აჭარა ჯგუფი: შიდა თავშეყრის სივრცეებში დროებით შევაჩერეთ მუშაობა

აჭარა ჯგუფი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებით ზომებს იღებს და სასტუმროებში არსებულ შიდა თავშეყრის სივრცეებში მუშაობას დროებით აჩერებს.

„ძვირფასო სტუმრებო, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. შესაბამისად, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ დამატებითი ზომები და თბილისის სასტუმროებში არსებული შიდა თავშეყრის სივრცეებში (რესტორნები, ლაუნჯი და ბარები) დროებით შევაჩერეთ მუშაობა“ – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, შეზღუდვა ღია სივრცეში არსებულ ობიექტებს არ შეეხება:

„ამასთანავე, ღია სივრცეში არსებული რესტორნები, მათ შორის ლოლიტა, გააგრძელებენ ჩვეული განრიგით ოპერირებას. მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ Wolt-ის აპლიკაციით და შეუკვეთონ კერძები Lolita-ს, Shio Ramen-ისა და Holiday Inn Tbilisi-ის რესტორნების მენიუებიდან. მალე, ამ ჩამონათვლს Cafe Stamba-ს მენიუც დაემატება, რის თაობაზეც მოგვიანებით შეგატყობინებთ.“

ცნობისთვის, ამ დროისათვის აჭარა ჯგუფი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის აღდგება მუშაობა შიდა თავშეყრის სივრცეებში.