ლესლი ლამი საქართველოში ADB-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობას შეუდგა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორად ლესლი ბეარმენ ლამი დანიშნა. ლესლი ბეარმენ ლამი საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

ფოტო: ADB

მისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე ლესლი ლამი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის პროგრამებს წაუძღვება, უხელმძღვანელებს ბანკის ოპერაციებს, წარმოადგენს ბანკის ინტერესებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში, ითანამშრომლებს პარტნიორებთან და სხვა მხარეებთან. გარდა ამისა, მისი მთავარი მიზანი აზიის განვითარების ბანკის საქართველოსთვის შემუშავებული ახალი სტრატეგიის მეთვალყურეობა იქნება, რომელიც 2024-2028 წლებს დაფარავს.

„დიდი პატივია ვიყო აზიის განვითარების ბანკის საქართველოში წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი და ვიმუშაო ბანკსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის გაძლიერებაზე. აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს საქართველოს დახმარებას სხვადასხვა სექტორისათვის ინვესტიციების მოზიდვაში“ – განაცხადა ლესლი ბეარმენ ლამმა.

ლესლი ბეარმენ ლამს 30-წლიანი კარიერიდან ორი ათწლეული აზიის განვითარების ბანკში აქვს გატარებული. ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, ლესლი ბეარმენ ლამი ჩრდილოეთ ამერიკაში ADB-ის წარმომადგენელი გახლდათ, სადაც ის ბანკის წევრ განვითარებად ქვეყნებს დახმარებების მოზიდვაში ეხმარებოდა.

ცნობისათვის, საქართველო აზიის განვითარების ბანკს 2007 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ფინანსური ინსტიტუტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ბანკის საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა $3.9 მილიარდს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში სიღარიბის შემცირება, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და საჯარო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებაა.