აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს $100 მილიონით დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პანდემიის შემდგომი კრიზისის დაძლევაში დახმარებას სთავაზობს.

ADB საქართველოს კორონავირუსის პანდემიის შემდგომი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება და ქვეყნის მთავრობას 100 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში კრედიტს გამოუყოფს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

„კორონავირუსმა საქართველოს სავაჭრო დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა და ტურისტული ჰაბის ჯანდაცვა და ეკონომიკა დიდი რისკის წინაშე დააყენა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პანდემიის საპასუხო ქმედებებში. ეს კომპლექსური პაკეტი ქვეყნისთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება“ – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

პროგრამა სახელწოდებით CARES (აქტიური რეაგირება და ხარჯვითი დახმარება) მთავრობას საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს და ანტიკრიზისულ გეგმას დააფინანსებს. დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია ტურისტული სექტორის 4000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება და მინიმუმ 2000 მცირე და საშუალო სასტუმროსთვის კრედიტების სუბსიდირება.

აზიის ბანკის მიერ გამოყოფილი დამატებითი თანხები ქვეყნის ეკონომიკას საშუალებას მისცემს შემსუბუქდეს პანდემიის პირველი ტალღის შედეგად გამოწვეული ნეგატიური გავლენა ბიზნესზე და გამოიყოს თანხა მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების დახმარებისთვის.