ბავშვობა ძველ თბილისს უკავშირდება. შესაბამისად, სტამბულშიც ჩემი საცხოვრებელი ძველ სტამბულს დავუკავშირე, გალათას კოშკთან. იცით როგორი უბანია, აქ მეზობლები ერთმანეთთან ზუსტად ისე ურთიერთობენ, როგორც ძველ თბილისში. დღის ბოლოს აუცილებლად მოგიკითხავენ და დილას, სანამ ჩემს მოპედს მოვირგებ და გეზს სამსახურისკენ ავიღებ, ჩემი მეზობლები აუცილებლად გადმომძახებენ ფანჯრიდან: ანი, წარმატებული დღე! ეს ყველაფერი ალბათ თბილისური ამბების დანაკლისს მივსებს.
გაქვთ რაიმე ტრადიცია, რომელიც თქვენს სტამბულში ცხოვრებას უკავშირდება?
უნივერსიტეტში მყავდა ძალიან ბევრი კათოლიკე მეგობარი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც უმძიმესი გზა გადამატანინეს, რაც წარმატების მისაღწევად იყო საჭირო. ძალიან ვემადლიერები მათ. სწორედ, ამ მადლიერების გამოსახატავად, სტამბულში, ჩემი სახლის წინ მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში, აგერ უკვე 10 წელია ყოველი წლის 24 დეკემბრის ღამეს კათოლიკურ შობას მათთან ერთად. შემდეგ კი მართლმადიდებლურ შობის ღამეს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხშირად მარტო ვხვდები- ფანჯარაში დანთებული სანთლით.
საუბრისას ახსენეთ, რომ ქირურგებთან, რომლებთან ერთად დღეს მუშაობ, შენს სამომავლო გეგმებსაც მათ უკავშირებ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და თბილისი თუ მოიაზრება?
თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი სამომავლო გეგმები თბილისთან მისამართდება. ჩვენი ინტერვიუს მსვლელობისას პერიოდულად ვერ ვითმენდი, მინდოდა გამესწრო მოვლენებისთვის და მეთქვა ჩემი გეგმები თბილისში მოდის. ძალიან მალე, კიდევ ერთ ჩემს მთავარ ოცნებას ავიხდენ. მე ვრჩები სამუშაოდ „ფულია აჯიბადემში“, თუმცა აქაური წამყვანი ქირურგების წარმომადგენლობას გავხსნით თბილისში. ეს იქნება რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც გადამზადებული თანამშრომლები ჩაიბარებენ პაციენტის ანამნეზს. შემდეგ გაიმართება კონსილიუმები თბილისიდან სტამბულში და მხოლოდ, იმ პაციენტებს მოუწევთ ჩამოსვლა სტამბულში, რის მკურნალობასაც ვერ შევძლებთ თბილისში. ის პაციენტები, რომლებიც „ფულია აჯიბადემში“ გაიკეთებენ ოპერაციას, მათ თვეობით აქ ყოფნა აღარ მოუწევთ. რეაბილიტაციას თბილისში გაივლიან. სექტემბერში თანამშრომლების გადამზადებას დავიწყებთ და ახალი წლის პერიოდისთვის – კლინიკა მიიღებს პაციენტებს. ეს ის ამბავია, რაც შემეძლო რომ ჩემი ქვეყნისთვის გამეკეთებინა.