AD BLACK SEA 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

16 სექტემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2023-ის დახურვის ცერემონიალი და დაჯილდოება გაიმართა. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 კატეგორიაში (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია) ეჯიბრებოდნენ. მათ საერთაშორისო ჟიურის 4 გუნდი აფასებდა. გრანპრი აზერბაიჯანულ Endorphin-ს ერგო, Windfor’s კი წლის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ დასახელდა ACAG-ის რეიტინგის მიხედვით.

“მიხარია, რომ ყოველწლიურად საკონკურსო პროგრამაში სულ უფრო მეტი საერთაშორისო განაცხადი შემოდის. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზას ვადგავართ რეგიონული მნიშვნელობის ფესტივალად ჩამოყალიბების მიმართულებით. წელს, გამარჯვებულები საქართველოდან, უნგრეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან გვყავს. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და მომავალ წლებში კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს”,- ამბობს სოფო კეჩხოშვილი, საკონკურსო პროგრამის ხელმძღვანელი.

“კრეატიული ინდუსტრია მთელს მსოფლიოში დიდწილად დამოკიდებულია მსგავს ფესტივალებზე, რადგან ამ ღონისძიებებზე ხარისხის გარკვეული სტანდარტი იქმნება. მოპოვებული წარმატება სააგენტოებს თავიანთი მომსახურების უკეთ გაყიდვაში ეხმარება. ამიტომაც განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთ ხანმოკლე დროში Ad Black Sea კრეატიულ ინდუსტრიაში რეგიონის მთავარ მოვლენად იქცა. თუმცა ამბიციები და სამომავლო გეგმები კიდევ უფრო დიდია – მჯერა და იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილს გლობალური ფესტივალების ტოპ ჩამონათვალშიც დავიმკვიდრებთ”,- ამბობს ვატო ქავთარაძე, ფესტივალის დამფუძნებელი.

Ad Black Sea 2023 14-16 სექტემბერს, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართა. 1300-ზე მეტ ქართველ და უცხოელ დელეგატს მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცა.

შარშანდლის მსგავსად, ფესტივალმა წელსაც Russia-free პოლიტიკა გააგრძელა და არ უმასპინძლა სტუმრებსა თუ ნამუშევრებს რუსეთსა და ბელორუსიდან.

წლევანდელ სპიკერებს შორის იყვნენ:

რორი საზერლენდი / Rory Sutherland

რორი Ogilvy-ს თავმჯდომარის მოადგილეა – მიმზიდველად ბუნდოვანი პოზიცია, რომელმაც საშუალება მისცა, დაენერგა ბიჰევიორისტული მეცნიერების პრაქტიკა თავის სააგენტოში. რორი მუშაობს ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულებთან, რომლებიც მომხმარებლის ქცევაში “უხილავ შესაძლებლობებს” ეძებენ – ხშირად ეს კონტექსტის მცირე ცვლილებებია, რომლებიც ადამიანების გადაწყვეტილებებზე უზარმაზარ გავლენას ახდენს – მაგალითად, ქოლცენტრის გაყიდვების გასამმაგება სკრიპტში მხოლოდ რამდენიმე წინადადების დამატებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბევრი სააგენტო ისაუბრებს “შეძენილ, ფლობაში არსებულ და მოპოვებულ” მედიაზე: ჩვენ ასევე ვეძებთ “გამოგონილ მედიას” და “აღმოჩენილ მედიას”: იმ მოულოდნელი (და იაფი) ცვლილებების ძიებით კონტექსტში, რომლებიც ადამიანების ქცევასა და ქმედებებს ცვლის. ეს ძალიან ღირებული აქტივობაა – მაგრამ არც ისე შემოსავლიანი. ასე იმიტომ ხდება, რომ კლიენტებს, როგორც წესი, არ აქვთ ბიუჯეტი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც არ ეგონათ, რომ გააჩნდათ.

Ogilvy-ს ბიჰევიორული პრაქტიკის დაარსებამდე, რორი სააგენტოს ქოფირაითერისა და კრეატიული დირექტორის პოზიციას 20 წლის მანძილზე იკავებდა.

სხვადასხვა დროს, ის IPA-ს პრეზიდენტი, კანის ფესტივალის Direct Jury-ს პრეზიდენტი და TED Global-ის სპიკერი გახლდათ. რორი რეგულარულად წერს გამოცემებისთვის Spectator, Market Leader & Impact, ასევე პერიოდულად – Wired-ისთვის.

მარკ პოლარდი / Mark Pollard

მარკი მართავს სტრატეგიის ტრენინგ კომპანიას, Sweathead-ს, 18000 სტრატეგის ქომიუნითის და მიყავს პოდკასტი 1,4 მილიონზე მეტი მსმენელით. ბოლო წლებში, მან კონსულტაცია გაუწია და ტრენინგი ჩაუტარა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა The Wall Street Journal, Twitter, Complex Media, EA Games, The Economist და სააგენტოები მთელი მსოფლიოს გარშემო.

2020-ში მარკმა გამოაქვეყნა Kickstarter-ის დაფინანსებული წიგნი Strategy Is Your Words – 400-გვერდიანი ნაშრომი, რომელიც სტრატეგების გონებაში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს და აწყობილია მოდელზე სახელწოდებით The Four Points. უკვე 6000 ეგზემპლარია გაყიდული Amazon-ზე ხელმისაწვდომობის გარეშე.

მარი რაიგ ფლორენსა / Marie Reig Florensa

მარი ჰუმანისტი, ქოუჩი და ე.წ. heart-based ლიდერშიფის ექსპერტია, რომელიც ადამიანური ღირებულებების, ლიდერშიფისა და კრეატიულობის გადაკვეთების კვლევაშია. მარის კრეატიულ ინდუსტრიებში, მეინსტრიმ თუ ნიშურ პროექტებში, გუნდებსა და ორგანიზაციებში 20 წელიწადზე ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი მისაა, წარმოაჩინოს, რომ ყოველი მცირე ჟესტი მასობრივი კონსტრუქციის იარაღია და ჩვენი ცხოვრება ჩვენი ყველაზე მშვენიერი ხელოვნების ნიმუშია.

რიკარდო ვოლფი / Ricardo Wolff

რიკარდო ვოლფი 2018 წლიდან Innocean Berlin-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორია. მას არა ერთი ფესტივალის გრანპრი აქვს მოპოვებული ისეთ კლიენტებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა Volkswagen, Kia, Ikea and Anne Frank House – მათ შორის, გერმანიის პირველი ტიტანის ლომი. გულით მწერალს, სწამს, რომ AI ვერაფრით წაართმევს სამსახურს.

აგა იონსდოტირი / Agga Jónsdóttir

აგა იონსდოტირი Pipar/TBWA-ს CXO, CD და პარტნიორია. პროფესიით გრაფიკული დიზაინერი, ახლა მაგისტრის ხარისხის დასაცავად გენდერის სწავლებაში ემზადება. აგას მარკეტინგსა და რეკლამის ინდუსტრიაში მუშაობის 20 წელიწადზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მას მოგებული აქვს არა ერთი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო. სხვადასხვა დროს, იყო ისლანდიური ფესტივალების, FÍT და Lúðurinn-ის ჟიურის წევრი, გასულ წელს კი Ad Black Sea-ს პრინტისა და დიზაინის ჟიურის თავმჯდომარე.