Aesthetic Corner ‒ ყველაფერი სილამაზისთვის | ინტერვიუ ნინო ცხოვრებაშვილთან

Aesthetic Corner-ის დამფუძნებელი ექიმი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ნინო ცხოვრებაშვილი ესთეტიკურ მედიცინაში პედიატრიიდან მოვიდა. მას ექიმის ორი ლიცენზია და მუშაობის 35-წლიანი სტაჟი აქვს. ამბობს, რომ ესთეტიკურ მედიცინაში სრულიად დაუგეგმავად მოხვდა მაშინ, როცა ამ სფეროს შესახებ საქართველოში, ფაქტობრივად, არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

როგორ აღმოჩნდით პედიატრიიდან კოსმეტოლოგიაში?

90-იან წლებში ექიმებმაც უმძიმესი პერიოდი გავიარეთ. ვმუშაობდი პედიატრად, შემდეგ პეტერბურგში მეორე ლიცენზია დერმატოლოგიაში ავიღე. ვფიქრობდი, რომ 33 წლის ასაკში უკვე ყველაფერს მივაღწიე, რაც იმ დროისთვის შეიძლებოდა მომესწრო: ვიყავი განყოფილების გამგე ძალიან პრესტიჟულ კლინიკაში პედიატრიის მიმართულებით, ლექციებს ვკითხულობდი თერაპიაში…

აი, ასეთ დროს აღმოვჩნდი ამ უცნაურ, საქართველოში იმ დროისთვის, ფაქტობრივად, უცნობ სფეროში. მაშინ ეს ყველაფერი სრულიად ახალი იყო და დაუჯერებლადაც კი ჟღერდა. წარმოიდგინეთ, ინექციებით გაახალგაზრდავება 90-იან წლებში. ბევრმა მითხრა, შენ ისეთი ხელი გაქვს, ისეთი ხედვა გაქვს, ამ საქმეს თუ მიჰყვები, აუცილებლად დიდი წარმატება გექნებაო. საერთოდ, მე მჯერა იმის, რომ როცა ჭკვიანი ადამიანები კარგ რჩევას გაძლევენ, ამან შეიძლება გაამართლოს- თითქოს ზემოდან მოწოდებული ნიშანი აღმოჩნდეს. დავიწყე და უკვე 24 წელია, ამ სფეროში ვარ.

მოგვიანებით იყო პეტერბურგი, პარიზი, ვმუშაობდი თბილისში რამდენიმე ცენტრში. შემდეგ უკვე საკუთარი კლინიკა გავხსენი, სადაც პირველ ეტაპზე მარტო ვმუშაობდი, ახლა უკვე 12 თანამშრომელი ვართ. ისინი ჩემი დატრენინგებულები არიან, ვმუშაობთ აპარატურულ, თერაპიულ თუ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე, რომელთა შორის ბევრი ჩემი, საავტორო გახლავთ.

რამ მოგხიბლათ ამ მიმართულებაში?

საოცარი შეგრძნებაა, როცა პაციენტს შენგან უშვებ ბედნიერს. როცა განწყობას უუმჯობესებ მას, ხედავ, რომ უხარია, მოსწონს… შენც გახარებს ის ემოცია, რომელსაც ადამიანებს აძლევ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ბედნიერება შეიძლებოდა ასეთი გადამდები ყოფილიყო.

თქვენთან მოსულმა პაციენტმა კონკრეტულად იცის რა უნდა თუ მოდიან და მიმართულებას თქვენ აძლევთ?

ზოგმა ზუსტად იცის, ზოგი მოდის და რაღაც რადიკალური ცვლილება უნდა, მაგრამ არ იცის – კონკრეტულად რა. ასეთ დროს გამოცდილება გადამწყვეტ როლს ასრულებს. როცა წლები ამ სფეროში ხარ, რაღაცნაირად ხვდები, რა სჭირდება პაციენტს. ალბათ, ეს განსაზღვრავს ჩემ მიმართ მათ დამოკიდებულებას. Aesthetic Corner-ის ფორმულაა ის, რომ ჩვენ ვიცით რა სჭირდება ადამიანს, რომელიც ჩვენთან მოდის. ამიტომაა, რომ აქედან მიდიან ბედნიერები. ხდებიან თავდაჯერებულები.

უნდა გრძნობდე ადამიანს. ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ფუნქციაც შეითავსო. წარმოიდგინეთ, პაციენტი მოდის და რაღაც გრანდიოზულ ცვლილებას გთხოვს. ამ დროს უყურებ და ხედავ, რომ ადამიანი არის ლამაზი, სრულყოფილი გარეგნობის, არანაირ რადიკალურ ჩარევას არ საჭიროებს. ანუ ფსიქოლოგიური ამბავია. აი, აქ უკვე ერთვება ჩემი ამდენი წლის საექიმო გამოცდილება. მისთვის იმ მომენტში უკვე ექიმი-თერაპევტი ვარ და არა დერმატოლოგი. 35-წლიანი გამოცდილება რომ გაქვს, პაციენტს შეხედავ თუ არა, უკვე კითხულობ მის შინაგან მდგომარეობას. შემდეგ მას დეტალურად უხსნი რა სჭირდება და რა იქნება სასარგებლო მისთვის. ამაზე დიდ დროს ვხარჯავთ, მაგრამ ეს აუცილებელია.

მოგვყებიან ამ კომუნიკაციაზე? იჯერებენ, რასაც ურჩევთ?

მომყვებიან, რადგან ან პირადი, ან სხვების გამოცდილებით, იციან, რომ შედეგი აუცილებლად ექნებათ.

მაგალითად, მოდის პაციენტი, რომელსაც უნდა გაახალგაზრდავება – ვთქვათ, ჰიალურონის მჟავის შეყვანა, რევიზატლიზანტის ან ბუსტერის გაკეთება. არადა, ზოგჯერ შეხედავ და ამ ადამიანს ლიმფოდრენაჟის პრობლემა აქვს, რა დროსაც ჰიალურონი და დამატებითი სითხე არაფრით არ შეიძლება. ამ დროს ვცდილობ ეს კარგად ავუხსნა. საბედნიეროდ, იგებენ. ადამიანი, რომელიც სილამაზესა და ახალგაზრდობაზე ზრუნავს, მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია და შესაბამისი არგუმენტირებისას ხვდება და იგებს, რას ვეუბნები.

ასეთ დროს ჯერ გადავამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან, რომ, პირველ რიგში, ეს კონკრეტული პრობლემა მოიგვაროს, მხოლოდ შემდეგ ვიწყებთ მისთვის სასურველ პროცედურებს. ვფიქრობ, ამითაა განსაკუთრებული Aesthetic Corner-ში მოსული პაციენტისადმი დამოკიდებულება.

ხდება ისეც, რომ ადამიანი მოდის და რაღაც არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში, მაგრამ ვერ იგებს ‒ კონკრეტულად რა. ხანდახან ერთი დეტალია, რასაც შევუცვლი და აბსოლუტურად სხვანაირი ხდება სახე. ეს არ არის მარტო ის, რომ, მაგალითად, ტუჩი გაიკეთო ან ცხვირი გაიკეთო ‒ ამას, რა თქმა უნდა, წლებია ვაკეთებთ და ვაკეთებთ საუკეთესოდ ‒ აქ მთავარი ისაა, ჰარმონიაში მოიყვანო ეს ყველაფერი.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

მე არ მინახავს ულამაზო ადამიანი, თუ ის თავს უვლის. უხეშად ჩარევის წინააღმდეგი ვარ. ხშირად მოდიან ცხვირის, ტუჩის კორექციის გაკეთების შემდეგ და მეუბნებიან, რომ ის ვერ მიიღეს, რაც უნდოდათ. მთხოვენ დავეხმარო სასურველი შედეგის მიღწევაში. ამ დროს ვიღებთ ფოტოებს, ერთად ვეძებთ სახის რა ნაწილს სჭირდება კორექცია იმისთვის, რომ თითოეული ნაკვთი ჰარმონიაში მოვიყვანოთ ერთმანეთთან. ბევრი მოდის პლასტიკური ქირურგიის შემდეგ. ქირურგიაში ზუსტი პროგნოზი რთულია. შედეგს წინასწარ ბოლომდე ვერ გათვლი.

როგორ ფიქრობთ, რამ მოიტანა სანდოობის ასეთი ხარისხი? არის შემთხვევები, რომ სპეციალისტს ენდობი, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეგაქვს, მაგრამ შეიძლება დაუშვა, რომ რაღაცას ზედმეტს უწევს რეკომედაციას?

ისეთი გუნდი შევიკრიბეთ, ერთი მიმართულებით ვფიქრობთ და ვმუშაობთ. იმაზე არ ვართ გაფაციცებული, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ, ჩვენი მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ თითოეული პაციენტი ბოლომდე კმაყოფილი წავიდეს ჩვენგან. ამისთვის მას ვთავაზობთ კომპლექსურ მიდგომას ‒ თავისი დიეტით, ცხოვრების წესის ცვლილების, არაჯანსაღ ჩვევებთან გამოთხოვების რეკომენდაციით. პაციენტი ამას ყოველთვის გრძნობს და აფასებს.

კანის რა პრობლემაა ყველაზე რთულად გამოსასწორებელი?

აკნე. მისი მკურნალობა ყველაზე რთულია. მე ვარ დერმატოლოგი, თან ვარ ამდენი წლის გამოცდილების ექიმი და თან ვარ კოსმეტოლოგი. დღეს მთელს მსოფლიოში ცნობილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ აკნეს მკურნალობა ყველაზე კარგად ხელეწიფება კარგი თერაპიული განათლების მქონე დერმატოლოგს, რომელიც, ამავდროულად კოსმეტოლოგია, შესაბამისი აღჭურვილობით. ამ დროსაა შედეგი იდეალური.

აკნეს მკურნალობის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია დიეტა. კუჭ-ნაწლავი ჩვენი მეორე ნერვული სისტემაა, ამიტომ რეაგირებს სტრესზე. ძალიან მნიშვნელოვანია კვება. რაც შეეხება აკნეს სამკურნალო პროცედურებს, მათ სწორედ პაციენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ვნიშნავთ. კლინიკაში აკნეს მკურნალობის მეთოდები ჩემი საავტოროა. 2016 წლიდან მხოლოდ ჩვენ გვაქვს აკნეს ლაზერული მკურნალობის მეთოდი, რომელიც ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ვფიქრობ, ამით გავხდით გამორჩეულები დიდი კონკურენციის პირობებში.

რა პროცედურებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ყველაზე პოპულარული პროცედურაა სახის კონტურული ჰარმონიზაცია. ესაა არაოპერაციული კორექცია, რომელსაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ჰარმონიაში მოჰყავს სახე. ამ პროცედურებზე მუშაობა, ფაქტობრივად, შემოქმედებითი პროცესია.

ძალიან დიდი მოთხოვნაა ჰიალურონის პროცედურაზე, თუმცა არის შემთხვევები, როცა ჰიალურონის გაკეთება რეკომენდებული არაა და ის სხვა პროცედურებით უნდა ჩანაცვლდეს. ჰიალურონის გარდა, არის ძალიან ძვირფასი და კარგი პრეპარატები, რომლებიც შეიძლება გამოიყენო იგივე ლიმფოდრენაჟის პრობლემის დროს და თავიდან აიცილო ყოველგვარი შეშუპება. ჰიალურონი ძალიან კარგია, მაგრამ დაბალანსებულად და გარკვეულ ასაკში.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ზოგადად, ჩვენთან აბსოლუტურად ყველა პროცედურა კეთდება, რაც კი დღეს ესთეტიკურ მედიცინაში არსებობს. მათ შორის, კანის დაბერების საწინააღმდეგო თერაპია, აკნეს საწინააღმდეგო თერაპია, ნაწიბურების მოშორების ჩათვლით. სხეულის კორექციის პროგრამა, ლაზერული ეპილაცია უახლესი მეთოდებით და ა. შ.

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე ზრუნვა?

შენარჩუნება, ალბათ, 25 წლიდან. ხოლო დაახლოებით 15 წლიდან, გარდატეხის ასაკიდან, გოგონამ უკვე უნდა იცოდეს სახის კანის მოვლა. ხშირად გართულებები სწორედ არასწორი მოვლის შედეგად ჩნდება. პრობლემაა ისიც, რომ ამ ასაკიდან გოგონები ნელ-ნელა უკვე იწყებენ დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებას. მათი ბიუჯეტი ხშირად შეზღუდულია, რის გამოც ისინი ხშირად იყენებენ დაბალფასიან, დაბალხარისხიან კოსმეტიკას, რამაც კანის სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ კანის დაბერება მაქსიმალურად შევაჩეროთ?

ცხოვრების ჯანსაღი წესი, კვება, სახის კანის მოვლის სწორი რუტინა დიდ როლს ასრულებს. ჩვენთან, კლინიკაში, უამრავი მეთოდია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ნებისმიერი ბიუჯეტის პაციენტისთვის გვაქვს პროცედურები. ჰიალურონის მჟავის გამოყენება, სხვადასხვა ხარისხის აპარატურული მკურნალობა, ლაზერული გაახალგაზრდავების მეთოდები ჩვენთან 10 წელია დაინერგა.

შედეგის შენარჩუნებას თუ სჭირდება ძალისხმევა?

დაბერების პროცესი მუდმივად მიდის. შენ აქედან საპირისპირო, შემაკავებელი მეთოდები უნდა დაახვედრო ახალგაზრდობის მაქსიმალურად დიდხანს შესანარჩუნებლად. საამისოდ, პირველ რიგში, ორგანიზმის სიჯანსაღეზე უნდა იზრუნო. ეს კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კვება. თანამედროვე ადამიანი იმაზე მეტს მიირთმევს, ვიდრე სჭირდება. ეს გაუმართლებელია. მნიშვნელოვანია ბოსტნეულის მიღება, განსაკუთრებით, უმი სახით. მე მომხრე ვარ ადამიანმა ის ჭამოს, რაც უნდა, მაგრამ ბევრი არა. როცა პაციენტი მოდის და მეუბნება, რომ გაახალგაზრდავება უნდა, მე მას ვპასუხობ, რომ, პირველ რიგში, სწორი კვება უნდა დაიწყოს. ზოგადად, ვინც საკუთარ გარეგნობაზე სისტემატურად ზრუნავს, ეფექტიც იმას აქვს. მე მყავს პაციენტები, რომლებიც 20 წელი და მეტია, ჩვენს კლინიკაში იტარებენ სხვადასხვა პროცედურას. ისინი დღეს უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე წლების წინ. თუნდაც მცირე პროცედურებმა, გარეგნობაზე რეგულარულმა ზრუნვამ და სწორად შერჩეულმა რუტინამ გამოიღო ეს შედეგი.