ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ პლასტმასის ნივთებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ერთჯერადი მოხმარებისაა და სწრაფად გარდაიქმნება ნარჩენად. პლასტმასის 90%-ზე მეტი არასდროს გადამუშავდება, რის შედეგადაც ოკეანეებში ყოველწლიურად 8 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასი ხვდება. ოკეანეებზე წარმოქმნილი „ნაგვის კუნძულები“ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოსისტემას და საფრთხეს უქმნის იქ მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პლასტმასი ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. იგი ადამიანის ორგანიზმში საკვების ან სილამაზის პროდუქტების გზით შეიძლება მოხვდეს. ფტალატის მჟავა, რომელსაც პლასტმასი შეიცავს და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია, სილამაზის პროდუქტებშია აღმოჩენილი. აღნიშნული ქიმიკატი კანის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან სასუნთქი გზების საშუალებით შეიძლება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. ფტალატები აზიანებს ენდოკრინულ და რეპროდუქციულ სისტემებს, იწვევს ალერგიას, ორსულობის შეწყვეტას ან უნაყოფობას.
მიუხედავად იმისა, რომ ნათელია, თუ რამდენად უარყოფით გავლენას ახდენს პლასტმასის მოხმარება გარემოსა და ადამიანზე, პლასტმასის წარმოებიდან სრულებით ამოღება მაინც ვერ ხერხდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე სილამაზის ინდუსტრიას ეხება. თუმცა, თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ უკვე გადადგა ნაბიჯი პლასტმასის ამოღებისკენ როგორც პროდუქციის შეფუთვიდან, ასევე ინგრედიენტებიდან.
თუ თქვენც გსურთ, დაემშვიდობოთ პლასტმასს და შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სილამაზის პროდუქტები, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა და რამდენიმე საჭირო რჩევასაც გაგიზიარებთ.
გამოიყენეთ მყარი საპონი თხევადის ნაცვლად
გარდა იმისა, რომ საპნის ფირფიტების გამოყენებით პლასტმასის მოხმარებას ვამცირებთ, მყარი საპონი მოსახმარადაც უფრო მოსახერხებელია. გარდა ტანის ჰიგიენისა, საპნის ფირფიტები დღეს თმის დასაბანადაც გამოიყენება. კომპანიებმა უკვე დაიწყეს მყარი შამპუნებისა და თმის კონდიციონერების წარმოება.
შეიძინეთ მაკიაჟი, რომელიც ფტალატის მჟავას არ შეიცავს
სილამაზის პროდუქტების ეტიკეტებზე წარწერა „phthalate-free“ ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საზიანო ქიმიურ ნაერთებს, ფტალატებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კვლევამ აჩვენა, ფტალატები ყველაზე დიდი რაოდენობით თმის საფიქსაციო სპრეებში, ფრჩხილების ლაქსა და სუნამოებში გვხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ ფტალატების ქიმიურ ნაერთებს სხვადასხვა დასახელებები გააჩნია, არ არის ადვილი მათი ამოცნობა შეფუთვაზე. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის ბაზას, სადაც შეგიძლიათ, მოიძიოთ ყველა იმ თავის მოვლის საშუალების შემადგენლობა, რომელსაც მოიხმართ.
გამოიყენეთ დეოდორანტი პლასტმასის შეფუთვისა და პარფიუმის გარეშე
ჩვეულებრივი დეოდორანტები პლასტმასის შეფუთვით იყიდება და ფტალატებით გაჯერებულ პარფიუმსაც შეიცავს. სილამაზის პროდუქტებში შეგიძლიათ აარჩიოთ დეოდორანტები, რომლებსაც პლასტმასის შეფუთვა არ აქვს. გარდა ამისა, დეოდორანტის დამზადება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. ამისთვის მარტივი ინგრედიენტები, ქოქოსის ზეთი, ნატრიუმის ბიკარბონატი, სახამებელი და ეთერზეთი დაგჭირდებათ.
შეიძინეთ ხისტარიანი სავარცხელი და კბილის ჯაგრისი
პლასტმასის სავარცხლები და ჯაგრისები ადვილად იშლება, ხის პროდუქცია კი მეტი გამძლეობით გამოირჩევა. ამაზონის საძიებო სისტემაში მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ გასაყიდი ბამბუკის სავარცხლები და კბილის ჯაგრისები.
შეიძინეთ მაკიაჟი „ეკომეგობრული“ შეფუთვით
სილამაზის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა პლასტმასის შეფუთვა ჯერ მუყაოთი შეცვალეს, მოგვიანებით კი ეკოლოგიურად უფრო მდგრადი მასალით, ხით ჩაანაცვლეს. დღეს ზოგიერთი ბრენდი ხის შეფუთვით უშვებს სახის კომპაქტურ პუდრებსა და თვალის ჩრდილებს.
არ გამოიყენოთ პლასტმასის საპარსები
იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ პლასტმასის საპარსების გამოყენება, საჭირო არ არის პარსვა დავივიწყოთ. არსებობს ლითონის მასალისგან დამზადებული საპარსები, რომლებიც ერთგვარ ალტერნატივას წარმოადგენს და გაცილებით დიდხანსაც ძლებს, ვიდრე ერთჯერადი პლასტმასის საპარსები. ზოგიერთი კომპანია თუთიის შენადნობისგან დამზადებულ საპარსებსაც აწარმოებს, რომელთაც შესაცვლელი პირებიც მოჰყვება. გარდა იმისა, რომ ამით თქვენ გარემოს გაუფრთხილდებით, თქვენს აბაზანას მოდურობასაც შემატებთ.