აჭარა ჯგუფი თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა სივრცეს ხურავს

აჭარა ჯგუფი ახალი კორონავირუსის გავრცელებისპრევენციის მიზნით, შიდა თავშეყრის ადგილებთან ერთად გარე თავშეყრის ადგილებზეც წყვეტს მუშაობას.

„აჭარა ჯგუფი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას აძლიერებს და დამატებით საპრევენციო ზომებს ღებულობს. დღეიდან ჩვენი თბილისის სასტუმროებში (Rooms Hotels, Stamba Hotel, Holiday Inn Tbilisi, Fabrika Hostel) არსებული ყველა საზოგადოებრივი შიდა და გარე თავშეყრის ადგილი, მათ შორის რესტორანი Lolita-ც, მუშაობას დროებით წყვეტს“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის განმარტებით, მათ ეს გადაწყვეტილება დამატებითი უსაფრთხოების ზომების გამო მიიღეს:

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, აჭარა ჯგუფის უმთავრესი ამოცანაა ჩვენი სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. შესაბამისად, ვღებულობთ ყველა საჭირო ზომას და ვითვალისწინებთ როგორც ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნებს, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.“

მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ Wolt-ის აპლიკაციით და შეუკვეთონ კერძები Lolita-ს, Shio Ramen-ისა და Holiday Inn Tbilisi-ს რესტორნების მენიუებიდან.

შეგახსენებთ, კომპანიამ გუშინ, 15 მარტს, შიდა თავშეყრის ადგილები დახურა. აჭარა ჯგუფი ვერ აკონკრეტებს, როდის აღდგება მუშაობა შეჩერებულ ობიექტებზე.