ოდესმე გიოცნებიათ, პარასკევიც უქმე დღე ყოფილიყო? ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ორდღიანი ვიქენდი დახარჯული ენერგიის კომპენსირებისთვის საკმარისი არ არის? თუკი პასუხი პოზიტიურია, თქვენ მარტო არ ხართ – ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ასეა. ნელნელა უფრო მეტი ადამიანი გადადის ხუთდღიანი სამუშაო კვირიდან ოთხდღიანზე – დროა, გამოვიკვლიოთ, რატომ მივდივართ ამ გზით და რა პოტენციალი ჩნდება ერთი დამატებითი უქმე დღით.
ხუთდღიანი სამუშაო კვირის ისტორია
არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ჩვეულებრივი სამუშაო კვირის ხანგრძლივობა ექვსი დღე იყო. შედეგად, ხალხს მხოლოდ კვირა დღე ჰქონდა ეკლესიაში წასასვლელად, ახლობლების მოსანახულებლად და დასასვენებლად. პირველად ხუთდღიანი სამუშაო კვირა დაინერგა 1908 წელს, ნიუ ინგლენდის ბამბის სართავ ფაბრიკაში, რომლის თანამშრომლებსაც შაბათობით მუშაობას მათი რელიგია უზღუდავდა.
შემდეგ იყო 1926 წელი და ჰენრი ფორდი, რომელმაც უფრო მეტად „არია“ სტატუს-კვო და მის საწარმოებში ხუთდღიანი სამუშაო კვირის კონცეფცია დანერგა. ამ ნაბიჯით ფორდმა მთლიანად შეცვალა სამუშაო გარემო მთელი ინდუსტრიისთვის და საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ ეპოქას. ფორდმა აღნიშნული გადაწყვეტილება სამი ძირითადი დანიშნულებით მიიღო: პირველი, მას სჯეროდა, რომ უფრო მოკლე სამუშაო კვირა საერთო პროდუქტიულობას გაზრდიდა, ამასთან, მას მიაჩნდა, რომ მეტი თავისუფალი დროის ქონა ადამიანებს მისცემდა უფრო მეტ დროს, შეერჩიათ და ეყიდათ მანქანები.
შემდეგი იყო პრეზიდენტი რუზველტი – ამ დროისთვის ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ დასაქმებულები იმსახურებდნენ ერთზე მეტ დასვენების დღეს. სწორედ ამ მოსაზრების პასუხი იყო ასახული ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ მიღებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებაში (The Fair Labor Standards Act – სამართლიანი შრომითი სტანდარტების აქტი). აღნიშნული კანონი დღემდე ძალაშია.
რა მოხდა მას შემდეგ, რაც ფორდმა ხუთდღიანი სამუშაო კვირა შემოიღო
ხუთდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის გამო ფორდს ბევრი მასხრად იგდებდა. სავარაუდოდ, თავად ფორდიც წუხდა, მისი გეგმის შესაძლო ჩავარდნაზე – ის იგივე ანაზღაურებას სთავაზობდა დასაქმებულებს ბევრად ნაკლებ სამუშაო საათში.
თუმცაღა, დამდგარმა შედეგმა აშშ-ის სამუშაო ძალა და დამსაქმებლები ნამდვილად გააოგნა. ფორდმა შედეგად არა მხოლოდ გაზრდილი პროდუქტიულობა, არამედ უფრო მეტად ლოიალური თანამშრომლებიც მიიღო; კრიტიკოსები კი ნელნელა ფორდისა და მისი იდეის გულშემატკივრებად იქცნენ. ამგვარად იქცა ფორდის წამოწყება საერთო ეროვნულ სტანდარტად, რომელიც დღემდე ძალაშია.
რატომ ვინტერესდებით ოთხდღიანი სამუშაო კვირით
იდეას შესაძლოა ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდეს, მითუფრო დამსაქმებლებში. საერთოდაც, რატომ არ უნდა შევამციროთ სამ ან ორ დღემდე?! სანამ უშედეგო დისკუსიაში გადავიჩეხებით, უმჯობესი იქნება, განვიხილოთ ყველა ძირითადი რაციონალური მიზეზი, რატომ შეიძლება უმჯობესი იყოს ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა.
ხუთდღიანი სამუშაო კვირა მოძველებული მიდგომაა
ხუთდღიანი სამუშაო კვირა საუკუნის წინანდელი პრობლემის გადაწყვეტაა – საწარმოებში პროდუქტიულობის გაზრდა და მოხმარების წახალისება. ამ ისტორიიდან უკვე ვისწავლეთ, რომ ნაკლები სამუშაო საათი შედეგად გაზრდილ პროდუქტიულობას გვაძლევს.
დღეს 1900-იანი წლებისგან რადიკალურად განსხვავებული სამუშაო გარემო გვაქვს. იზრდება ონლაინ-დასაქმებულთა რაოდენობა, იცვლება ასევე შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი. მიმდინარე გლობალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა ახლა ყველაზე უპრიანი გადაწყვეტილება იქნება. თან, ამგვარი პრაქტიკა უკვე გვაქვს – ბევრი კომპანია ნელნელა ამცირებს სამუშაო საათების მოცულობას.
პირველადი მონაცემები დამაიმედებელია
Microsoft-ის იაპონიის ოფისმა ახლახან დაასრულა ოთხდღიანი სამუშაო კვირის გამოცდა და შთამბეჭდავი შედეგებიც გამოაქვეყნა: 40 პროცენტით გაზრდილი პროდუქტიულობა და 23 პროცენტით შემცირებული ელექტროენერგიის ხარჯი. მოკლედ რომ ვთქვათ, დასაქმებულებმა სამუშაო საათები უფრო სერიოზულად აღიქვეს, დავალებები იმაზე სწრაფად შეასრულეს, ვიდრე დაგეგმილი იყო და ამასთან, კომპანიას დაეხმარნენ ზოგიერთი დანახარჯის დაზოგვაში.
გარდა მაიკროსოფტის იაპონიის ოფისისა, ოთხდღიანი სამუშაო კვირის ეფექტიანობას ეროვნული მასშტაბის სამწლიანი კვლევით შეისწავლის ესპანეთი. კვლევის განმავლობაში დასაქმებულების მაქსიმალური საათობრივი დატვირთვა კვირაში 32 საათი იქნება, ამასთან, არ შეიცვლება მათი შრომის ანაზღაურება. პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ესპანეთის მთავრობა $60 მილიონს გაიღებს.
იზრდება დასაქმებულთა ბედნიერება და ლოიალურობა
მსოფლიოში ვერ იპოვით დასაქმებულს, რომელსაც არ სურს ისეთი სამსახურის ქონა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს და იმგვარი უფროსის ყოლა, რომელიც მათ პატივისცემას დაიმსახურებს. ბევრი არგუმენტი არ სჭირდება იმის მტკიცებას, რომ მეტი თავისუფალი დროის ქონა გააუმჯობესებს დასაქმებულების საერთო ბედნიერებას და ლოიალობას დამსაქმებლისადმი; სულ რომ არაფერი ვთქვათ თანამშრომლებში პროდუქტიულობის ზრდაზე. ამგვარი ცვლილება ყველასთვის ხელსაყრელი იქნება.
როდისთვის უნდა ველოდეთ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას
სიმართლე რომ ვთქვათ, ოთხდღიანი სამუშაო კვირა არც ისე შორეული პერსპექტივაა. ამგვარი ნაბიჯის გადადგმას მრავალი სარგებელი მოაქვს. მოსალოდნელია, რომ სტანდარტული ოთხდღიანი სამუშაო კვირა აშშ-ში მიმდინარე წელს არ დაინერგოს, თუმცაღა, უფრო დიდი „სიგიჟეებიც“ მომხდარა. მასშტაბური ცვლილებების ტალღის წამოწყებას რამდენიმე მსხვილი კორპორაცია სჭირდება, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს გამჭვირვალედ წარმართავს და ამასთან, შედეგებსაც გაგვიზიარებს. შედეგად, ცვლილება ბევრად სწრაფად შეიძლება დაინერგოს.