თავისუფლების სიყვარულით სავსე კარიერული გზა | ინტერვიუ ირინა ადეიშვილთან

როცა ირინა ადეიშვილს ესაუბრები, თითქმის ყველა წინადადებიდან, გრძნობ როგორ უყვარს თავისუფლება. ინტერვიუს დროს ამ თემას ბევრჯერ შევეხეთ, როცა ის საქმეზე, ოჯახზე თუ, ზოგადად, ცხოვრებაზე საუბრობდა. მასთან ხანმოკლე კომუნიკაციის დროსაც კი ყურადღების მიღმა ვერ დაგრჩებათ, რამდენად ბევრს ფიქრობს და რამდენად ბევრს ცდილობს ქალების გაძლიერებისთვის. ამ გზაზე ხელს მას ახლა სამსახურიც უწყობდა. ირინა The Body Shop Caucasus-ის გენერალური მენეჯერი იყო. ამ ბრენდის ერთ-ერთი პრიორიტეტი კი სწორედ ქალების გაძლიერების ხელშეწყობაა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ირინა ადეიშვილი პროფესიით მარკეტერია, განათლება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიიღო. მაშინ ეს ახალი უნივერსიტეტი იყო, ამერიკელი დამფუძნებლით, პირობები იმდენად მომხიბლავი აღმოჩნდა, რომ სხვა სასწავლებელზე აღარც უფიქრია. საკუთარი შრომის შედეგი პირველად ყველაზე ძლიერად მაშინ შეიგრძნო, როცა ეროვნული გამოცდების შედეგად იმ უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც სწავლა ასე ძალიან უნდოდა.

„ეს იყო ჩემთვის პირველი მაგალითი იმისა, რომ თუ იშრომებ აუცილებლად დაგიფასდება“.

როგორც ყველას, ირინასაც სწავლის დასაწყისში პროფესიაზე სრული წარმოდგენა ნაკლებად ჰქონდა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ მარკეტინგი დაკავშირებული იყო შემოქმედებასთან, კრეატივთან, თანაც ახლის შექმნა ბავშვობიდან მისი გატაცება იყო. დღეს გამართლებად მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის დასრულებისთანავე შრომით ბაზარზე პირველი ნაბიჯები საკუთარი პროფესიით გადადგა.

ირინა ადეიშვილის პირველი სამსახური BRANDING.GE იყო. იმ ცხრა თვეს, რომელიც ამ კომპანიაში სტაჟიორად გაატარა, დაუვიწყარ პერიოდს უწოდებს.

„ეს იყო სააგენტო, სადაც შემოქმედების კუთხით სრული თავისუფლება გვქონდა, შეგვეძლო სხვადასხვა პროექტებში ჩვენი იდეებით გვემოგზაურა. მაშინ თბილისის ყველა ბიბლიოთეკის საშვი მქონდა, დავალებისთვის ინსპირაციას ისტორიაში, ძველ ამბებში ვეძებდი“.

მერე ირინას პირველი შვილი შეეძინა, დედობას ხანმოკლე პროფესიული პაუზა მოჰყვა, პაუზას გასაუბრებებზე სიარული და რეალობასთან შეჯახება, როცა 22 წლის გოგოს, 5 წლიან სამუშაო გამოცდილებას სთხოვდნენ.

2012 წლის აგვისტოში, კომპანია „ბილაინში“ მიდის, Business-to-Business მარკეტინგის სპეციალისტად. ირინა იქ 4 ნაყოფიერ წელს ატარებს. მისი საქმე კორპორატიული მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათთვის საინტერესო პროდუქტების შექმნა და მომხმარებლების ქცევის ანალიზი იყო.

„ბილაინი“ რეალურად პირველი კომპანია იყო, სადაც ვისწავლე როგორია კორპორატიული ცხოვრება. ამ კომპანიამ მასწავლა, როგორ უნდა მოიქცე ისე, რომ დიდ კომპანიაში მიაღწიო მიზანს და ყველასთან ადამიანური ურთიერთობები შეინარჩუნო. აქ დავიხვეწე პროფესიული თვალსაზრისითაც, ახალი უნარები აღმოვაჩინე ჩემს თავში“.

„ბილაინში“ ყოფნიდან 4 წლის თავზე სიახლის საჭიროება დაინახა და 2016 წელს Georgian Pharmaceutical company (GPC) გადადის. ირინას, როგორც მარკეტინგის სპეციალისტ ციფრული პროექტების მართვა ჩაბარდა. თვითონ გვეუბნება, რომ GPC-ში მუდმივად ახალ შეთავაზებებზე უწევდა მუშაობა, რაც მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.

„ყოველთვის, როცა ვგრძნობთ, რომ კომფორტის ზონაში შევდივართ საკუთარ თავს გამოწვევა უნდა მოვუწყოთ. როცა ზუსტად იცი, რომ 2X2=4-ია რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალო. ეს არის ის ფორმულა, რამაც აქამდე მომიყვანა; არასოდეს ვჩერდებოდი. საქმეში გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ყოველთვის არის გამოსავალი. ეს ფრაზა ყველა ეტაპზე მეხმარება, როცა რაღაც დილემის წინაშე ვდგავარ“.

2020 წელს კომპანია „გეფა“ თავის მოვლის საშუალებების ინგლისურ ბრენდ The Body Shop-თან მოლაპარაკებებს იწყებს და პარალელურად ირინა ადეიშვილი შეთავაზებას იღებს, უხელმძღვანელოს ბრენდის მარკეტინგის მიმართულებას. ამ პერიოდში ის GPC pharmacy-ში სხვადასხვა პროექტებს ხელმძღვანელობს ქართულ ბაზარზე, პრაქტიკულად პირველი ნაბიჯები The Body Shop-მა სწორედ ირინასთან ერთად გადადგა.

„ბოდიშოპი“ ჩემთვის არ იყო ახალი ბრენდი, მისი აქტიური მომხმარებელი ვიყავი და სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი ამ ბრენდის ისტორიას. 13 წლის შემდეგ სწორედ აქ რომ დავიწყე მუშაობა, დავრწმუნდი რომ Dreams come true! ზოგადად, ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ, თუმცა, როცა ბრიტანეთში სამსახურებრივი მივლინებით წავედი, მივხვდი, რომ ჩემთვის ძალიან ნაცნობ გარემოში მოვხვდი. მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, თუ იქ არ ვიქნებოდი თავისუფალი, თუ არ გამოვხატავდი ჩემს აზრს გულწრფელად ეს არ იქნებოდა სწორი. საქმეში გულწრფელობა ყოველთვის მეხმარება. გულწრფელობამ და შეუპოვრობამ მომიყვანა აქამდე“.

The Body Shop-ში ირინას აქტივიზმი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიით იწყება, რასაც საერთაშორისო აღიარება მოჰყვება და ბრენდი წლის საუკეთესო კამპანიად სწორედ ქართულს ასახელებს, ირინას კი როგორც კამპანიის ორგანიზატორს, საუკეთესო აქტივისტის ჯილდოს გადასცემს. მალევე იღებს შეთავაზებას ‒ გახდეს ბრენდის გენერალური მენეჯერი,რასაც მოჰყვება დავალება რეგიონში ფილიალების გახსნის; ახლა The Body Shop უკვე ოპერირებს სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

„სამივე ქვეყნის ყველა მაღაზიის მართვაზე ვარ პასუხისმგებელი, როგორც საოპერაციო, ისე მარკეტინგის კუთხით“.

ირინა, როგორც მენეჯერი გუნდური მუშაობის სტილს ირჩევს. ეს ხელს არ უშლის თანამშრომლებს თავისუფლება მიანიჭოს. თავად სჯერა, რომ საქმეში თავისუფლება, შემოქმედებითი თავისუფლების საფუძველია, შედეგი კი ახალი იდეების გენერირება.

„გუნდურობა მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გუნდიდან მოდიოდეს ისეთი იდეები, რაზეც შენ იმ კონკრეტულ მომენტში არ გიფიქრია. ჩემს გუნდში ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იდეებს ერთმანეთს არ ვუზიარებთ. ასე ხდება საუკეთესო ვერსიაზე შეჯერება. ვცდილობ, თანამშრომლებს მივცე თავისუფლება, ასეთი თავისუფლების შედეგია ახალი იდეების გენერირება. ჩემს დაქვემდებარებაში ახლა 30 ადამიანია, ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი და ასეთია თავად ბრენდიც“.

The Body Shop ქალების გაძლიერების ხელშეწყობის კამპანიებით გამოირჩევა, კომპანია გვერდით უდგას ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც განათლების მიღება სურთ და ამის შესაძლებლობა არ აქვთ. 2023 წელს ბრენდის სამიზნე რეპროდუქციული ჯანმრთელობა იქნება, კამპანია ახლა დამუშავების ეტაპზეა და სიახლეები მოგვიანებით გვეცოდინება. მანამდე ირინა გვიმხელს, რომ ამ კამპანიის ფარგლებში „ბოდიშოპი“ აქტიურად თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან.

UN Woman-თან გასულ წელს დაწყებული პარტნიორობა წელსაც სხვადასხვა კამპანიის კუთხით გაგრძელდება. ყველა აქტივობა არსებული სტერეოტიპების დანგრევისკენ იქნება მიმართული.

„ახალგაზრდა გოგონების მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია, ვცდილობთ, აქტიურად ვიდგეთ მათ გვერდით. ამის დასტურია კიდევ ერთი კამპანია, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. ჩვენ გვინდა მათ ადრეული ასაკიდან ესმოდეთ, რომ აუცილებელია თავისუფლად გამოთქვან საკუთარი აზრი. ვეძებთ ისეთ გოგონებს, რომლებსაც სურთ კონკრეტული პროფესიების შესწავლა, იმისთვის რომ გახდნენ დამოუკიდებლები“.

ადამიანის უფლებები, ეკოლოგია, ცხოველთა უფლებები ‒ ეს ის საკითხებია, რაზეც „ბოდიშოპი“ გლობალურად მუშაობს. ირინა გვიხსნის, რომ საქართველოს ოფისმა აირჩია მეტწილად ოჯახში ძალადობის საკითხებზე ისაუბროს. ამ მიზნით კრიზისცენტრთან თანამშრომლობენ, საიდანაც ქალების საჭიროების შესახებ ინფორმაციას იღებენ.

„ჩვენს ქვეყანაში ქალების უფლებები სხვადასხვა სახით ყოველდღე ილახება. ეს პრობლემა საქართველოში ჯერ ისევ სერიოზული გამოწვევაა და გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვითარების გამოსწორებაში. ყველა ბიზნესმა რომ ერთ რომელიმე პრობლემაზე დაიწყოს მუშაობა, საკუთარი დონაცია გააკეთოს მდგომარეობის შეცვლაში, სამყარო ბევრად უკეთესი იქნებოდა“.

ბევრად უკეთესი სამყარო მხოლოდ ადამიანებისგან არ შედგება, ამიტომაც „ბოდიშოპი“ ზრუნავს ცხოველებზეც. თბილისის რამდენიმე უბანში კომპანიამ ძაღლებისთვის სახლები მოაწყო, რათა მათ ზამთარი თბილად გაატარონ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რასაც აქამდე „ბოდიშოპზე“ გიყვებით ყველაფერს ქალები აკეთებენ, ირინა გვეუბნება, რომ მათთან სულ ქალები არიან დასაქმებული.

მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა ‒ ეს წარმატების ფორმულაა ირინა ადეიშვილისგან.

„ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებას ანიჭებს. ჩვენ იმ ასაკში გვიწევს პროფესიის არჩევა, რომ შეიძლება ზუსტად არ ვიცოდეთ რა გვინდა. ამიტომ ჩვენ, ქალებს არ უნდა შეგვეშინდეს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, რადგან შეიძლება სწორედ ასეთმა ნაბიჯმა დაგვაყენოს სწორ გზაზე. თუ გწამს და თუ მთელი გულით გინდა, მიზანი რეალობად აუცილებლად იქცევა. მე ეს მიდგომა ძალიან მეხმარება, ვიცი რწმენით როგორ მივიდე საბოლოო მიზნამდე. ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ არასოდეს გახდნენ სტერეოტიპების მსხვერპლნი, წარმატებისთვის აუცილებელია შინაგანი თავისუფლება“.

ირინას სურს, რომ აგური აგურს დაადოს და ადამიანებს დაეხმაროს, უნდა, რომ მისმა ნაბიჯებმა სხვების მდგომარეობა შეამსუბუქოს. გვიყვება, რომ ერთი დღით ცხოვრობს, შორს მიმავალი გეგმები მისი სტილი არ არის, თუმცა ის, რაც ყველაზე მეტად უნდა შვილებს უკავშირდება. ირინა ადეიშვილის მიზანია შვილებმა დედით იამაყონ და მისი კარიერა მათთვის ინსპირაციის წყარო გახდეს ‒ როგორ იყვნენ დამოუკიდებლები.

„მინდა ისე ვიცხოვრო, უკან რომ მოვიხედავ დავრწმუნდე, რომ უაზროდ დრო არ დამიკარგავს და რაღაც მნიშვნელოვანის შექმნა შევძელი“.

ირინა ადეიშვილს ოთხი შვილი ჰყავს, სამი გოგონა და ერთი ბიჭი. გვეუბნება, რომ ოჯახი ყველა საქმეში ყოველთვის გვერდით უდგას.

„ცხოვრებაში მარტივი ფორმულა მაქვს ‒ დროის სწორი მენეჯმენტი. ეს მეხმარება როგორც ოჯახში, ისე სამსახურში. სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ოჯახს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩართული ვარ შვილების ყოველდღიურ რუტინაში, ვიცი ყველა მათი ნაბიჯი, ვცდილობ, ყველა მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენის თანამონაწილე გავხდე და მათთან ერთად გავიზიარო ყველა ემოცია“.