მართვის განსხვავებული სტილი და საერთო მიზანი | ინტერვიუ ანი დაბრუნდაშვილთან და ნინო კვერნაძესთან

აჭარა ჯგუფის ყველა განხორციელებული პროექტი ისტორიული შენობებიდან იწყებდა განვითარებას: ჯერ იყო Holiday Inn Tbilisi, შემდეგ Rooms Kazbegi, Rooms Tbilisi, Lolita, Fabrika, Stamba და Rooms Kokhta. ამ ყველაფრის უკან ერთი ხელმწერი აჭარა ჯგუფი იდგა და, ცხადია, მსოფლიო აღიარებაც ძალიან მალე მოიპოვა. იდეების უწყვეტი ჯაჭვი რეგიონიდან რეგიონში წრედს ქმნის და მალე ამ ჩამონათვალს ბათუმი, ციხისძირი, აბასთუმანი და უდაბნოს აგროტურისტული სოფელი შეუერთდება.

ადამიანები, რომლებიც სტუმარმასპინძლობის სფეროში განსხვავებულ ქართულ ბრენდს ქმნიან, მათგან არც განსხვავებული მართვა იქნებოდა გასაკვირი და ეს ასეც მოხდა. დღეს, აჭარა ჯგუფის სასტუმროებისა და რესტორნების ქსელს, ორი აღმასრულებელი დირექტორი, ანი დაბრუნდაშვილი და ნინო კვერნაძე, ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილებითა და საერთო ღირებულებებით მართავს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ნინომ ამერიკაში წარმატებულ კარიერას საქართველოში დაბრუნება და აჭარა ჯგუფში საქმიანობის გაგრძელება არჩია. ის ნიუ-იორკში ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო კომპანია Goldman Sachs-ში მუშაობდა და საქართველოში დაბრუნებულმა, მისთვის სრულიად უცხო სფეროში აგროკულტურისა და აგროტურიზმის განვითარების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასოფლო-სამეურნეო კომპანია უდაბნო ჩაიბარა. თერთმეტი ათას ჰექტარზე გადაჭიმული მეურნეობა ნუშის ბაღებს, კენკრას, ფერმებს და ენდემური ვაზის ჯიშებს აერთიანებს და აქტიურად აგრძელებს განვითარებას. მომავალში, უდაბნოს ავთენტური გარემო და ადგილზე მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტი სოფლადცხოვრების განსაკუთრებულ გამოცდილებას შექმნის. უდაბნოში, წრიული ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, იგეგმება ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროექტების დანერგვა, რაც, მაგალითად, გულისხმობს მზისა და ბიომასის ენერგიის ადგილზე გამომუშავებას. შესაბამისად, სტუმრებს უდაბნოში დახვდებათ თანამედროვე, მდგრადი სოფლის მოდელი.

ნინომ კომპანიის სოფლის მეურნეობის მიმართულების რამდენიმე წლიანი მმართველობის შემდეგ კი, სტუმარ- მასპინძლობის მიმართულებაში გადმოინაცვლა.

ნინო კვერნაძე: „აღმასრულებელ დირექტორამდე იყო ამერიკაში გატარებული 15 წელი, შემდეგ საქართველოში დაბრუნება, რასაც ჩემს კიდევ უფრო დიდ წარმატებად მივიჩნევ და ჩემთვის სრულიად ახალ სფეროში, აგროკულტურისა და აგროტურიზმის განვითარების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპანიის, უდაბნოს მმართველობა. რამდენიმე თვეა უკვე ანისთან ერთად სტუმარმასპინძლობის მიმართულებას შევუერთდი. ჩემი შემოერთება ძალიან ორგანული იყო, რასაც აჭარა ჯგუფის ჰოლდინგური მმართველობის წყობა კიდევ უფრო აადვილებდა. ჰოლდინგი დირექტორთა საბჭოსგან შედგება და დიდ გადაწყვეტილებებს ერთად იღებს. შესაბამისად, სანამ ახლანდელ პოზიციაზე დავიწყებდით საქმიანობას, ანი დამე მანამდეც სხვადასხვა პროექტზე ერთად ვმუშაობდით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩემი, ასევე ჩემი გუნდის განვითარება, შესაბამისად, წინსვლისკენ მოძრაობას არასდროს ვწყვეტ“.

ანის პირველი კარიერული ნაბიჯები ჯერ კიდევ 10 წლის წინ, სწორედ აჭარა ჯგუფში დაიწყო. გზა გრძელი და წარმატებული აღმოჩნდა. კარიერული საფეხურები ეტაპობრივად ერთმანეთს ანაცვლებდა, ჯერ იყო Holiday Inn Tbilisi და მსოფლიო ინდუსტრიის ბრენდებთან შეხება, მერე Rooms Tbilisi-ს პროექტში ღონისძიებების ორგანიზების გუნდთან ერთად. ამბობს, რომ სასტუმროებისა და რესტორნების მართვის საოპერაციო ნაწილის ყველა რგოლში მუშაობის გამოცდილებამ ინსტიტუციური ცოდნა დაუგროვა. შესაბამისად, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება აძლევს იმის საშუალებას, რომ გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი და ყოველდღიური გადაწყვეტილებები ეფექტურად მიიღოს.

ანი დაბრუნდაშვილი: „ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა შორს არსებული ობიექტი, რომელთან მიახლოებასაც ვცდილობდი. ყოველი ახალი საფეხურის გადანაცვლების შემდეგ ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო მომდევნო საფეხური. ჩემი ათწლიანი კარიერა ამ რიტმს, დაბალი რგოლიდან დაწყებული მმართველ რგოლამდე ასული, ნაბიჯ-ნაბიჯ კარგად ჰყვება. სტუმარმასპინძლობის რიტმი ძალიან სწრაფია. შესაბამისად, სწრაფ რეაგირებას საჭიროებს და მმართველობის ახლანდელი მოდელი ძალიან ამარტივებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღებას. ჩემი და ნინოს განსხვავებული სამუშაო გამოცდილება გვეხმარება ერთმანეთის გადაწყვეტილებების შევსებაში და, რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება ზუსტად პასუხობს გამოწვევას. როგორც იცით, ერთი წლის განმავლობაში კომპანიას მარტო ვმართავდი და მას შემდეგ, რაც ნინო და მე ერთად შევუდექით კომპანიის ხელძღვანელობას, სწორედაც რომ ჩვენმა განსხვავებულმა გამოცდილებამ, საერთო ხედვამ და ღირებულებებმა კიდევ უფრო მეტი ახალი ინიციატივისა და პროექტის დანერგვას შეუწყო ხელი“.

ანი დაბრუნდაშვილი | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ორივე ერთხმად ამბობს, რომ საერთო საქმეს აკეთებენ, გადაწყვეტილებებსაც ერთად იღებენ და პოზიციის მსგავსად, ფუნქციაც ერთი აქვთ, მიზანი კი – არ გაჩერდნენ. არც ჩერდებიან და ზაფხულში ახალი პროექტების გასახსნელადაც ერთად ემზადებიან. ორი მმართველი ქალი სტუმარმასპინძლობის სფეროში ახალი ისტორიის დასაწერად ემზადება.

საქართველოში, სხვადასხვა კომპანიებში ძალიან ცოტა, ან თითქმის არ არიან მმართველ პოზიციაზე ქალები. გარდა იმისა, რომ ახალი მმართველობის მოდელს ორი ქალი ჰყავს სათავეში, როგორ არის სხვა პოზიციებზე ქალის გაძლიერება კომპანიისგან მხარდაჭერილი?

ნინო: „მსურს აღვნიშნო, რომ ბორდში, რომელიც შვიდი ადამიანისგან შედგება, ოთხი ქალი ვართ. ასევე, ჩვენი სასტუმროების ექვსი გენერალური მენეჯერიდან ხუთ პოზიციას ქალი იკავებს, ხოლო კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტის 55%-იც ქალია. კომპანიაში კონკურენტუნარიანი და თანასწორი გარემოს შექმნა და ქალების გაძლიერება აჭარა ჯგუფისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. რესურსებზე თანასწორი წვდომა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაზეც საერთაშორისო გამოცდილებაც მეტყველებს“.

ანი: „ზოგადად, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაში აჭარა ჯგუფს ყოველთვის ინკლუზიური ბიზნეს მოდელებისთვის საჭირო მიდგომები ჰქონდა და აქვს, რასაც ჩემი მაგალითიც ადასტურებს. როგორც ნინომ აღნიშნა, გენერალური მენეჯერის პოზიციაზე უმრავლესობა ქალია და მინდა გითხრათ, მათაც ჩემნაირი კარიერული გზა აქვთ გავლილი. კომპანიაში თანამშრომლებს ცოდნისა და კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ და არსებული გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ აჭარა ჯგუფში არ არსებობს „უხილავი დაბრკოლებები“, რაც, განსაკუთრებით, ქალის კარიერული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“.

ცხადია, კომპანიისთვის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. პროფესიული განათლების სფეროს პოპულარიზაციისთვის აჭარა ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო კომპანიებთან.

ანი: „თითოეული თანამშრომლის განვითარება და პროფესიულად გაზრდა ჩვენთვის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, უმნიშვნელოვანესია. გუნდში მუდმივად ვზრუნავთ, რომ თანამშრომლებს ხელი შევუწყოთ კვალიფიკაციის ამაღლებაში, უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში“.

ნინო: „ჩვენ არა მარტო სხვადასხვა უნარ-ჩვევების ამაღლებისთვის საჭირო ტრენინგს ვთავაზობთ თანამშრომლებს, არამედ ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც შესაძლებლობას უქმნის ჩვენს თანამშრომლებს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მიიღონ დამატებითი ცოდნა და გამოცდილება“.

აჭარა ჯგუფი გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) ინიციატივის წევრი და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერია. კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აჭარა ჯგუფმა სულ ახლახან გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო მიიღო ნომინაციაში გენდერული თანასწორობა.

ცოტა ხნის წინ, აჭარა ჯგუფმა კიდევ ერთი ახალი პროგრამა წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც კომპანიის დაწესებულებებში ძალადობაგამოვლილ ადამიანებს ასაქმებს. პროგრამის მიზანი ბენეფიციარების ეკონომიკური გაძლიერება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ანიმ და ნინომ, ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ჩართულობით, სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაიარეს, რომ ხელი შეეწყოთ ამ ადამიანების სამუშაო გარემოსთან სრულფასოვანი და თანასწორი ადაპტირებისთვის.

სხვადასხვა სირთულეს სწრაფი გადაწყვეტილებებით პასუხობენ, ასე მოხდა კორონავირუსის გავრცელების დროსაც. პანდემიით შექმნილი მსოფლიო გამოწვევა განსაკუთრებით იმ ბიზნესისთვის, რომელიც სტუმარმასპინძლობის სფეროში იყო ჩართული. მათი განცხადებით, საჭირო იყო, რომ გამოწვევას სწრაფი ნაბიჯებით ეპასუხათ და პანდემიისთვის საჭირო უსაფრთხო გარემო შეექმნათ, რაც სტუმრებს მშვიდ გარემოში დასვენების საშუალებას მისცემდა, ხოლო თანამშრომლებს – მუშაობის. პანდემიის მიუხედავად აჭარა ჯგუფმა შეძლო და შეინარჩუნა მის მიერვე დანერგილი მაღალი ხარისხი და მომსახურება.

ანი: „პანდემია, ცხადია, მოითხოვდა სწრაფ რეაგირებასა და გადაწყვეტილებების მიღებას. კომპანია სრულად გადაეწყო იმ რეგულაციებზე, რომელსაც ჯანდაცვის სფერო აწესებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემო შეგვექმნა როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის და ამისთვის ყველა საპასუხო ნაბიჯი გადავდგით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ პანდემიის დასაწყისიდანვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და ეპიდემიოლოგებთან. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო წვლილი შეგვეტანა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, შესაბამისად, ჩვენმა ყველაზე დიდმა სასტუმრომ Holiday Inn Tbilisi ჯერ საკარანტინე სივრცედ, ხოლო შემდეგ კოვიდ-მიმღებ სასტუმროდ დაიწყო ფუნქციონირება“.

ნინო კვერნაძე | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ნინო: „პანდემიამ შეცვალა დამოკიდებულებები, შესაძლოა, ღირებულებების გადაფასებაც კი მოხდა. აჭარა ჯგუფისთვის, ყოველთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა ჯანსაღი ბიზნეს გარემოსა და ეკოსისტემის შექმნა. ჩვენი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ თანამშრომლები, შევთავაზეთ კომპანიაში ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობებიც, რაც თანამშრომლების გადამზადებასაც გულისხმობდა. რა თქმა უნდა, დავნერგეთ დისტანციური მუშაობის პრაქტიკაც იმ სტრუქტურებში, სადაც შესაძლებელი იყო“.

სხვადასხვა ღირებულებასთან ერთად, აჭარა ჯგუფის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია გარემოსდაცვის საკითხები. ამ მიმართულებით კომპანია კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს და სოფლისმეურნეობისა და სტუმარმასპინძლობის პროექტებისთვის განახლებადი ენერგიის განვითარებაზე მუშაობს.

სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში გაძლიერება აჭარა ჯგუფის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია, შესაბამისად, კომპანია ქვეყანაში ახალ სივრცეებსა დატერიტორიებს აქტიურად ავითარებს. პანდემიის მიუხედავად, აჭარა ჯგუფი 2021-22 წლებში როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, აბასთუმანში და კახეთში რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. კომპანიის თითოეული პროექტი შემოქმედებითი ეკოსისტემების განვითარებას უწყობს ხელს, რომლის ფარგლებშიც სხვა ახალი საქმიანობებისთვის საჭირო ხელსაყრელი გარემო შეიქმნება.

გეგმები მართლაც რომ ბევრი აქვთ და წარმატებაც გარდაუვალი, რასაც ორივე აღმასრულებელი დირექტორის საერთო ღირებულებები და ხედვები კიდევ უფრო აძლიერებს.