1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათასი მოიწამლა.
21 დაღუპულიდან 16 ქალი იყო.
2019 წელს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ ამ დღის ჰიმნის “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების“ ახალი ვერსია ჩაიწერა, ოღონდ ქალების გარეშე.
აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, ვენერა მეტრეველი, ნანა სამარგულიანი, მანანა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე, მამუკა ნოზაძე, შალვა ქვასროლიაშვილი, ნოდარ ჯანგირაშვილი, გია ქარსელაძე.
შახ აივაზოვის ფოტო
ეს სახელები 9 აპრილს დაღუპულებს ეკუთვნით, ოღონდ ისინი ჭყლეტაში არ მოყოლილან, როგორც ეს ამ დღის ცნობილი ფოტოების ავტორმა იური მეჩითოვმა Al Jazeer-სთან თქვა, ისინი რუსმა სამხედროებმა მოკლეს. მოკლულთა შორის კი 16 ქალი აღმოჩნდა.
1989 წლის 18 მარტს, სოფელ ლიხნში ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოდან გამოყოფა მოითხოვა. ამის საპასუხოდ სამ აპრილს სოხუმში აქცია მოეწყო, რომელსაც სათავეში მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ედგნენ. აქციაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ 4 აპრილიდან გამოსვლები თბილისში უნდა დაწყებულიყო. აქციების გამართვის თავდაპირველი მიზეზი ლიხნის ყრილობაზე აფხაზების მიერ მოთხოვნილი საქართველოდან გამოყოფის გაპროტესტება და ყრილობაზე მყოფი ადამიანების “დასჯა” იყო, თუმცა გამოსვლების მიმდინარეობისას მოთხოვნები შეიცვალა და ის მალევე გადაიზარდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში. რუსთაველის გამზირზე ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა, ამის გამო 8 აპრილს საქართველოსა და რუსეთს შორის შედგა შეთანხმება, საბჭოთა დანაყოფების მიერ აქციების ძალით აღკვეთის თაობაზე. 9 აპრილს კი გენერალ როდიონოვის მეთაურობით, დილის 3 საათიდან, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი ხალხის დარბევა ტანკებით, ხელკეტებით, მომწამვლელი ნივთირებებითა და იარაღებით დაიწყეს.
როგორც აქციებზე მყოფი ადამიანები იხსენებენ, რუსთაველის გამზირზე გამოსულ ხალხთა ნახევარს სწორედ ქალები შეადგენდნენ, მათ შორის კი იყვნენ სახლიდან გამოპარული არასრულწლოვანი გოგოებიც. დარბევის შედეგად გარდაცვლილებიდან სამი ადამიანი 16 წლის იყო, მათგან სამივე გოგონა იყო.
9 აპრილის ტრაგედია საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი დღე აღმოჩნდა, ამ დღიდან ზუსტად ორ წელიწადში ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ამაში კი ლომის წვლილი მაშინ რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს მიუძღვით, მათ შორის ქალებს.
იური მეჩითოვის ფოტო
“კითხვაზე “გოგონა მის ცნობილ ფოტოზე მამაცი იყო თუ სულელი” მე გაგცემთ პასუხს – გოგონა იყო სულელურად მამაცი ,ისევე როგორც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს, დაწამლეს და გადაუარეს! ისტორიას ვერავინ შეცვლის, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, რადგან გვინდა თუ არა ამ ქვეყანაში ბედისწერასავით ყოველდღე იბადება თითო გმირი!” – დაწერა 2018 წელს Facebook-ზე ნანა მახარაძემ, იური მეჩითოვის 9 აპრილის ცნობილი ფოტოდან, იური მეჩითოვისვე პასუხად.
ნანა მახარაძე, ისევე როგორც სხვა დამსწრე გოგოები და ქალები აქციაზე იმყოფებოდნენ, იმისთვის რომ საქართველო გათავისუფლებულიყო საბჭოთა მარწუხებისგან და აღედგინა დამოუკიდებლობა. მათ იდეა განხორცეილდა, საქართველო დღეს დამოუკიდებელია, თუმცა 30 წლის შემდეგ ეცადნენ ქალები კვლავ წაეშალათ ისტორიიდან და ტიტებიც მხოლოდ კაცებს აჩუქეს.
ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ქალი იქცა – მოსახლეობის უმეტესობას, იყვნენ ისინი 9 აპრილს დაბადებულები თუ არა ამ ტრაგიკული დღის ხსენებისას, ერთი უსინათლო ქალი ლელა ვეფხვაძე ახსენდებათ, რომელიც მაშინაც კი, როდესაც საბჭოთა არმია უდანაშაულო მოქალაქეებს არბევდა, რუსთაველის გამზირზე იდგა და მღეროდა.
ია მჭედლიშვილის ფოტო
9 აპრილი უნიკალური მოვლენა იყო საბჭოთა კავშირში, საქართველო პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც დამოუკიდებლობის იდეა გაჟღერდა, ამაში კი ქართველი ქალები ბრძოლის წინა ხაზზე იდგენენ – 9 აპრილის ღამეს ქალები ქუჩაში ისევე გამოვიდნენ, როგორც ეს მამაკაცებმა გააკეთეს, მათ ისევე იბრძოლეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, როგორც მამაკაცებმა, მათ ისევე და უფრო მეტადაც კი შეწირეს თავი დამოუკიდებლობის იდეას, როგორც ეს მამაკაცებმა ქნეს, ქალები არც ერთ მომენტში არ დანებებულან და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ ეს ქვეყანა შიმშილისგანაც იხსნეს, რადგან 1990-იან წლებში სხვა ქვეყნებში წასულ მილიონამდე ემიგრანტში უმრავლესობა ქალი იყო. და წესით, მხოლოდ ამ ფაქტების გახსენება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული გენდერული სტეროტიპები ქალის დაუცვლეობისა და სისუსტის შესახებ დაიმსხვრეს. – ხალხმა გაიაზროს რომ ქალებსაც ისევე შეუძლიათ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში მონაწილეობის მიღება, როგორც კაცებს, ქალებსაც სურთ რომ უკეთესი მომავლისთვის იბრძოლონ და ამის განხორციელება მათ საუკეთესოდ შეუძლიათ, განვლილი ისტორია და განსაკუთრებით კი 9 აპრილის ღამე მხოლოდ ამას გვიჩვენებს.
ავტორი – ანა აბაშიძე