ლიტერატურა, ფილმები თუ ზოგადად კულტურა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კაცობრიობის განვითარებაში. ძველი, დრომოჭმული ტრადიციების გადაფასებასა თუ სოციუმში არსებული სტერეოტიპებისა და დოგმების დანგრევაში. მსგავს პრობლემას წარმოადგენდა და სამწუხაროდ კვლავაც წარმოადგენს სექსიზმი. სამყაროში გაბატონებული “ტრადიციებისა” თუ მცდარი შეხედულებების გამო ხშირად ქალებს, როგორც სუსტ სქესს ისე მოიხსენიებენ. ამ თუ სხვა მსგავსი მცდარი მოსაზრების გამო ხშირად მანდილოსნებისთვის ძნელია საზოგადოებაში ძლიერი პიროვნებისა თუ წარმატებული ადამიანის სტატუსის დამკვიდრება. თუმცა მას შემდეგ, რაც ძმებმა ლუმიერებმა ფილმების გადაღება დაიწყეს, ხოლო რეჟისორებმა მათი საშუალებით სათქმელის ფართო მასებთან მიტანა კინოისტორიაში უამრავი ძლიერი ქალის სახე შეიქმნა, ზოგიერთ მათგანს რეალური პროტოტიპი ჰყავდა თუმცა ზოგიერთი მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი იყო. საბოლოო ჯამში კი თითოეულმა პერსონაჟმა, რომელსაც მაყურებელი თავისი სიძლიერითა და ნებისყოფით გაოცებაში მოჰყავდა. მათი სახით თითოეული მათგანის შემქმნელმა უდიდესი წვლილი შეიტანა სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლაში. ქვემოთ კი ჩამოთვლილია რამდენიმე გამოგონილი თუ რეალური ქალის პერსონაჟი, რომლებმაც ამ ბრძოლაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
ჯოან კლარკი სამყაროს 1917 წელს მოევლინა, ის ბრიტანელი კრიპტოანალიტიკოსი და მშიფრავი იყო. მან ალან ტიურინგთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა ენიგმის გაშიფრვაში.მისი პერსონა ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ქალის სახეს წარმოდგენს. მისი როლი 2015 წელს არაჩვეულებრივმა კირა ნაითლიმ შეასრულა ფილმში „იმიტაციის თამაში“. ფილმში ნათლადაა ნაჩვენები რა წინაღობების გადალახვა უწევდა წარმატების მისაღწევად ჯოანს და როგორ მოახერხა დისკრიმინაციული თუ სექსისტური ბარიერების გადალახვა. მისი წარმატება კი არა მხოლოდ პერსონალურ, არამედ მსოფლიო წარმატებადაც იქცა, რამეთუ, რომ არა ჯოან კლარკი, შესაძლოა მეორე მსოფლიო ომი სრულიად სხვაგვარად დასრულებულიყო.
სკარლეტ ო’ჰარა მარგარეტ მიჩელის მიერ შექმნილი პროტაგონისტია. ის პირველად მკითხველმა 1936 წელს ნაწარმოებით „ქარწაღებულნი“ გაიცნო, თუმცა პერსონაჟი უფრო ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 1939 წელს მისი როლი ორი ოსკარის მფლობელმა ვივიენ ლიმ შეასრულა. სკარლეტ ო’ჰარას როლმა ვივიენ ლის პირველი ოსკარი მოუტანა, როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს. სკარლეტ ო’ჰარას პერსონაჟს მთავარ ხიბლს მისი გარდასახვა სძენს. ის ფუფუნებაში გაიზარდა და ფილმის დასაწყისში, როგორც გათამამებული და უდარდელი პერსონაჟი წარმოგვიდგება. მას შემდეგ კი, რაც სამხრეთელები სამოქალაქო ომში მარცხდებიან ცხოვრება მისთვის უფრო და უფრო რთულდება. იმის მაგივრად, რომ ამ წინაღობებმა სკარლეტის უდარდელი ხასიათი და გამოუცდელი ნებისყოფა გატეხოს, პირიქით, სკარლეტი მთელ თავის მონდომებასა და ენერგიას საკუთარი მიზნის მიღწევაში დებს და ამით კინოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ძლიერი ქალის სახეს ქმნის.
დომინიკ ფრენკონის პერსონაჟი სამყარომ პირველად 1943 წელს აინ რენდის ნაწარმოებით „პირველწყარო“ გაიცნო. წიგნი მალევე გახდა ინსპირაციის წყარო და მასზე ფილმიც გადაიღეს, სადაც დომინიკის როლი ოსკაროსანმა პატრიცია ნილიმ შეასრულა. პერსონაჟი თავიდანვე ისე წარმოგვიდგება, როგორც ძლიერი და წარმატებული ქალი, რომელიც, მიუხედავად საზოგადოების აზრისა, მუდამ თავისი გულის კარნახით მოქმედებს. პერსონაჟი ხშირად იღებს მსხვერპლს, როგორც ქალი, რათა საყვარელი მამაკაცის წარმატება უზრუნველყოს. მისი სიძლიერე და გონიერება მსოფლიო კინო თუ ლიტერატურულ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ძლიერი ქალის სახედ დარჩა.
გალადრიელი პირველად მკითხველმა 1954 წელს ლეგენდარული ჯ.რ.რ ტოლკინის „ბეჭდის საძმოში“ გაიცნო. პერსონაჟი მაყურებელმა პირველად 1978 წელს „ბეჭდების მბრძანებლის“ ანიმაციაში ანეტე ქროსბის გახმოვანებით იხილა, ხოლო შემდგომში საკულტო ტრილოგიაში უნიჭიერესი ქეით ბლანშეტის შესრულებით. პერსონაჟის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ სამი ელფური ბეჭდიდან ერთ-ერთის მცველი სწორედ თვითონაა. მისმა სამართლიანობამ და მშვენიერებამ კი თვით უდრეკი ჯუჯა გიმლიც გააოცა. პერსონაჟი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის საგიდან ერთ-ერთ გამორჩეულ და დასამახსოვრებელ სახედ იქცა, თანაც იმდენად, რომ მწერლის უფრო ადრეული ნაწარმოების „ჰობიტის“ ადაპტაციისას მისი პერსონაჟი ფილმში ჩაამატეს.
ქეით ბლანშეტი რომ გამორჩეული მსახიობია ეს დიდი ხანია მაყურებლისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. თუმცა მისი გარდასახვა ნაზი და კეთილი გალადრიელიდან მეომარ სიკვდილის ქალღმერთ ჰელამდე მართლაც რომ ფენომენალურია. ჰელას პერსონაჟი პირველად კომიქსების მკითხველებმა 1964 წელს გაიცნეს, მიუხედავად რამდენიმე უზუსტობისა, იგი მაინც სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთ მთავარ ანტაგონისტ ჰელს ეფუძნება. მისი პერსონაჟი არც კომიქსებში შეცვლილა და კვლავ ერთ-ერთ უძლიერეს და გამორჩეულ ანტაგონისტად დარჩა. მართალია, არ შეგვიძლია მასზე ისე ვილაპარაკოთ, როგორც კეთილ ან მისაბაძ პერსონაჟზე, თუმცა ძლიერი ქალის ან უფრო ზუსტად ქალღმერთის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს.
თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ქალების მიერ განსახიერებულ როლებს, რომლებიც წარსულში მხოლოდ მამაკაცთა პრეროგატივად ითვლებოდა. ეს მაყურებელთა შორის სტიგმებისა და სტერეოტიპების მოშლას ემსახურება. რაც არასათანადო გზით მიწოდების შემთხვევაში ხშირად პროტესტის გრძნობას იწვევს. თუმცა „დოქტორი ვინ“-ის შემქმნელებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. სცენარისტებმა მოახერხეს და ერთ-ერთი ანტაგონისტის სქესი იმდენად ბუნებრივად და სასიამოვნოდ შეცვალეს მასტერიდან მისიმდე, მამაკაციდან ქალამდე, რომ მაყურებელს არათუ პროტესტის გრძნობა გაუჩნდა, პირიქით მიშელ გომესის მიერ განსახიერებულმა ანტაგონისტმა მაყურებლის კეთილგანწყობა და სიმპათია დაიმსახურა. მიუხედავად პერსონაჟის მზაკვრული იდეებისა, ის საკუთარი ინტელექტით, შარმითა და სარკასტული იუმორით ერთ-ერთ გამორჩეულ ანტიგმირად მოგვევლინა. მისის ცალსახად უარყოფითი პერსონაჟია, თუმცა მისი, როგორც ძლიერი ქალისა და საინტერესო პერსონაჟის არ დაფასება წარმოუდგენელია.
სიაში შემდეგ ადგილს კლერ ფრეიზერი იკავებს. პერსონაჟი 1991 წელს დაიანა გაბალდონმა შექმნა, თუმცა მსოფლიოსათვის მისი პერსონაჟი ცნობადი 2014 წელს გახდა რონალდ დ. მურის სერიალით „უცხოელი“. მის როლს ელეგანტური და დახვეწილი კატრინა ბელფი ასრულებს. კლერ ფრეიზერს თავდაპირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგომ ბრიტანეთში, შოტლანდიაში ვხვდებით. მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპებისა, კლერი თავიდანვე ძლიერი ქალის ხატებად წარმოგვიდგება, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მედდად მსახურობდა. მეოცე საუკუნიდან კი, სრულიად შემთხვევით, მისი პერსონაჟი 2 საუკუნით იხევს უკან და ბევრად უფრო რთული ბარიერების მიუხედავად, ბევრად მეტი დისკრიმინაციისა და სექსიზმისა, პოულობს საყვარელ მამაკაცს, რომელიც როგორც თანასწორს ისე აღიქვამს და მიუხედავად გაბატონებული დოგმებისა, მკურნალის სახელსაც იმკვიდრებს. უკან მეოცე საუკუნეში დაბრუნების შემდგომ კი, რა თქმა უნდა, მისი ამბიციაც იზრდება და საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთ-ერთი პირველი ქალი ექიმიც ხდება. ასევე დასაფასებელია მისი პატიოსნება, მიუხედავად ბევრი შანსისა არასდროს უცდია სხვისი მიღწევების საკუთრად გასაღება და ამით ისტორიაში შესვლა.
სამყაროში ბევრნაირი სიძლიერე არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეულად შეიძლება ნებისყოფა ჩაითვალოს, რომელიც კელენ ამნელს არასდროს აკლდა. კელენი ტერი გუდკაინდის 1994 წლის „ჭეშმარიტების მახვილის“ სერიის პერსონაჟია, რომელიც შემდგომში ბრიჯიტ რეგანმა განასახიერა. ბრიჯიტის შესრულება კი აბსოლუტურ თანხვედრაშია წიგნის კელენ ამნელთან. მისი ნებისყოფა მოთოკოს შეუჩერებელი ძალა, კონდარი, არ აჰყვეს ცდუნებას საყვარელ ადამიანთან, არ ისარგებლოს ბოროტად მინიჭებული ძალითა თუ სტატუსით გენიალურია. მისი უდრეკი ხასიათი, მისი მართლმსაჯულების შეუვალობა. მის მიერ უკანასკნელი აღმსარებლის სტატუსის ტარება და მიუხედავად ამისა, საკუთარი რასის ინტერესებზე მაღლა საერთო კეთილდღეობის დაყენება მისი ნებისყოფის უდრეკობაზე მიუთითებს. ტერი გუდკაინდის ნოველაში მრავალგვარად ძლიერ ქალებს შეხვდებით, იქნება ეს მორდსიტი კარა, ჯადოქარი შოტა თუ სხვა, მაგრამ, კელენ ამნელზე მაღლა სხვა რომელიმეს დაყენება წარმოუდგენელიც კია.
რა თქმა უნდა, თითოეული ძლიერი ქალი პერსონაჟის ამ სიაში მოხსენიება შეუძლებელიცაა, ამიტომ მალევე ამ სიას სხვა პერსონაჟებითაც შევავსებთ.