არაფრისგან შექმნილი ყველაფერი

მართალია, გასაბჭოება და კომუნიზმი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის, ამჯერად, სუვერენული რუსეთის მიერ, კვლავ გრძელდება. დღეს ისე, როგორც არასდროს, შეზღუდვისა და გაჩუმების მცდელობების მიუხედავად, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის სწრაფვა თავისუფლებისკენ ურყევია და ამ პროცესს, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

მცოცავი ოკუპაციის, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაბალი მაჩვენებლის, გაუფასურებული ლარისა თუ უმუშევრობის მაღალი ნიშნულის მიუხედავად, ნიჰილიზმისა და უიმედობის პირობებში, საქართველოში სულ უფრო მეტად ჩნდება თავისუფლების და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სივრცეები. სიახლისა და განვითარებისკენ სწრაფვის სურვილი განსაკუთრებულად და მასშტაბურად, ალბათ, სარეკლამო სფეროში უფრო იგრძნობა.

ინტერვიუ სწორედ ასეთ, აზროვნებისა და თვითგამოხატვის თავისუფლებით სავსე სივრცეში ჩავწერეთ. კომპანია, რომელზეც უნდა გიამბოთ, ყოველგვარი შელამაზებისა და გადაჭარბების გარეშე გვეუბნება ‒ We do music videos, advertising, photography and art direction.

ეს სარეკლამო კომპანია ედვენ/Advan-ია. მისი დამფუძლებლები კი ანანო დოდელია, ქეთევან ჯაოშვილი და სოფი კიკვილაშვილი არიან. როგორც წესი, Forbes Woman-ის რესპოდენტებთან საუბარს ყოველთვის ბავშვობის გახსენებით ვიწყებთ, თუმცა ამჯერად, არც „ედვენის“ დამფუძნებლებისთვის რომ არ იყოს მოსაწყენი და არც Forbes Woman-ის მკითხველისთვის, პირდაპირ მომავალზე, დასახული მიზნების განხორციელების სტრატეგიაზე გადავალთ.

მაშ ასე:

მომავალი, რომელშიც წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი…

ანანო დოდელია: „ჩვენი მომავალი, ალბათ, საქართველოს საზღვრებს გარეთ წარმოგვიდგენია, თუმცა სადმე გადაბარგებას არ ვგულისხმობ, პირიქით, სულ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი, მაგარი რამის გაკეთება შეიძლება. ახლა, აქ, ბევრად მეტი შანსი გაქვს გახდე წარმატებული; დიდი პოტენციალი აქვს სარეკლამო და კრეატიულ სფეროს. ჩვენც ამ მიმართულებით ვმუშაობთ – გვინდა შემოვიტანოთ ძალიან დიდი, ახალი პროექტები და უკვე განხორციელებულით და შექმნილით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ჩვენ არ ვუწოდებთ საკუთარ თავს წარმატებულებს. ამის თქმის უფლება, ვფიქრობ, ჯერ არ გვაქვს, იმიტომ რომ წინ დიდი მიზნები და უზარმაზარი მოლოდინებია. მიგვაჩნია, რომ დღევანდელი წარმატებები „მეასეხარისხოვანია“. შეიძლება ბევრმა არც კი იცის, რას ვაკეთებთ, რა პროექტებზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არაფერია, რადგან მომავალში კიდევ უფრო მეტ მიღწევებს ვვარაუდობთ.

ამ ეტაპზე, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ გადაღებების პროცესს არ გავცდებით. კომპანიის ძლიერი მხარე ჩვენი პროდაქშენია. ვფიქრობ, კარგად გამოგვდის ვიდეო მასალის შექმნა, ამიტომ გვირჩევნია, შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმი ამ მიმართულებით. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ეს გამოცდილება გამოვიყენოთ სრულმეტრაჟიანი ფილმის ან სერიალის გადაღებისას“.

გზა, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგიყვანთ…

ანანო დოდელია: „თავს მშვიდად არასდროს ვგრძნობთ, მუდმივად ვმუშაობთ, არ ვდუნდებით. შეიძლება არც მოგვეთხოვებოდეს, მაგრამ ჩვენ მაინც ვთავაზობთ ახალ პროექტებს სხვადასხვა კომპანიებს და დასახულ მიზნამდე მისასვლელი გზა სწორედ ეს არის – უამრავი პროექტისგან ერთი, აუცილებლად, რეალობად იქცევა“.

ქეთევან ჯაოშვილი: „როცა კომპანია დავაარსეთ, არანაირი ფინანსური რესურსი, შემოწირულობები და გრანტები არ გვქონდა. სამაგიეროდ, იყო საქმის კეთების უდიდესი სურვილი, ამიტომ დასახული მიზნისკენ მისასვლელი გზაც ასე წარმოგვიდგენია: არც ისე კომფორტული, მაგრამ მუშაობისთვის უზარმაზარი მოტივაციის მიმცემი და კიდევ უფრო მეტის კეთების სურვილისა და ბრძოლის ჟინის თანხლებით“.

დავუბრუნდეთ აწმყოს. რა ხდება ახლა, რას საქმიანობთ?

სოფო კიკვილაშვილი: „ახლა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობის პროცესში ვართ. ასეთი მიდგომა გვაქვს: ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით, მთელი ძალით, ენერგიითა და ენთუზიაზმით ვეჭიდებით საქმეს, ყველაფერს ვაკეთებთ იქამდე, სანამ არ გამოვა ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული გვაქვს და როგორიც გვინდა რომ გამოვიდეს – ეს გვიქმნის სტაბილურობის შეგრძნებას, მაგრამ მაინც სამომავლო, კიდევ უფრო დიდ გეგმებზე გვეფიქრება“.

ქეთევან ჯაოშვილი: „ჩვენ გარშემო, დღეს უკვე არიან ადამიანები, ვისაც ჩვენი სჯერა, როგორც არ უნდა გამოვიყურებოდეთ ჩვენ და ჩვენი კომპანია, როგორ ოფისშიც არ უნდა ვისხდეთ… მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელიც და შესაცვლელიც. პროდაქშენი ის სფეროა, რომელიც მამაკაცების მიერ არის დომინირებული, ამიტომ ხშირად ქალების ჩართულობა ამ საქმეში არასერიოზულად აღიქმება. ჩვენს გუნდში 90%-ზე მეტი გოგონები ვართ. ზოგჯერ ასეც ხდება: მოსწონთ ყველაფერი – ის იდეები, მიმართულებები, ხედვები, რასაც კომპანიებს ვთავაზობთ, მაგრამ როცა საქმე გადაღებაზე მიდგება და საიდუმლოს ფარდა აეხდება… იკლებს ნდობა, უფრო მძლავრობს გენდერული, ნეგატიური სტერეოტიპები და გვიწევს მტკიცება, რომ ჩვენ, ქალებს ეს შეგვიძლია“.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც განასხვავებს Advan-ს სხვა კომპანიებისგან?

ანანო დოდელია: „როცა ამ საქმეს ვიწყებდით, არანაირი რესურსი არ გაგვაჩნდა, გადაღებების დაწყების სურვილის გარდა. ამან დაგვარწმუნა, რომ ჩვენ, ნამდვილად შეგვიძლია არაფრისგან შევქმნათ ყველაფერი. სწორედ ესაა ჩვენი ძლიერი მხარე.

არასდროს გვითქვამს უარი რომელიმე კომპანიისთვის, დაბალი ბიუჯეტის გამო. ფუფუნებასა და კომფორტს შეჩვეულები არ ვართ და სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენს სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებისგან – ვუმკლავდებით რთულ სიტუაციებს და ყოველთვის შეგვიძლია ვიპოვოთ მარტივი გამოსავალი“.

პროექტი, რომელზე მუშაობამაც ყველაზე მეტად გაგზარდათ

ქეთევან ჯაოშვილი: „როდესაც დიდ მარცხს განიცდი, სწორედ მაშინ იზრდები, ბევრად მეტს სწავლობ და ვითარდები. წარმატების მიღწევა მარცხის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია“.

კრეატივი, რომელიც ბიზნესს მართავს

სოფო კიკვილაშვილი: „საკმაოდ თავისუფალ ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩარჩოების გარეშე და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მიღმა მიდის ცხოვრება. ყველაფრის კეთების შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა, როგორ შეფუთავ ამას, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს შემთხვევაში ასე შეგვიძლია ვთქვათ: „კარგად შეფუთული თავისუფალი იდეები“.

რჩევები, რომლებიც კარგი იქნებოდა, წლების წინ, თქვენთვისაც რომ გაეზიარებინათ

სოფო კიკვილაშვილი: „შეიძლება საკმაოდ ბანალურად ჟღერს, მაგრამ მათ, ვისაც წარმატების მიღწევა სურთ ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების. სწორედ ესაა მთავარი დაბრკოლება“.

ანანო დოდელია: „გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა არ შეწყვიტოთ მცდელობა იქამდე, სანამ არ გამოგივათ. ასევე, მნიშვნელოვანია კომპეტენტური ადამიანებისგან მიიღოთ მოტივაცია, მათ უნდა დაიჯერონ თქვენი“.

რა იყო „ედვენამდე“?

ქეთევან ჯაოშვილი: „ედვენამდე“ იყო მუდმივი ძიება, სწავლა, ექსპერიმენტების კეთება, მერე კი ჩვენი დამეგობრება. სკოლა რომ დავამთავრეთ, ერთად ვმუშაობდით GDS-ში. იქ გავიცანით ერთმანეთი. ბევრი რამ ვისწავლეთ იქ. მერე წამოვედით და შევქმენით „ედვენი“.

თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა სიჩუმის რეკლამა?

ანანო დოდელია: „სიჩუმის რეკლამა ხმაურიანი უნდა იყოს. სიჩუმესაც უფრო დააფასებ და უფრო მეტად გაყიდვადიც გახდება“.

გამბედაობის?

ქეთევან ჯაოშვილი: „გამბედაობის რეკლამა, ალბათ, ჩვენზე იქნებოდა გადაღებული“.

მცდელობის?

ანანო დოდელია: „მცდელობის, გარისკვის და მრავალგზის არ დანებების ყველაზე ნათელი მაგალითი სტარტაპერები არიან. ვფიქრობ, ნაწილობრივ, ჩვენი კომპანიაც“.

და გამარჯვების?

ანანო დოდელია: „მთელი ინტერვიუს მანძილზე ჩვენი კომპანიის გეგმებზე, ჩვენ მიერ დასახულ მიზნებზე გიყვებოდით. ვფიქრობ, პასუხიც ეს არის – ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილად მივაღწევთ გამარჯვებას და ამისთვის, არაფერს დავიშურებთ“.

თუ რაში მდგომარებს ქალების ძალა, „ედვენის“ გოგონებისთვის არ მიკითხავს. ინტერვიუს დასას­რულს დასმული შეკითხვები სწორედ ამას გულისხმობდა.

გადავწყვიტე და თავს უფლება მივეცი, თავად ვუპასუხო ამ კითხვას.

ქალების ძალა გამბედაობასა და თავდაჯერებულობაშია, მრავალი მცდელობის, დაბრკოლებების, არაერთგზის წარუმატებლობის და მარცხის განცდის შემდეგ მიღწეულ გამარჯვებაშია.

 

ავტორი: თამარა კაჭახიძე

ფოტო: ანა ბოკო