Ad Black Sea 2019 დაიწყო

19-21 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი – Ad Black Sea 2019 იმართება.

სამი დღის განმავლობაში, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, ტრადიციულად ისევ შავი ზღვის სანაპიროზე იყრიან თავს.

წელს ფესტივალი დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს, რის გამოც, ორგანიზატორები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ასევე განსაკუთრებულად ემზადებიან.

Ad Black Sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო, აღნიშნულ ფესტივალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. მისი მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და წელს დაინტერესებულ პირთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებსა და ვორკშოპებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების შესახებ, გაიფართოვონ პროფესიული წრე, გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

ფესტივალის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზატორების ინიციატივით საქართველოს ოცამდე ცნობილი სპიკერი ეწვია, ხოლო ჟიური, რომელიც ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს, ოცდაათამდე პროფესიონალისგან შედგება.

საპატიო სტუმრების სიაში არიან: მაიკლ კონრადი, ბერლინის კრეატიული სკოლის დამფუძნებელი, ბრაზილიელი ლეგენდა მარსელო სერპა, იაპონური სააგენტოს „ჰაკუჰოდოს“ კრეატიული დირექტორი – კენტარო კიმურა, ფეისბუქის კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი ჩინეთში – კიტი ლუნი, ესპანეთის წამყვანი სააგენტოების ლიდერები ჩაჩო პუებლა და მიგელ სიმოესი, ცნობილი სააგენტოს TBWA/Manchester-ის დირექტორი ლორნა ჰოუთინ ბრიტანეთიდან, ჰერმან ვასკე თავისი გახმაურებული ფილმით კრეატივის შესახებ, რომელსაც წლების მანძილზე იღებდა, ყველაზე პრესტიჟული მაიამის სარეკლამო სკოლის თანადამფუძნებელი ნიკლას-ფრინგს რუპი – ეს იმ სტუმრების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სემინარებს ჩაატარებენ.

ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განსავითარებლად,  უცხოური გამოცდილების მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანია, პარალელურ რეჟიმში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ გაიცნონ მათთვის საინტერესო ადამიანები. სტუდენტებისთვის კი ტრადიციულად შეღავათიანი პირობები მოქმედებს.

ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილის პარალელურად, Ad black sea-სთვის კონკურსი განუყოფელი ნაწილია. ოთხ ჯგუფად გაყოფილი და ოცდაათზე მეტი წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური, ნამუშევრებს 11 კატეგორიაში შეაფასებს. ● Film, ● Film & Craft, ● Print & Publishing, ● Out of Home, ● Radio, ● Design & Branding, ● Digital & Mobile, ● Advertising Campaigns, ● Media, Branding Content & Visual Storytelling.

წელს მნიშვნელოვანი სიახლეა, მე-11-ე კატეგორია: Creative Effectiveness, რომელიც კამპანიების შედეგებს და მათ ეფექტურობას ზომავს. აღნიშნული კატეგორია ფესტივალს ბრიტანული კომპანია WARC-ის რეკომენდაციით დაემატა.

საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც.

კონკურსში ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ Ad Black Sea 2019 ჯილდოზე წელს ფესტივალის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ერთიანი საქართველოს რუკის კონტური იქნება დატანილი, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა გამოსახული.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო იღებს. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.

3 დღიანი სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გალა დაჯილდოებით დაიხურება და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.